ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ქრისტინე შავლაყაძე ქიოსური ამფორები კოლხეთში
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ანტიკური ხანის ნაქალაქარებსა და სამაროვნებზე მოპოვებულ კერამიკულ ნაკეთობათა დიდ ჯგუფს ამფორები შეადგენს. მათი შესწავლა მნიშვნელოვანია ანტიკურ ეპოქაში აქ არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსივობის დადგენისათვის. ამ მიმართულებით კვლევა ანუ ანალიზი ამფორებისა, როგორც სავაჭრო ურთიერთობების შესწავლის ერთ-ერთი საშუალება თანამედროვე არქეოლოგიის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. შავი ზღვის ბერძნული კოლონიზაციის მესამე ეტაპზე (ძვ. წ. VI ს-ის შუა ხანები) იონიელმა ბერძნებმა (მილეტელები) დაიწყეს დასახლება მის აღმოსავლეთ სანაპიროზე - კოლხეთში [18, გვ. 68; 25; 35, გვ. 119-126; 30; 41, გვ. 223-258]. ბერძნული ახალშენების გაჩენასთან ერთად დაიწყო პროდუქტების მიმოქცევა ამფორებით; ისინი შემოდიოდა ქიოსიდან, ლესბოსიდან, სამოსიდან, თასოსიდან, კლაზომენედან და სხვა ცენტრებიდან, რომელთა შორის ბევრი ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული. ამფორებით შემოტანილ პროდუქტებს შორის წამყვანი იყო: ღვინო, ზეითუნის ზეთი, ხის წებო და ლეღვი [18, გვ. 68; 25; 30; 34, გვ. 86-102]. ღვინო კოლხეთშიც იწარმოებოდა; ყავისფერკეციანი ამფორების წარმოშობის ადგილად სწორედ კოლხეთია მიჩნეული და იგი გავრცელებული იყო რეგიონის გარეთაც. ყავისფერკეციანი ამფორების ყურები ორსტრიქონიანი ბერძნული წარწერით: ΔΙΟΣ[ΚΟΥ საკმაოდ ნათლად მიანიშნებს ღვინის გადატანაზე ანტიკური სოხუმიდან (დიოსკურია) სხვადასხვა მიმართულებით ყირიმსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე [1, გვ. 72-74; 24, გვ. 95-96; 35, გვ. 119-126]. ქიოსური ამფორები შავიზღვისპირეთში ბერძნული იმპორტული ამფორების უდიდეს ჯგუფს წარმოადგენს; მათი შემოტანა კოლხეთში ძვ.წ. VII-VI საუკუნეების მიჯნაზე იწყება და ძვ.წ. VI-IV საუკუნეებში მაქსიმუმს აღწევს [17, გვ. 69; 18, გვ. 68]; ქიოსის შემდეგ მოდის ლესბოსური, თასოსური და სხვა ცენტრების ამფორები [42, გვ. 111-135]. დღეისათვის ქიოსური იმპორტი კოლხეთში მრავალ ძეგლზეა დაფიქსირებული. განვიხილოთ თითოეული მათგანი: ბათუმის ციხე. ბათუმის ციხე მდებარეობს ქალაქ ბათუმის გარეუბანში, მდ. ყოროლისწყლის მარცხენა ნაპირზე (ტაბ. I). ქიოსური ამფორები (10-მდე ნატეხის სახით) აღმოჩენილია ძეგლის უძველეს ძვ. წ. VII-VI სს-ის მიჯნით დათარიღებულ ფენაში. მათი ზედაპირი დაფარულია სქლად წასმული თეთრი საღებავით და მოხატულია შავი ლაკის ფართო ზოლებით. ერთ-ერთი ამფორის ყურზე წრეში ჩასმული წერტილია გამოსახული. ისინი განეკუთვნებიან უძველეს ბერძნულ იმპორტს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთოდ, ამიერკავკასიაში [12, გვ. 82]. ქობულეთ-ფიჭვნარში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების შედეგად, რომელიც მრავალი ათეული წლის მანძილზე გრძელდებოდა შესწავლილ იქნა სხვადასხვა ნამოსახლარი თუ სამარხეული კომპლექსები, საიდანაც საერთო ჯამში 100-მდე ქიოსური ამფორა გამოვლინდა: 4 - ფიჭვნარის ძვ. წ. V ს-ის კოლხური სამაროვნიდან (315 სამარხიდან); 35 - ძვ.წ. V ს-ის ბერძნული ნეკროპოლიდან (250 სამარხიდან); 2 - ძვ.წ. IV ს-ის ბერძნული ნეკროპოლიდან (136 სამარხიდან), 30 - ძვ.წ. V ს-ის კოლხური ნამოსახლარიდან; ელინისტური ხანის სამაროვანისა და თვითონ ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე ქიოსური ამფორების 25 ნიმუში აღმოჩნდა, რომლებიც ასევე ძვ.წ. V ს-ით თარიღდება და დამატებით კიდევ 6 ამფორა ძვ.წ. IV ს-ეს განეკუთვნება) [8, გვ. 42-64; 39, გვ. 135, იხ. სქოლიო #1]. ძვ. წ. V ს-ის მეორე მეოთხედისთვის ფიჭვნარში თანაარსებობს ქიოსური ამფორების სამი სახეობა, რომლებიც წარმოდგენილია როგორც დიდი ზომის (21 ლ. ტევადობის), ასევე მცირე ზომის (10 ლ. ტევადობის) ამფორებით [13, გვ. 62; 9, გვ. 34-38; გვ. 65-68]. დამღიანი გრაფიტოიანი თუ სხვადასხვა ნიშნიანი ქიოსური ამფორები ფიჭვნარში მხოლოდ ექვს შემთხვევაში დასტურდება: ძვ. წ. V საუკუნის ნეკროპოლის #1 სამარხში აღმოჩენილი სხვადასხვა ტევადობის ამფორების ყელზე ამოკაწრულია ერთიანი გრაფიტო, რომელიც პარალელების მიხედვით წაკითხულია, როგორც "ჰერაკლეს" ან "ჰერაკლის"; ერთ-ერთი ამფორის ყურის ქვედა ბოლოზე დასმულია დამღა, ხოლო #39 სამარხის ამფორის მხარზე გამოსახულ ორი ასოსაგან შემდგარ ლიგატურაში იკითხება სიტყვა ἔλαιον (ზეითუნის ზეთი) [22, გვ. 34-35]. მომდევნოა ციხისძირი. მდებარეობს საკურორტო ქალაქ ქობულეთიდან სამხრეთით 9 კმ-ის დაშორებით. ციხისძირი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლია. ძეგლზე სხვადასხვა ეპოქის 315 სამარხია გამოვლენილი. ამფორები აქ ხშირად დასაკრძალავადაა გამოყენებული, დანარჩენ შემთხვევებში კი სამარხეული ინვენტარის სახითაა წარმოდგენილი. აქ აღმოჩენილი ქიოსური ამფორები ყელგამობერილი ტიპის განვითარებულ ვარიანტს მიეკუთვნება. ადრეკლასიკური და ელინისტური ხანის 29 ამფორიდან: 15 - ქიოსურია (ძვ.წ. V ს-ის მეორე მეოთხედი); 2 - მენდეს (ძვ.წ. V ს-ის პირველი ნახევარი); 5 - ჩრდილო ეგეოსური, საიდანაც 1 - სავარაუდოდ სამოსურია (ძვ.წ. V ს-ის მეორე მეოთხედი); 7 - პროტოთასოსური და თასოსური (ძვ.წ. V ს.) [22, გვ. 30-34; 5, გვ. 25-30; 6, გვ. 81; გვ. 93-97; 9, გვ. 50-61; 36, გვ. 151-153]. მომდევნო ძეგლი, სადაც ქიოსური ამფორები ასევე დადასტურდა არის ჯვრის მთა. იგი მდებარეობს აჭარაში; მდ. ყოროლისწყლის ხეობაში. ძეგლზე წარმოებული გათხრების შედეგად გამოვლინდა 1 ქიოსური ამფორა, რომელიც ძვ.