ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





პასკალ ლერუა

 ქართველ კათოლიკე მამათა საზოგადოება მონტობანში 1872 წლიდან 1905 წლამდე

 

1979 წელს პროფესორმა ი. ტაბაღუამ დაწერა სტატია მონტობანის ქართული სტამბის საქმიანობის შესახებ XIX ს-ის დასასრულისათვის. ამასთან დაკავშირებით, მას საშუალება ჰქონდა გასცნობოდა ტარნე და გარონის დეპარტამენტის არქივებში არსებულ სხვადასხვა დოკუმენტს. წინამდებარე ახალ ნარკვევში ჩვენ შევეცდებით, სხვა არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, მოგაწოდოთ ახალი ინფორმაციები.

ჩვენს მხარეში ორი კონგრეგაცია არსებობდა: ერთი მამაკაცთა, რომელიც მონტობანში იყო და მდებარეობდა კათოლიკური სასაფლაოს ქუჩაზე (დღევანდელი თანასწორობის ქუჩა) და მეორე ქალთა, რომელიც „უბიწო ჩასახვის დათა” სახელით იყო ცნობილი. იგი დაარსდა 1863 წელს მამა პ. კარისშიარანტის მიერ, რომლის ნამდვილი ქართული გვარი გახლდათ ხარისჭირაშვილი, რასაც ადასტურებენ მაგისტრი. მაროვიჩი, იგივე მამა ლუის პეიდესუსი და ძმა ალოის ბაილი, (სან ლუისის ეკლესია, სტამბოლი). მამა ხარისჭირაშვილის მიერ კიდევ ერთი კონგრეგაცია იქნა დაარსებული. ეს იყო ტრი-რიტუალური (ლათინური, სომხური და ქართული რიტუალები) კონგრეგაცია, სადაც მიზანად იყო ჩადებული დაპირისპირების მოსპობა სამ რიტუალს შორის.

გავიხსენოთ, რომ საქართველოში მდგომარეობა კომპლექსური იყო: ქვეყანა გადაიქცა რუსეთის იმპერიის პროვინციად 1801 წლიდან და აქედან მოყოლებული მოექცა ძლიერი „რუსიფიკაციის” ქვეშ. რეგიონი, რომელიც ადრე ქრისტიანული იყო, 1829 წელს ოტომანთა იმპერიიდან რუსეთის იმპერიის მფლობელობაში გადავიდა, რათა ოთხსაუკუნოვანი ოკუპაციის შემდეგ საქართვლოს დაბრუნებოდა. ქვეყანა იღებდა მრავალ სომეხს, რომელიც გამოექცა თურქულ შევიწროებას. რუსეთი არ წყალობდა კათოლიციზმს ამ რეგიონში: 1845 წელს კაპუცინები განდევნილ იქნენ ამ ადგილებიდან. მათ შორის კათოლიკეები გამოირჩეოდნენ. ყველა ზომა იქნა გამოყენებული ადგილზე იმისათვის, რომ კათოლიციზმი გამქრალიყო. სწორედ ამ პირობებში, 1861 წელს, შეიქმნა მამაკაცთა კონგრეგაცია.

1872 თუ 1874 წელს (ვერ დავადგინეთ ზუსტი თარიღი) ქართველი კათოლიკეები საფრანგეთში, კერძოდ კი მონტობანში, დასახლდნენ. ჩამოსვლის ნამდვილი მიზეზი ჩვენთვის ზუსტად ცნობილი არ არის. მხოლოდ ის ვიცით, რომ 1880 წელს მამა კიშტოტმა გააგზავნა წერილი შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნავდა, რომ კონსტანტინოპოლში კონგრეგაციის დამაარსებლები და მამა ჟოზეფ მამუკანტი იღებდნენ ფრანგული ენის გაკვეთილებს და ამას ძირითადად ლაზარისტებთან ახდენდნენ. ცოდნას, რომელსაც ისინი იქ იღებდნენ, საკმარისი არ იყო და 1874 წლისათვის მიემგზავრებიან მონტობანში, სადაც ეპისკოპოსი მათ რწმუნებას გადასცემს დიდ და პატარა სემინარიებში სწავლის გაგრძელების თაობაზე. მამა კიშტოტი თავის გადაწყვეტილებას მონტობანში ჩასვლასთან დაკავშირებით ამართლებს იმითაც, რომ ამ ქალაქის კლიმატი ძალიან წააგავდა მისი ქვეყნის კლიმატს. მოვლენის ამგვარი ახსნა ჩვენთვის ნაკლებად დამაკმაყოფილებელია, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის ახალ აღმოჩენამდე ამ აზრს ვეთანხმებით.

