ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





თამთა გრიგოლია 

წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის კავკასიოლოგთა მე-12 საერთაშორისო კონფერენცია

 

2014 წლის 4-6 დეკემბერს ვარშავის უნივერსიტეტში ჩატარდა წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის მე-12 საერთაშორისო კავაკსიოლოგთა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა დიდი ქართველი პოეტის - შოთა რუსთაველის შემოქმედების 825 წლისთავს. ამ ტიპის საერთაშორისო კონფერენცია ვარშავაში ორ წელიწადში ერთხელ იმართება ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით. კონფერენციის მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის, რელიგიურ-ფილოსოფიური ფასეულობების, მსოფლიო ცივილიზაციის განვითარების პროცესში ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზება. კონფერენცია საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების პატრონაჟით წელს პირველად გაიმართა. კავკასიური სესია საქართველოს პრეზიდენტის მისალმებით გაიხსნა.

კონფერენციაზე საქართველოსა და პოლონეთში მეცნიერების დარგში შეტანილი წვლილისათვის გრიგოლ ფერაძის სახელობის ჯილდოები მიენიჭათ: "ვეფხისტყაოსნის" პოლონურ ენაზე თარგმნისთვის პოლონელ მთარგმნელს იან ბრაუნს, პოლონელ მეცნიერს ვოიჩეხ მატერსკის, არქიმანდრიტ ადამ ახალაძეს (საქართველოს საპატრიარქო). საერთაშორისო კონფერენციას პოლონელი და ქართველი მეცნიერები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, პოლიტიკოსები და პოლონეთში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ. კონფერენციის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა და დამსწრე საზოგადოებამ პატივი მიაგო მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკო უნივერსიტეტის ეზოში მდებარე მემორიალური დაფა, რომელზეც გრიგოლ ფერაძის გვარიცაა მოხსენიებული.

სიმპოზიუმის თემატიკა შემდეგნაირად იყო დაკომპლექტებული:
• შოთა რუსთაველი - პოეტი და ჰუმანისტი;
• რუსთაველი და მისი ეპოქა - ქართული კულტურის რენესანსის ხანა XII-XIII საუკუნეები;
• შუა საუკუნეების ქართული რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო კერები საზღვარგარეთ;
• შოთა რუსთაველის რელიგია;
• შოთა რუსთაველის ადგილი ევროპულსა და მსოფლიო ლიტერატურაში: თარგმანები, კრიტიკა.

მომხსენებელს საკონფერენციო მასალა შეეძლო წაეკითხა პოლონურ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საინტერესო მასალა სხვადასხა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორთა და მეცნიერთა მიერ. კერძოდ, ფრანგი ქართველოლოგის, ბერნარდ უტიეს მოხსენება: „რას გვასწავლის რუსთაველის დროინდელი ქართული ფრაგმენტები?“ თსუ-ს პროფ. ელგუჯა ხინთიბიძისა და ამავე უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარის თამთა გრიგოლიას ერთობლივი ნამუშევარი „რუსთველოლოგიის დიდი სიახლე - ვეფხისტყაოსანი მე-17 საუკუნის ინგლისის დრამატურგიის სიუჟეტური წყარო“, ირინე ჩაჩანიძე (აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) „ენობრივი წესრიგი რუსთაველის ეპოქაში: ქართული ლიტერატურული ენის რეფორმა“, ეკა ვარდოშვილი (თსუ) „სააზიო საზოგადოება“ პარიზში და შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი, ნინო დობორჯგინიძე, ირინა ლობჟანიძე (ილიას უნივერსიტეტი) - ვეფხისტყაოსნის კორპუსი“ და ა.შ. ყოველი მოხსენების ბოლოს იმართებოდა მოკლე დისკუსია.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის პარალელურად საგამოფენო დარბაზში გამოფენილი იყო "ვეფხისტყაოსნის" უძველესი ხელნაწერები, რედაქციები და ილუსტრაციები.

საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგენილი მასალები დაიბეჭდა ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ჟურნალ „პრო გეორგიკას“ №25-ში.