წ. V ს-ით თარიღდება [21, გვ. 26-31]. სიმაგრე. სიმაგრის ნამოსახლარი მდებარეობს ფოთის აღმოსავლეთით 12-იოდე კმ-ზე, სოფელ საქორქიოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში. ნამოსახლარზე აღმოჩენილია არქაული ხანის აღმოსავლურ-ბერძნული ამფორების ძირითადი სახეობანი. ამფორებიდან მხოლოდ ზოგიერთის რაოდენობაა ცნობილი: 8 - ქიოსურია (ძვ. წ. VI ს-ის II ნახევარი) 1 - ლესბოსური (ნაცრისფერკეციანი), 1 - ლესბოსის წრის, 3 - სამოსური და აგრეთვე უცნობი რაოდენობით კლაზომენური, და პროტოთასოსური ტიპები. ყველა ამფორა ძვ.წ. VI ს-ის ბოლო - V ს-ის დასაწყისით თარიღდება [17, გვ. 202; 19, გვ. 43-48; გვ. 63-65; 3, გვ. 9]. ელინისტური ხანის ფენები რიონის ქვემო წელზე რამდენიმე ადგილზეა მიკვლეული. ამათგან განსაკუთებით საინტერესოა სიმაგრის ნამოსახლარის სამხრეთით, დაახლოებით 1 კმ-ის მანძილზე გავლებული #16 თხრილი, რომლიდანაც სინოპური ამფორის 1 ძირი და 2 ყური გამოვლინდა [19, გვ. 76-77]. რიონისპირა ნამოსახლარები. რიონის მარცხენა ტერასაზე გაითხარა ერთფენიანი ნამოსახლარები, საიდანაც ბერძნული, იმპორტული ამფორებიც აღმოჩნდა, მათ შორის 3 - ჭიქისებურძირიანია; ამფორების პირებისა და ძირების ფრაგმენტები ფორმისა და კეცის შედგენილობის მიხედვით თასოსურ და თასოსის წრის ამფორებს მოგვაგონებს და ძვ.წ. V ს-ით თარიღდება. სოფელ ქვემო ჭალადიდში ე.წ. თხინას ტყეში ჯერ კიდევ 1963 წელს მიკვლეულ იქნა ნამოსახლარის კვალი, სადაც სინოპური ამფორის ძირი აღმოჩნდა [19, გვ. 63-65; გვ. 73-74]. ქიოსური იმპორტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად უთუოდ უნდა მივიჩნიოთ ვანი. იგი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდ. სულორის ნაპირას (ტაბ. I). ბერძნული იმპორტი ვანსა და მის მიდამოებში (მთისძირი, დაბლაგომი, დაფნარი, ციხესულორი, საყანჩია) ანტიკური სამყაროს კოლხეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შედეგია. იმპორტული საგნების გავრცელება ვანში ერთის მხრივ, წარმოდგენას გვიქმნის ბერძენთა სავაჭრო აქტივობის შესახებ ძველი კოლხეთის ერთ გარკვეულ რეგიონთან, ხოლო, მეორეს მხრივ, დიდი მნიშვნელობისაა თვითონ ვანის ქვეყნის ისტორიისთვის. საერთო ჯამში ვანის ნაქალაქარზე გამოვლინდა ამფორების ფრაგმენტები, რომლებიც სულ მცირე 130 ამფორას ეკუთვნის, მათგან: 29 (22,30%) - ქიოსურია (1 - ძვ.წ. VI ს-ის ბოლო - ძვ.წ. V ს-ის დასაწყისი; 2 - ძვ.წ. V ს; 10 - ძვ.წ. IV ს; 16 - ძვ.წ. III-II სს); 29 (22,30%) - როდოსული (ძვ.წ. III-II სს.); 28 (21,53%) - სინოპური (3 – ძვ.წ. IV-III სს; 25 - ძვ.წ. II ს-ის პირველი ნახევარი); 9 (6,92%) - თასოსის წრის (ძვ.