ჩვენ მივაკვლიეთ ზოგიერთი სახის ცნობას საფრანგეთის მხრიდან: იმ დროის მთავრობა დაინტერესებული იყო კონსტანტინოპოლში ფრანგული გარემოს არსებობით. ამას ადასტურებს ის წერილებიც, რომლებიც 1886 და 1896 წლებში საფრანგეთის საელჩომ გაუგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროს. საფრანგეთს სურდა შეენარჩუნებია თავისი ყოფნა ოტომანთა იმპერიაში, რათა დაებალანსებია იქ გერმანული გავლენა, განსაკუთრებით 1870 წლის ომის შემდეგ. მაგრამ 1897 წელს ადგილს იკავებს ფრანგულ-რუსული ხელშეკრულება: კონგრეგაციაზე „რუსული“ პროვინციის ევანგელიზაციის მიზნით ღიად დაყრდნობას შესაძლოა მძიმე შედეგი მოეტანა. შესაძლებელია, რომ სწორედ ამის გამო მოხდა 1899 წელს ამ კონგრეგაციის თითქმის გაქრობა.

მონტობანში ისინი თანასწორობის ქუჩაზე მდებარე ბინაში დასახლდნენ. სახლი მამა კიშტოტის ეკუთვნოდა. ჩვენ არ მოგვეპოვება დიდი რაოდენობის ცნობები მათი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ, გარდა 1880 წლით დათარიღებულ პრეფექტის ცნობისა, რომელიც გვაუწყებს, რომ მათი რაოდენობა რვა კაცით განისაზღვრებოდა, რომ ისინი ესწრებოდნენ რელიგიურ ცერემონიებს, რომ ისინი, ძირითადად, მოწყალებაზე არსებობდნენ და რომ საზოგადოება მათ დიდად არ სწყალობდა.

ტულუზის მცირე სემინარიის ხელმძღვანელის დიერა (დიაირე - პირადი დღიური, კათოლიკური ეკლესიის პირთა) გვამცნობს, რომ 1877 და 1878 წლებში ისინი მოგზაურობდნენ სხვადასხვა წმინდა ადგილებში სალოცავად, როგორიცაა, მაგალითად, მათი მოგზაურობა 1877 წლის 4 ივნისს ტულუზას ღვთისმშობლის დორადაში (ბაზილიკური ტიპის ტაძარი, ეკლესია) სალოცავად.

მათი საცხოვრებელი, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი სახისა იყო. მათი გამოსახლების შესახებ არსებულ 1880 წლის მასალებზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ შესასვლელ სართულზე მდებარეობდა სამზარეულო და სტამბა, ხოლო პირველ სართულზე განთავსებული იყო ბერთა ოთახები. ამ საცხოვრისის გვერდით მდებარეობდა პატარა სამლოცველო. ეს მონაცემები ძალიან მწირია. ბერები, როგორც ჩანს, მონტობანის ცხოვრებაში არ იყვნენ ინტეგრირებული და საარქივო მასალებმაც მათი არსებობის შესახებ მხოლოდ ძალიან მცირე სახის ჩანაწერები შემოგვინახეს. ერთადერთი, 1876 წლით დათარიღებული, ნარკვევი გვამცნობს, რომ მხოლოდ ქალთა კონგრეგაციის მორჩილებს ეძლეოდათ უფლება მიღებულ ყოფილიყვნენ მუასაკის მოწყალების დათა სავანეში.

ქართველ კათოლიკე მამათა 1880 წლის დროინდელი გამოსახლების ეპიზოდი სხვას არაფერს გვამცნობს. 1980 წლის 29 მარტის დადგენილებაზე საპასუხოდ, რომელიც აზუსტებს პირობებს, რომელთა მიხედვითაც კონგრეგაციებს საფრანგეთში არსებობის უფლება ეძლეოდათ, ქართველ მამებს უფლებამოსილების შესახებ არავითარი თხოვნის დოკუმენტი არ შეუდგენიათ: გამორჩათ, თუ ზერელედ მოეკიდნენ ამ ფაქტს? მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 1880 წლის ნოემბერში ისინი გამოსახლების შესახებ დადგენილების მსხვერპლი გახდნენ. და ეს არის ერთადერთი და უკანასკნელი შემთხვევა, რომელსაც ადგილობრივი გაზეთები (რესპუბლიკური და კონსერვატული) აშუქებენ მონტობანში არსებული კონგრეგაციების გამოსახლების შესახებ.

