ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ბერტ ბეინენი  

შოთა რუსთაველის მეგობრობის თეორია

 

შოთა რუსთაველმა ეპიკური პოემა „ვეფხიტყაოსანი“, რომელიც 6000 სტრიქონს შეიცავს, საქართველოში, კავკასიაში, დაიწერა დაახლოებით 1200 წელს. ჩვეულებრივ, პოემის სათაურს თარგმნიან, როგორც კაცი ავაზის (პანტერის) ტყავში (“The Man in the Panther Skin”), თუმცა პირდაპირი მნიშვნელობით ის ნიშნავს კაცს ჯიქის ტყავში (“In the Leopard Skin”). „ვეფხისტყაოსანი“ მნიშვნელოვანი ნაშრომია, რომელსაც საქართველოში ისეთივე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, როგორიც ბიბლიასა და შექსპირის თხზულებებს ინგლისურად მოლაპარაკე ქვეყნებში: ის გახლავთ ანდაზების, ციტატების და ეთიკის წყარო. ეს ნაშრომი მოგვაგონებს რაინდული სიყვარულის ლიტერატურას, როგორიცაა, მაგალითად, ტრისტანი და იზოლდა, თუმც მნიშვნელოვანი განსხვავებებით.

უპირველეს ყოვლისა, მაშინ, როცა რაინდული ლიტერატურის უმეტეს ნიმუშებში ორ გმირს ვხვდებით – ქალის ქმარსა და ქალის თაყვანისმცემელს, „ვეფხისტყაოსანში“ ორი ქალბატონი ფიგურირებს: თინათინი, მეფის ასული, ფაქტობრივად, არაბეთის დედოფალი და ნესტან-დარეჯანი - ინდოეთის მეფის ასული. ორი თაყვანისცემის ობიექტის, ორი მთავარი გმირი ქალის არსებობა იმის შესაძლებლობას ქმნის, რომ გმირები არათუ ექიშპებოდნენ ერთმანეთს, არამედ დამეგობრებდნენ კიდეც და დახმარების ხელი გაუწოდონ ერთურთს.

მეორე, „ვეფხისტყაოსანში“, ისევე როგორც რაინდული ლიტერატურის ბევრ ნიმუშში, წარჩინებული ქალბატონი თავის არცთუ ისე წარჩინებულ თაყვანისმცემელს რაიმის საძიებლად უშვებს. ვეფხისტყაოსანში ქალბატონი ამგვარად იმიტომ იქცევა, რომ დაადგინოს ვეფხისტყავიანი უცნობი მამაკაცის ადგილსამყოფელი, რომელიც უეცრად გამოჩნდა და ასევე უცაბედად გაქრა. მას შემდეგ, რაც მთავარი გმირი ქალი - თინათინი, მამას ცვლის სამეფო ტახტზე, მისი სატრფო - ავთანდილი, არაბეთის მთავარსარდალი, თინათინის მამის, ყოფილი მეფის გასახალისებლად, ნადირობას მართავს. სწორედ ამ ნადირობის შემდგომ გადააწყდებიან ბინდითმოცულ უცნობს, რომლის ამბის ვერგარკვევა დაადარდიანებს მეფეს. ფაქტობრივად, თინათინი თავის სატრფოს - ავთანდილს, აგზავნის მოყმის საძებნელად. მეორე მხრივ, რაინდული რომანების დიდი ნაწილისაგან განსხვავებით, როდესაც ავთანდილი ასრულებს სატრფოს დავალებას და პოულობს უცნობ მოყმეს, ცვლის საწყისი დავალების ფორმატს და დაიწყებს ისეთ ძებნას, რომელიც წარმოადგენს საწყისი დავალების შესწორებულ, გაფართოებულ ან გაკეთილშობილებულ ვარიანტს. ასეთი მოდიფიცირებული ძებნის ფორმა არ არის ტიპიური რაინდული რომანისათვის.