წ. V-IV სს.); 8 (6,15%) - კნიდის (ძვ.წ. III-II სს.); 5 (3,84%) - თასოსური (4 - ძვ.წ. IV ს; 1 - ძვ.წ. IV-III სს.); 4 (3,07%) - კოსის (ძვ.წ. III-II სს.); 4 (3,07%) - ჰერაკლეას (ძვ.წ. IV-III სს.); 3 (2,30%) - სოლოხა I ტიპის (ძვ.წ. IV ს.); 3 (2,30%) - მენდეს (ძვ.წ. V-IV სს.); 2 (1,53%) - ქერსონესის (ძვ.წ. IV ს-ის ბოლო - III ს-ის დასაწყისი); 1 (0,76%) - ატიკური (ძვ.წ. IV ს.); 1 (0,76%) - ლესბოსური (ძვ.წ. VI ს-ის ბოლო) და 4 (3,07%) - ამფორის წარმომავლობა დაუდგენელია. ვანის ნაქალაქარის არქეოლოგიური მასალა გვიჩვენებს ქიოსური კერამიკული ტარის სისტემატურ იმპორტს ძვ.წ. VI-II სს-ში [4, გვ. 5-10; გვ. 16-18; 38, გვ. 252-253; გვ. 295-296]. ამრიგად, ვანის ნაქალაქარსა და მის ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი ბერძნული იმპორტი საკმაოდ მრავალფეროვანია და გვაძლევს საინტერესო მასალას ბერძნული სამყაროს კოლხეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ისტორიისთვის. ამ ურთიერთობის პირველ ეტაპზე (ძვ.წ. VI ს-ის მეორე ნახევარი, უფრო კი მისი უკანასკნელი მეოთხედი და ძვ.წ. V ს-ის დასაწყისი) აშკარაა აღმოსავლეთ ბერძნული სავაჭრო სახელოსნოების აქტიური როლი, თუმც უკვე ძვ.წ. VI ს-ის უკანასკნელ მეოთხედში კოლხეთში გზას იკვლევს ატიკური იმპორტიც. ბერძნული იმპორტის შესწავლა გვიჩვენებს, რომ უკვე ძვ.წ. VI-V სს-დან იგი ვრცელდება ვანის ძველი ქალაქის ირგვლივ მდებარე სასოფლო ტერიტორიაზე, რაც იმას მოწმობს, რომ ვანი, რომელიც ამ დროს კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ოლქის პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა მსხვილი სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრისა და პროდუქციის გამანაწილებლის ფუნქციასაც ასრულებდა [4, გვ. 113-116; გვ. 126-132; გვ. 136-140; 27, გვ. 49; 16, გვ. 52]. ყულევი. სოფელი ყულევი მდებარეობს, მდ. ხობის შესართავთან; ქალაქ ხობიდან 18 კმ-ის დაშორებით. 1999-2005 წლებში წარმოებული საველე სამუშაოების დროს აღმოჩენილი იქნა სამი, ერთმანეთთან ახლოს მდებარე ნამოსახლარი, სადაც დაფიქსირდა ბერძნული, იმპორტული ამფორები, რომელთა თარიღი ძვ.წ. VI ს-ის ბოლოდან ძვ.წ. III ს-მდე განსაზღვრულ მონაკვეთში ექცევა. საერთო ჯამში გამოვლინდა 50-მდე ამფორის ფრაგმენტები; თითქმის ყველა ამფორა ცეცხლში მოხვედრის კვალს ატარებს; უადრესი ნიმუშები მომდინარეობს ლესბოსიდან და ძვ.