მათი გამოსახლების პროცესამდე მთავრობამ მოახდინა რამდენიმე სახის გამოკვლევა: 1880 წლის 5 ივნისს, 1880 წლის 1 ივლისს, 1880 წლის 24 სექტემბერს. პრეფექტი მთავრობას უგზავნის მოხსენებას. სექტემბერში იგი იძლევა მონტობანში მყოფი 5 ქართველი მღვდლის სახელს.

ჟან კიშტოტი, 30 წლის, დაბადებული ახალქალაქში.
სირილ ლალდაზანკი, 24 წლის, დაბადებული ქუთაისში. ორივე იყო დიდი სემინარიის მოსწავლე.
ლუკ კრისტანტი, 38 წლის, დაბადებული ახალქალაქში.
ჟან სიმიონატი, 21 წლის, დაბადებული ახლქალაქში.
გაბრიელ ოსლანატი, 18 წლის, დაბადებული ქუთაისში.

1880 წლის ნოემბერში პრეფექტი აცნობებს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ „აზრი იეზუიტებთან, დომინიკანელ მღვდლებთან და სომხებთან დაკავშირებით ძალზე ინდიფერენტულია”. გამოსახლებას ადგილი აქვს 1880 წლის 5 ნოემბერს. კომისრის რაპორტი თითქმის იდენტურია ტარნე და გარონის ორ, რესპუბლიკურ და კონსერვატულ, გაზეთებში გამოქვეყნებული მონათხრობისა. 5 ნოემბერს პოლიციის ძალებს დახვდა მტრულად განწყობილი ბრბო, რომელიც შენობის შიგნით იმყოფებოდა. ერთ-ერთი ქართველი მამა პორტალს ზემოთ ჩნდება და აცხადებს, რომ მას კარის გაღებაში ბრბო უშლის ხელს. პოლიციის კომისარმა, საბოლოოდ, შენობის შიგნით შეაღწია, სადაც ის მეტრმა ვერნიემ და აბატმა კამილ დომ მიიღეს. ჩხრეკა და გამოსახლება დაინტერესებულ პირთა თანდასწრებით მოხდა. გამოსვლის დროს, 2000 პირმა, რომლებსაც უმთავრესად მხარს კლერიკალური პარტიის ხელმძღვანელები, ჰენრი დელბრეილ შვილი და დე სკორბიაკი უმაგრებდნენ მხარს, გააპროტესტეს გამოსახლება: კომისრის გადმოცემით, აქ საქმე მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მუშაკებს შეეხებოდა.

შეუსაბამობა პრეფექტის რაპორტში მოყვანილ მოსაზრებასა და გამოსახლების დროს მიმდინარე მოვლენას შორის ნამდვილად აშკარაა. ფაქტობრივად, აქ კარგად ჩანს, რომ ქართველი მამები ვერ იყვნენ გარკვეული 1880 წლის მარტის დეკრეტის მიზანში და რომ კლერიკალურმა პარტიამ, შესაძლოა, ისინი, იმ იეზუიტებთან ერთად, რომლებიც ორ სემინარიას ხელმძღვანელობდნენ, გამოიყენა, რათა გამოეხატათ თავიანთი წინააღმდეგობა ამ დეკრეტისა და გამოსახლების ამგვარი ფორმის საწინააღმდეგოდ. ამასთანავე, თხუთმეტი დღის დაგვიანებით, დე სკორბიაკი და დელბრეილი გასამართლებულ იქნენ სასამართლოს მიერ ქალაქისათვის მიყენებული ზარალის გამო. ქართველი ბერებისადმი ნაკლები სიმპათიით განწყობილი ტარნე და გარონის გაზეთი Le Républicain აღიარებდა, რომ ქართველი მამების მოქმედება ძალზე კორექტული იყო.

