ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ირმა მაკარაძე 

ორი ქართველოლოგიური სექცია მედიევისტთა მსოფლიო კონგრესზე

 

2015 წლის 5-9 ივლისს ლიდსში, დიდ ბრიტანეთში ჩატარდა მედიევისტთა მსოფლიო კონგრესი. ლიდსის საერთაშორისო კონგრესები მედიევისტიკაში ტრადიციულად ყველაზე მასშტაბურია ევროპაში. მიმდინარე წელს ამ კონგრესზე თავი მოიყარა მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლო თუ კვლევითი დაწესებულებიდან შუა საუკუნეების კულტურის დაახლოებით 2500-მდე მკვლევარმა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მსოფლიო კონგრესზე იმუშავა საკუთრივ ქართველოლოგიურმა ორმა სექციამ. ქართველოლოგიური სექციების მუშაობას უცხოელი კოლეგების ინიციატივით ორგანიზება გაუკეთა პროფესორმა ელგუჯა ხინთიბიძემ. კონგრესზე სექციის დაშვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა მდგომარეობდა იმაში, რომ სექციის მონაწილეები უნდა ყოფილიყვნენ სხვადასხვა სასწავლო თუ კვლევითი დაწესებულებებიდან, სასურველი იყო სხვადასხვა ქვეყნიდანაც. სწორედ ამიტომ სექციების ორგანიზატორმა კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა ცნობილ ქართველოლოგებს საქართველოს და უცხოეთის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებიდან.

ქართველოლოგიური სესიების მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ უცხოელი ქართველოლოგები. სექციის შუა საუკუნეების ქართული კულტურა მოდერატორი და ხელმძღვანელი იყო პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძე. მოხსენებები წაიკითხეს ინგლისიდან პროფესორმა დონალდ რეიფილდმა - რელიგიური ტოლერანტობა და არატოლერანტობა შუა საუკუნეების ქართულ ლიტერატურაში, იტალიიდან პროფესორმა გაგა შურღაიამ - ვახტანგ I გორგასლის (440-502) საეკლესიო რეფორმა, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტიდან დოქტორანტმა ირმა მაკარაძემ - აღმოსავლური სიუჟეტის განახლება XVII საუკუნის ინგლისურ დრამატურგიაში - „ვეფხისტყაოსნის“ კვალი XVII საუკუნის ინგლისში.

ცნობილმა ქართველოლოგმა დონალდ რეიფილდმა (Department of Russian, Queen Mary University, London) განიხილა რელიგიური ტოლერანტობა რუსთაველის ვეფხისტყაოსნის, ვისრამიანის ქართული ვერსიის, ბაგრატ მუხრანბატონის მოთხრობაჲ სჯულთა უღმერთოთა ისმაილიტთაჲს, რუის-ურბნისის სინოდის ტექსტის და სამთავისის ეპისკოპოსის კანონების ტექსტებში არსებული ფაქტების მოშველიებით;

ვენეციის უნივერსიტეტის პროფესორმა, გაგა შურღაიამ (Dipartimento di Studi sull’ Asia e sull’ Africa Mediterranea, Ca’ Foscari University of Venice) წარმოადგინა მოხსენება ვახტანგ გორგასლის რეფორმაზე, მისი განხორციელების თარიღებზე და მის მნიშვნელობაზე ქართლის ეკლესიის რეორგანიზაციის პროცესში;

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა ირმა მაკარაძემ ისაუბრა შექსპირის ციმბელინის ქართულ წყაროზე, რომლის მიღწევა XVII საუკუნის ინგლისის დრამატურგიულ წრეებამდე, სარწმუნო ვარაუდით, უკავშირდება ცნობილ ინგლისელ დიპლომატს - ანტონი შერლის და მის ვიზიტს სპარსეთის შაჰის კარზე.