წ. VI-V სს-ით თარიღდება; აქვეა ქიოსური (ყელგამობერილი ტიპის), თასოსური და თასოსის წრის ამფორები; ყველაზე მრავალრიცხოვანია სინოპური ამფორები (მათ შორის ორს დამღა ჰქონდა); გარდა აღნიშნული ცენტრებისა აქვეა ამფორების ფრაგმენტები, რომელთა წარმომავლობის დადგენა ვერ მოხერხდა. ორი ამფორის ფსკერზე დადასტურდა მცენარეული ფისი; პ. დიუპონისა და დ. კაჭარავას მოსაზრებით ეს ამფორები ღვინისთვის იყო განკუთვნილი [20, გვ. 47-49; 40, გვ. 133-134]. საგვიჩიო. საგვიჩიოს ნამოსახლარი ბორცვი მდებარეობს სენაკის რაიონში, რიონ-ფიჩორის ორმდინარეთის დაჭაობებულ, ხშირი ტყით შემოსილ ნაკრძალში. ძეგლის ცენტრალურ ბორცვზე, რომელიც "ზურგანიშის“ სახელწოდებითაა ცნობილი, ზედაპირიდან 3 მ. სიღრმეზე აღმოჩნდა აღმოსავლეთ ბერძნული ცენტრების ე.წ. "იონიური ჯგუფის“ ამფორების ნატეხები, რომლებიც სავარაუდოდ ქიოსურია. ისინი ძვ.წ. VI ს-ის პირველი ნახევრით თარიღდება. "ზურგანიშიდან“ სამხრეთით, 500 მ-ის დაშორებით მდ. ფიჩორის მარჯვენა ნაპირზე გავლებული თხრილიდან მოპოვებულ მასალაში სინოპური ამფორების პირ-ყურისა და ქუსლის ნატეხები ჭარბობს. ერთ-ერთი მათგანის ყურზე მოცემული დამღა ძვ.წ. 350-270 წწ-ით თარიღდება. ასევე გვხვდება ე.წ. "სასმისებური“ ძირები. მათი ფორმა ატიკური ამფორების ზემოქმედებით უნდა იყოს გაჩენილი; კიდევ ერთი ანალოგიური ქუსლი აღმოჩნდა მდინარის პირზე გაჭრილ პირველ თხრილში. ამათ გარდა გვხვდება ძვ.წ. VI-V სს-ით დათარიღებული ლესბოსური ამფორის პირ-ყურის ნატეხი; თასოსური ამფორების ქუსლები, ქიოსური ამფორების ქუსლები და პირ-ყელის ნატეხები. ბერძნული პუნქტებიდან მომდინარე ტარის აღმოჩენა მიუთითებს, რომ ფიჩორისპირა ნამოსახლარის სახით საქმე უნდა გვქონდეს ანტიკური ხანის ეკონომიკურად ძალზე დაწინაურებულ პუნქტთან [2, გვ. 75-79]. გიენოსის ნაქალაქარზე წარმოებული სამუშაოების შედეგად მრავალრიცხოვანი იმპორტული ამფორები გამოვლინდა, რომელთა უმეტესობა ნაქალაქარის III და IV კულტურული ფენებიდან მომდინარეობს: III ფენიდან გამოვლინდა 5 ამფორის ფრაგმენტები, რომელთაგან 1 ქიოსურია (ძვ. წ. V-IV სს.), ხოლო 4 მათგანის წარმომავლობა დაუდგენელია; IV ფენიდან კი 13 ამფორის ფრაგმენტები გამოვლინდა, მათგან 7 ქიოსურია (ძვ. წ. VI ს-ის პირველი ნახევარი); 2 - სამოსური (ძვ.წ.VI ს-ის მეორე ნახევარი - V ს.); 1 - თასოსის წრის (ძვ. წ.VI ს-ის ბოლო - V ს-ის პირველი მეოთხედი) და 3 უცნობი ცენტრის პროდუქციას ეკუთვნის. აქ წარმოდგენილი ყელგამობერილი ქიოსური ამფორების პირის კიდეები ყავისფერი საღებავითაა დაფარული. კეცი ღია მოყავისფრო-მონაცრისფრო, შეიცავს დიდი რაოდენობით ქვიშისა და ქარსის მინარევებს [32, გვ. 16-30]. სოხუმი. სოხუმი მდებარეობს აფხაზეთის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის სანაპიროზე (ტაბ. I). ანტიკური ხანის ქალაქი დიოსკურია დაარსებული იქნა მილეტელების მიერ ძვ.წ. VI ს-ის პირველ ნახევარში დღევანდელი სოხუმის ყურის სანაპიროსთან; ძვ.