გამოდევნების შემდეგ, 1880 წლის 9 ნოემბერს, პრეფექტი აცხადებს, რომ არცერთ მამას მონტობანი არ მიუტოვებია. 1880 წლის 20 დეკემბერს, ერთ მძიმედ დაავადებულ და ჰოსპიტალიზირებულ ძმასთან ერთად (მას ექიმმა ალიბერტიმ უმკურნალა) მონტობანში მარტოდ დარჩენილი მამა კიშტოტი ითხოვს და აღწევს ერთი თვით გადავადებას ამ ძმის მოსავლელად, რითაც სარგებლობს და ასაბუთებს მონტობანში მისი ყოფნის შესახებ მოსაზრებას, განმარტავს რა, რომ ქართველების დაწესებულებას კონგრეგაციის ხასიათი არ გააჩნია. 1881 წლის იანვარში მამა კიშტოტი იღებს თავის სახლში მარტო ცხოვრების უფლებას.

საფრანგეთის მთავრობის 1882 წლის ინფორმაციით ვიგებთ, რომ მამა კიშტოტი ისევ იქ ცხოვრობს და თანაც მარტო. ეს არის ბოლო შემთხვევა, როდესაც მისი სახელი ჩანს. მეტი ამის შესახებ ჩვენ არაფერი გვსმენია. სახლის ინტერესებს მონტობანის ვილნუველის კიურე, კანონიკოსი პოტიე იცავდა.

ქართველ მამათა მონტობანში დასახლების მეორე მცდელობას ადგილი ჰქონდა 1882 წელს. მამა პეტრე ხარისჭირაშვილი წერილს უგზავნის მარკიზ ნოელს, საფრანგეთის ელჩს კონსტანტინოპოლში, სადაც მას შეახსენებს მონტობანში ქართველთა დაწესებულების არსებობას. მარკიზი ნოელი აგზავნის განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტროში. იქედან განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში ინაცვლებს, რომელიც მას პრეფექტთან გადაამისამართებს. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი მერს, ალექსი ბერჟის, თხოვს მოსაზრებას აღნიშნულის თაობაზე, რომელიც არასასიამოვნო მოსაზრებებს გამოთქვამს 1880 წლის საშინელ მოვლენებთან დაკავშირებით. თუმცა, მიუთითებს კი დიდი სემინარიის დაწესებულებაზე.

კონგრეგაციების შესახებ 1887, 1888 და 1890 წლების გამოკვლევები გვაუწყებენ, რომ ამ დროისათვის ქართველი მამები მონტობანში არ იმყოფებიან. 1890 წელს, მონასტერიც და სამლოცველოც სამრეწველო შენობებად იქნენ გადაკეთებული.

ჩვენ ხელთა გვაქვს უეჭველი ცნობები 1896 წელს მათი მონტობანში ყოფნის შესახებ: სტაბოლის უმაღლესი პირი აცნობებს ჩვენს ელჩს, რომ 4 თუ 5 ქართველს მონტობანში დაბრუნების სურვილი აქვს. შინაგან საქმეთა მინისტრი ამის შესახებ აცნობებს პრეფექტს: მათ საფრანგეთის მფარველობა ექნებათ აღმოსავლეთში ფრანგულ ენაზე გაწეული სამსახურის გამო. მაგრამ მღვდლებს მალევე შეექმნათ ახალი წინააღმდეგობა: 1896 წლის ბოლოს, მიუხედავად 1880 წლის დეკრეტისა, სამლოცველო ფარულად იქნა გახსნილი და კულტწარმოებაც შესრულებული. 1897 წლის 29 ივნისს კი ხელახლა იქნა დალუქული ხელშეშლის მიზნით. მაშინ კომისარმა ლუის ამირგანოვმა და დომინიკ მუგაშოვმა მიიღეს. უმაღლეს პირს ანდრე სიმონატი წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, მამები აცხადებენ, რომ მათ სურთ მოითხოვონ თანხმობა მესის ჩატარების თაობაზე.

თხოვნას ანდრე წინამძღვაროვი წარადგენს, რომელიც თავს რუსეთის ქვეშევრდომად აცხადებს. თავის წერილში იგი წერს, რომ მან საფრანგეთის ელჩს, პოლ კამბონს, წარუდგინა ფრანგულ-რუსულ-ქართული ლექსიკონი და რომ მას მიღება ჰქონდა გაბრიელ ანოტოსთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. საბოლოოდ, მან, 1897 წლის 15 ივლისს, შინაგან საქმეთა მინისტრისაგან თანხმობა მიიღო სამლოცველოს გახსნის თაობაზე იმ პირობით, რომ იქ მხოლოდ ქართველი მღვდლები და მათი მოსწავლეები მიიღებოდნენ.