სექციას შოთა რუსთაველი - XII საუკუნის ქართველი პოეტი და მოაზროვნე თავმჯდომარეობდა პროფესორი დონალდ რეიფილდი. მოხსენებები წაიკითხეს: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ელგუჯა ხინთიბიძემ - სიყვარულის კონცეფციის განახლება და გადააზრება შუა საუკუნეებიდან რენესანსისკენ; ამერიკელმა ქართველოლოგმა ბერტ ბეინენმა (Osher Lifelong Learning Institute, Temple University, Philadelphia) – შოთა რუსთაველის მეგობრობის ფილოსოფია: არისტოტელური თუ ქართული?; იტალიელმა პროფესორმა ლუიჯი მაგაროტომ (Dipartimento di Studi Linguistici e Culturali Comparati, Ca’ Foscari University of Venice) – „ვეფხი-ს“ მნიშვნელობა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“.

პროფესორმა ელგუჯა ხინთიბიძემ ისაუბრა ვეფხისტყაოსნის სიყვარულის ახალ ფილოსოფიურ კონცეფციაზე - ადამიანური სიყვარულის ღვთაებრივ გადააზრებაზე, რომელიც შენიშნულია გვიანი შუა საუკუნეების ევროპულ ლიტერატურაში და რომლის უფრო ადრინდელი და თავისებური გააზრება და მხატვრული ასახვა ჩანს ვეფხისტყაოსანში.
პროფესორმა ლუიჯი მაგაროტომ ისაუბრა ვეფხისტყაოსნის ებრაული და სპარსული თარგმანების საფუძველზე რუსთველის „ვეფხზე“, რომელიც უნდა ითარგმნოს, როგორც ლეოპარდი ან პანტერა და არა ვეფხვი.

ბერტ ბეინენმა ისაუბრა ვეფხისტყაოსნისეულ მეგობრობის კონცეფციაზე; ამ კონცეფციის ქართულ ხალხურ ძირებზე და მის ინტერპრეტაციაზე ნეოპლატონური და არისტოტელური ფილოსოფიის პოზიციიდან.

სესიებს ესწრებოდნენ მედიევისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან: ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, იტალია და ა.შ. მოხსენებების წარდგენის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. უცხოელი კოლეგები დაინტერესდნენ ქართველოლოგიური მეცნიერებისთვის პრობლემური სხვადასხვა საკითხით: რა გზით მივიდა ვეფხისტყაოსნის სიუჟეტი ინგლისის დრამატურგიულ წრეებამდე? რა არის საფუძველი ვეფხისტყაოსნისეული მეგობრობის კონცეფციის? კითხვები დაისვა ასევე, რელიგიური ტოლერანტობის შესახებ საქართველოში და ა.შ.

ქართველოლოგიური სესიების მუშაობა დიდი წარმატებით წარიმართა - უცხოელმა და ქართველმა ქართველოლოგებმა შეთანხმებულად შეაჯამეს ქართველოლოგიური მეცნიერებებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა საკითხი.

გარდა ქართველოლოგიური სექციებისა, კონგრესზე მოხსენებებით წარდგნენ მედიევისტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. კერძოდ, თსუ-ს პროფესორმა მარიამ ჩხარტიშვილმა წაიკითხა მოხსენება დავით აღმაშენებელი შუა საუკუნეების და თანამედროვე ნარატივში. ქართველოლოგიური სკოლის ცენტრის (თსუ) თანამშრომელმა, დოქტორანტმა სოფიო გულიაშვილმა ისაუბრა თემაზე: შუა საუკუნეების აგიოგრაფიის გადააზრება თანამედროვე ევროპისთვის.

ამგვარი გამოცდილების გაზიარება, უახლესი ქართველოლოგიური კვლევების გაცნობა, ინფორმაციის გაცვლა ძალზედ მნიშვნელოვანია ქართველოლოგიური მეცნიერებებისა და ქართული კულტურის პოპულარიზების საქმეში.