წ. VI-V სს-ში ანტიკურ სამყაროსთან დიოსკურიის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებზე მოწმობს აქ აღმოჩენილი იმპორტული კერამიკული მასალა [24, გვ. 95-96]. ქალაქ სოხუმში სხვადასხვა თხრილების გაჭრისას დადასტურდა ძვ.წ. V-III სს-ით დათარიღებული ამფორების ასეულობით ფრაგმენტი; აქვეა ამფორები, რომლებიც ძვ.წ. III-I სს-ს განეკუთვნება [24, გვ. 23-27; გვ. 188]. საინტერესო მასალები აღმოჩნდა სოხუმის ციხის გათხრებისას, განსაკუთრებით მის დასავლეთ ნაწილში. იმპორტულ ამფორებში გამოიცნობა ქიოსური (ძვ.წ. VI ს-ის ბოლო - V ს-ის დასაწყისი; ძვ.წ. IV-II სს.); თასოსური (ძვ.წ. IV-II სს.); სინოპური (ძვ.წ. IV-II სს.) და კოსის (ძვ.წ. II-I სს.) ამფორები [24, გვ. 200; გვ. 208; გვ. 229]. ძვ.წ. IV ს-ის მეორე ნახევარი - III ს. დიოსკურიის აღმავლობის ხანაა. ამ პერიოდით დათარიღებული სინოპური, თასოსური, როდოსული, ჰერაკლეას და კოსის ამფორების ფრაგმენტები აღმოჩენილია ახულ-აბაას, გუად-იხუს, ახალი ათონის, აგუძერას, მაჭარა-2-ის და სოხუმის მთის ნამოსახლარებზე [24, გვ. 212-213; გვ. 218-219; 23, გვ. 76-78]. ძვ. წ. III-II სს-ით დათარიღებული სინოპური და როდოსული ამფორები გამოვლინდა წითელ შუქურაზე, კაპიტანოვკაზე, ლეჩკოპსკის პლატოზე, გულრიფშში, წიბილიუმსა და ფაცხირში [24, გვ. 206; გვ. 215; გვ. 220-222]. მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემია დიოსკურიის სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიის - ხორას შესწავლა. ეშერას ნაქალაქარი მდებარეობს ვერეშაგინას ბორცვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სოხუმიდან 10 კმ-ის დაშორებით (ტაბ. I). ნაქალაქარზე გამოვლინდა ძვ.წ. VI-I სს-ების კულტურული ფენები. აღმოჩენილი მასალის მიხედვით ცხადია, რომ დასახლება აქ ძვ.წ. VI ს-ის შუა ხანებში გაჩნდა; ძვ.წ. V ს. - IV ს-ის პირველ ნახევარში დასახლება ეშერაზე საგრძნობლად გაიზარდა. აღმოჩენებს შორის საკმაოდაა ქიოსური (ძვ. წ. V ს-ით დათარიღებული ამფორების 11 ყური), ჰერაკლეური და სინოპური ამფორების ფრაგმენტები [24, გვ. 202; 31, გვ. 22; 32, გვ. 31-34]. ეშერას ნაქალაქარიდან მომდინარე ძვ.წ. IV-II სს-ით დათარიღებულ მასალაში გამოიცნობა სინოპის, კოსის და ჰერაკლეას ამფორების ფრაგმენტები [24, გვ. 209]. ძვ. წ. III ს. – II ს-ის დასაწყისში ეშერას ტერიტორიაზე შეინიშნება ელინიზებული აბორიგენების ფართო შემოსვლა, თუმცაღა სამოსახლო კვლავ ინარჩუნებს თავის ბერძნულ ელფერს. იმპორტულ მასალაში სინოპური და კოსის ამფორები გამოიცნობა [24, გვ. 230]. ეშერას ნაქალაქარის სამაროვანი, როგორც ჩანს ბორცვის ჩრდილოეთით მდებარეობდა. სამარხებში ამფორებიც დაფიქსირდა, მათ შორის ერთი კოსის, რომელიც ძვ.