საინტერესოა ცნობა 1897 წელთან დაკავშირებით: ისინი არ დაუშვეს ცხრადღიანი ლოცვითი აღთქმის საჯარო დღესასწაულზე ფრანგულ-რუსული შეთანხმებიდან გამომდინარე და 1880 წლის დეკრეტის პატივისცემის ნიშნად. ამ შემთხვევაში, ქართული სათვისტომო, როგორც ჩანს, ამჟღავენებს რუსოფილურ განწყობილებას. მაგრამ იყვნენ კი ისინი ამაში გულახდილები? ყოველ შემთხვევაში, მათ არ უთანაგრძნობდა კონსტანტინოპოლის წმინდა იოსების სახელობის სკოლის დირექტორი მამა მერალი, რომელიც თავს უწოდებდა `საცოდავ რუს მისიონერს,” რომელმაც დააარსა `ჩვენი ნოვიციატი (სამონასტრო სასწავლებელი მორჩილთათვის) კონსტანტინოპოლში და ჩვენი სქოლასტიკატი (სქოლასტური სასწავლებელი) მონტობანში რუსეთის მთავრობის ზეწოლისაგან თავის დაღწევისა და ჩვენი ბავშვებისა და მორწმუნეთა რომის კათულიკური ეკლესიის ჭეშმარიტ რელიგიაზე აღზრდის მიზნით”. აღნიშნული წერილი მიმართული იყო იესოს ბავშვობის დათა მონასტრისა და ზემოხსენებული მერიისადმი და თარიღდებოდა 1898 წლით.

მეტიც, საქართველოში, ცარისტული რეჟიმის პოლიტიკისა და ქართველთა ძირითადი ნაწილის მართმადიდებლური ქრისტიანობის მიმდევრობის ფაქტის გამო, მისი რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მრევლის მდგომარეობა არ შეიძლებოდა მთლად ადვილი ყოფილიყო. კათოლიკეები მცირერიცხოვანი იყვნენ, მაგრამ ძალიან აქტიური ცხოვრებით გამოირჩეოდნენ. რაც შეეხებოდა საფრანგეთის მხრიდან მათ მხარდაჭერას, ეს მხოლოდ თავშეკავებული ფორმით უნდა ყოფილიყო, ამ დროისათვის საფრანგეთსა და რუსეთს შორის დადებულ ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ხშირ შემთხვევაში, სამძებრო პოლიციის რაპორტებიდან ვიგებთ, რომ 1899 წლის ივნისში ქართველთა სტამბა კონსტანტინოპოლში იქნა გადატანილი.

ამ წლის შემდეგ ქართველთა სავანე აღარ ჩანს. 1901 წელს, "ქართველი სომეხი მისიონერი", ძმა გიორგიეზე, 27 ივლისს ტრიბუნალზე აცხადებს კონგრეგაციის უკვე არარსებობის შესახებ.

მიუხედავად ამისა, იმ დროსათვის მონტობანისა და ტარნე და გარონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მდივნის, ნოელ კასეს მიერ პროფესორ ტაბაღუასადმი გაგზავნილ წერილიდან ჩანს, რომ ქართველებს აღუდგენიათ თავიანთი საქმიანობა ქალაქგარეთ, არდუს გზაზე, და სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ფუნქციათა გამიჯვნის დროს განდევნილ იქნენ იქიდან 1903-1906 წლებში.

1909 წლის 24 მარტს მონტობანის ეპისკოპოსის კათოლიკური ჟურნალი გვამცნობს მამა ხითაროვის გარდაცვალების ფაქტს. მონტობანში იგი ჩასულა 1905 წლისათვის და იქ ქართველ მამა დვალთან უცხოვრია. იგი დაბადებულა 1840 წლის თებერვალში ახალქალაქში, ტფილისის ადმინისტრაციულ მხარეში. ზემოთ აღნიშნული თარიღის შემდეგ მონტობანში ქართველთა არსებობის შესახებ არავითარი კვალი აღარ ჩანს.