ავთანდილი პოულობს მისტიურ უცნობს: იგი ინდოელი უფლისწული აღმოჩნდება და გაუჩინარებულ სატრფოს - ნესტან-დარეჯანს ეძებს. ტარიელი ღრმა დეპრესიაში იმყოფება იმის გამო, რომ დიდი ხნის ძიების მიუხედავად ვერ პოულობს დაკარგულ სატრფოს. ავთანდილი ცდილობს ამ დეპრესიისგან განკურნოს მოყმე. მისი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდება, რადგანაც იგი ახერხებს ნესტან-დარეჯანის პოვნას და მის გათავისუფლებას. შემდეგ ნესტან-დარეჯანი და ტარიელი დაქორწინდებიან, ისევე როგორც ავთანდილი და თინათინი. გამოდის, რომ ავთანდილის მეგობრობა ტარიელისადმი გვევლინება პოემის ძირითადი მოქმედების მამოძრავებელ ძალად. ავთანდილი პოულობს ჯერ ტარიელს, შემდეგ ნესტან-დარეჯანს და მონაწილეობას იღებს მის გათავისუფლებაში. მაინც, სიყვარული ტარიელსა და ნესტან-დარეჯანს შორის იმდენად ძლიერია, რომ ზოგიერთი მკვლევარი პოემის ძირითად მოტივად სიყვარულს ასახელებს, ზოგი კი - მეგობრობას წარმოაჩენს [3, 101, 105; 5, გვ. 276].

„ვეფხისტყაოსანში“ ასახული სიყვარული განსხვავდება სხვა რაინდული თხზულებებში ასახული ტრფობისაგან. ე. ხინთიბიძე მიიჩნევს, რომ სიყვარული მისი მრავლისმომცველობის გამო მეგობრობასაც მოიცავს [3, გვ. 162]. რადგანაც სიყვარული ვეფხისტყაოსანში იმდენად განსკუთრებულია, იბადება შეკითხვა - შეიძლება თუ არა მეგობრობაც ასეთივე აღმოჩნდეს?

ავთანდილის მიერ გამოჩენილი მეგობრობისთვის მიძღვნილი ეს კვლევა იწყება იმის ანალიზით, თუ როგორ ეხმარება იგი ტარიელს. ჯერ ავთანდილი ცდილობს არგუმენტების მოშველიებით „გაამხიარულოს“ ტარიელი. 910-ე სტრიქონში ავთანდილი ამტკიცებს, რომ ღმერთი არ შექმნიდა ტარიელსა და ნესტან-დარეჯანს, მათი შეერთება რომ არ სწადოდა. ეს არ არის ძლიერი არგუმენტი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ავთანდილი ცხადყოფს, რომ სწორ თუ არასწორ მიზეზზე დაყრდობით მას სჯერა, რომ ნესტან-დარეჯანს იპოვიან. შემდეგ იგი დასძენს, რომ პრობლემა იმიტომ წარმოიშვება, რომ გადაიჭრას და თან, თავად რასაც იწყებს, წარმატებულად ასრულებს. ამის შემდეგ, 913-ე სტრიქონში, იგი მიუთითებს, რომ თინათინისგან ბრძანება აქვს მიღებული, რომ დაეხმაროს ტარიელს, თუმცა დავალებული მხოლოდ ტარიელის მოძებნა ჰქონდა, და ამგვარად, იგი უნდა დაეხმაროს ავთანდილს ნესტან-დარეჯანის ძებნაში. და ბოლოს, 914-ე სტრიქონის მიხედვით, ავთანდილი ტარიელს ეუბნება, რომ იგი მხოლოდ იმას აკეთებს, რაც ევალება: “If thou art no longer of any use to thyself, be of use to me” („შენ ვერას ირგებ, მე გარგებ“ - სტ. 935). სხვა სიტყვებით, იგი მოუწოდებს მას, რომ გამხნევდეს და ეძმოს ავთანდილს საკუთარი თავის ხათრით თუ არა, ავთანდილის გულისთვის მაინც. ანუ, იმის მაგივრად, რომ ტარიელს მოუწოდოს, რომ დათანხმდეს შეთავაზებულ დახმარებას, ავთანდილი მას იქით სთხოვს დაეხმაროს მისთვის (ავთანდილისათვის) მიცემული დავალების შესრულებაში. ეს საინტერესო არგუმენტია: ავთანდილი ტარიელს მოუწოდებს იცხოვროს არა საკუთარი მიზნების შესასრულებლად, ხოლო დეპრესიაში მყოფ ადამიანს არცთუ ბევრი მიზანი ამოძრავებს, არამედ მისი (ავთანდილის) გეგმების შესასრულებლად. და თუ მიზანი განსაზღვრავს პიროვნულ თვისებებს (personality), მაშინ ავთანდილი ტარიელს ეუბნება, რომ მას დაემსგავსოს. ამასთან ერთად, მეგობრობის შესახებ მოკლე ინფორმაციაა მოცემული 758-ე სტრიქონშიც, მაგრამ სწორედ სიმოკლის გამო, სერიოზული ანალიზის საფუძლად არ გამოდგება. ტარიელი უგულველჰყოფს პირველ ორ არგუმენტს და შემდეგ პასუხობს (სტრიქონი 919): “If a friend will not follow thee, follow thou him..”(„შენ თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ“ - სტ. 940), რაც უორდროპის ინტერპრეტაციით, ნიშნავს, რომ იგი საკუთარ თავს არწმუნებს, დაუჯეროს ავთანდილს. [10, გვ.147, სქოლიო 2].