წ. III ს-ის ბოლო - II ს-ის შუა ხანებით თარიღდება [24, გვ. 212; გვ. 217; 29, გვ. 5-13]. დასკვნა. წარმოდგენილი ინფორმაციიდან ნათლად ჩანს, რომ კოლხეთის ტერიტორიაზე არსებულ ქალაქებსა თუ ნამოსახლარებს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ საბერძნეთის მრავალ სავაჭრო ცენტრთან. ყველა ამ ქმედებას აწარმოებდნენ ბერძნები, მაგრამ პირველ რიგში ადგილობირივი მაცხოვრებლების ინტერესიდან გამომდინარე. არქაული ხანის (ძვ. წ. VII ს-ის ბოლო - ძვ. წ. VI ს.) ბერძნული იმპორტული ამფორები ძლიერ მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი მეტწილად ზღვისპირა კოლხურ დასახლებებზე (ბათუმის ციხე, ციხისძირი, ქობულეთ-ფიჭვნარი, სიმაგრე, ოჩამჩირე, ეშერა). ამ პერიოდში იმპორტი ხვდება კოლხეთის შიდა რაიონებშიც, საიდანაც გვიანარქაული ხანის ქიოსური და ლესბოსური ამფორების ერთეული ფრაგმენტები გვაქვს (გურიანთა, ვანი, დაბლაგომი). მომდევნო, კლასიკური ხანის (ძვ.წ. V-IV ს-ის პირველი ნახევარი) იმპორტი კოლხეთში უფრო მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია. მანამდე არსებული ცენტრების გარდა შემოდის ჰერაკლეური, სინოპური, კოსის, სოლოხა I, სოლოხა II და სხვა ცენტრების ამფორებიც. ფართოვდება იმპორტის გავრცელების არეალი და ის მაღალმთიან რეგიონებშიც აღწევს [14, გვ. 24-25; 15, 28-31; 17, გვ. 68; 37, გვ. 63-73]. ელინისტურ ხანაში (ძვ.წ. IV ს-ის მეორე ნახევარი - ძვ.წ. I ს-ის პირველი ნახევარი) წამყვანი ადგილი როდოსულ და სინოპურ ამფორებს უჭირავთ, მათ შემდეგ მოდის კოსისა და კნიდის ამფორები. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით მთლიანი ამფორებისა და მათი პროფილირებული ფრაგმენტების მიხედვით შესაძლებელია სულ მცირე 468 ამფორის დათვლა, მათგან: 189 (40,38%) - ქიოსურია. ქიოსური ამფორების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ არქაული და კლასიკური ხანის ბერძნულ იმპორტულ ამფორებში წამყვანი ადგილი ქიოსურ ამფორებს უჭირავთ და ქიოსური ნაწარმის შემოტანა მეტ-ნაკლები ინტენსივობით მთელი ანტიკური ხანის მანძილზე გრძელდებოდა. როგორც ა. კახიძე მიუთითებს სავარაუდოა, რომ ქიოსსა და კოლხეთს შორის უშუალო, პირდაპირი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არსებობდა [13, გვ. 62]. განხილულ ძეგლებზე დადასტურებული ქიოსური ამფორების რაოდენობა გაცილებით მეტი უნდა იყოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში არ არის ზუსტი მითითება რაოდენობაზე; საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მრავალ ძეგლზე ჯერ კიდევ არ არის ჩატარებული ფართომასშტაბიანი სამუშაოები და ზოგიერთი, მაგალითად ფასისი ჯერაც არ აღმოჩენილა, რაც აუცილებლად დამატებით ინფორმაციას მოგვცემს კოლხეთში ქიოსის სავაჭრო აქტივობების შესახებ.
გამოყენებული ლიტერატურა:
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|