წინამდებარე ნარკვევი, თუკი არ ადასტურებს მონტობანში ქართველთა ცხოვრების ყველა საიდუმლოს და არ იძლევა ზუსტ საფუძვლიან ფაქტებს, წარმოდგენას მაინც გვიქმნის იმის შესახებ, რომ ვიცოდეთ, თუ როგორი იყო ფრანგული ენის დაცვის პოლიტიკა ამ ეპოქაში აღმოსავლეთის საკითხიდან გამომდინარე. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ დროისათვის ეს პროცესი ძალიან მოკრძალებულად მიმდინარეობდა (მაგალითად, ქართულ კონგრეგაციას მაშინდელ თურქეთში ოთხი სასწავლო დაწესებულება ეკუთვნოდა) და ამ ნარკვევიდან, ძირითადად, ჩანს საფრანგეთის საპირისპირო დამოკიდებულება შიგა პოლიტიკისადმი, სადაც იგი პროგრესულად ამკვიდრებდა სამოქალაქო სახის განათლების სისტემას (საზოგადოება რელიგიის გარეშე) და საგარეო პოლიტიკას შორის, რომელიც მიმართული იყო რელიგიურ კონგრეგაციებში ფრანგული ცივილიზაციის ინტენსიური სწავლებისაკენ, რასაც კონსატანტინოპოლში წარგზავნილი ფრანგი ელჩები - მარკიზი ნოელი და პოლ გამბონი უჭერდნენ მხარს.

(N.B. წიგნების ჩამონათვალი იხილეთ ნაშრომის ფრანგულ ვარიანტში - რედაქცია)



დანართი: პროფესორ პასკალ ლერუას წერილები:

ძვირფასო ბატონო,
პასუხად თქვენი წერილისა, რომელიც შეეხება XIX ს-ის დასასრულიდან XX ს-ის დასაწყისში მონტობანში მცხოვრებ და მოღვაწე ქართველ კათოლიკე მამებს, უახლოეს 23 დეკემბერს მე თქვენ გამოგიგზავნეთ ნარკვევი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გავაკეთე. როგორც ეტყობა, ის თქვენ არ მიგიღიათ. ხელახლა გიგზავნით მას და იმედია ამჯერად მიიღებთ. „ქართველ კათოლიკე მამათა საზოგადოება მონტობანში”.
გულითადი მოკითხვით,
პასკალ ლერუა
Archives Municipales
6, Passage Marcel Sémézies
82000 MONTAUBAN
Tél. 05 63 22 28 30
ou Poste 1830

 

ძვირფასო ბატონო,
თავიდანვე მინდა პატიება გთხოვოთ იმის გამო, რომ დაგიგვიანეთ პასუხი.
მე შევისწავლე მონტობანში არსებული დოკუმენტური მასალები, მაგრამ ჩემი თქვენდამი პასუხები, სამწუხაროდ, ოდნავ არაზუსტი იყო.
ქართველ დათა კონგრეგაცია მდებარეობდა არა მონტობანში, არამედ მოისაკში, მონტობანიდან დასავლეთით, 30 კმ-ით მოშორებულ პატარა ქალაქში (იგი ძალიან ცნობილია თავისი მონასტრით). ერთი და, რომელიც ამჟამად ძალიან ხნიერია, იხსენებს, რომ მისმა სავანემ (მონასტერმა) მიიღო სხვა დებისაგან განსხვავებულ უნიფორმაში გამოწყობილი ქართველი რელიგიური დები. იგი ასევე იხსენებს, რომ მას ნანახი აქვს იმ დროის სურათები: იგი აპირებს ჩაატაროს მცირე სახის კვლევები და შედეგსაც მაცნობებს (ეს იქნება იმ ეპოქის ამაღელვებელი მოწმობა!). სხვა საარქივო მასალებს, რომლებიც ქალთა ამ კონგრეგაციას შეეხება, მე ვერ მივაკვლიე.
მამა კიშტოტი, როგორც მე ჩემს სტატიაში მივუთითე, წარმოშობით ახალქალაქიდან გახლდათ (არ ვიცი სად მდებარეობს ეს ქალაქი).
მე მოგწერეთ ბერთა სახელების იმგვარად, როგორც ეს ფრანგულ საარქივო მასალებში იყო მიითებული, მაგრამ რადგან იმ დროის სახელმწიფო მოსამსახურეები არ იცნობდნენ ქართველებს, ასევე მეც არაფერი შემიძლია მათზე რაიმეს თქმა.
მე ვაგრძელებ კვლევა-ძიებებს. ამისათვის კი საჭირო იქნება გავეცნო კონსტანტინეპოლში არსებული საელჩოს საარქივო მასალებს, რასაც უეჭველად შვებულების დასრულების შემდეგ შევასრულებ.
გულითადი მოკითხვით,
პასკალ ლერუა.