ამის შემდეგ ავთანდილი ტოვებს ტარიელს, რომელიც ავთანდილის არყოფნის დროს გამოჯანმრთელდება. შემდეგ ტარიელი და ავთანდილი ნესტანის გათავისუფლებას გეგმავენ; პირველად ავთანდილი მიაწვდის სამოქმედო გეგმას, მაგრამ, საბოლოოდ, ტარიელის გეგმა უკეთესი აღმოჩნდება. მნიშნელოვანია, რომ სწორედ ტარიელის გეგმას მიიღებენ, რაც მას გონებრივად ავთანდილის ტოლად ან მასზე უკეთესადაც კი წარმოაჩენს.

ავთანდილის მოწოდება ტარიელისადმი - დაეხმაროს მას, ნიშნავს მეგობრის გაფრთხილებას, რომ აღასრულოს მიზნები, რომელთაც სწორედ ავთანდილი დაუსახავს მას, რაც მსგავსია არისტოტელეს „ყველაზე დამატყვევებელი მტკიცებისა“ [11, გვ. 11], რომ მეგობარი არის მეორე შენ [1, გვ. 565].

XXI საუკუნის თვალთახედვიდან შესაძლებელია კიდეც ამ განმარტების კრიტიკის ქარცეცხლში გატარება. პენგლი მოკლედ გვეუბნება, თუ დღეს რას ფიქრობენ ფილოსოფოსები მეგობრობაზე [8, გვ. 1-6]. შეიძლება შევეწინააღმდეგოთ აზრს, რომ ნამდვილი მეგობარი მეგობარს ეუბნება, რისი გაკეთებაც გსურს, არ გამოგადგებაო; რომ მეგობარი მრჩეველია, თაყვანისმცემელი, კრიტიკოსი ან დამხმარე. შეიძლება არაპრაქტიკულიც იყოს მეგობრად იდენტური ტყუპის ყოლა, მსგავსი მიზნებითა თუ საყვარელი გასართობით. არისტოტელეს განმარტება კარგად მოერგება „ვეფხისტყაოსანს“. ავთანდილი არ ეუბნება ტარიელს, მაგალითად, რომ ამდენი წლის შემდეგ, ნესტან-დარეჯანის პოვნა უკვე უიმედოა, რომ ტარიელი უნდა შეეცადოს ნესტანის მამასთან, მეფე ფარსადანთან შერიგებას; რომ უნდა ეცადოს დაიბრუნოს სამეფო, რომელიც მამამისმა გასცა. არა, რაც ტარიელს უნდა, იმას ისახავს გეგმად ავთანდილიც.

ანუ, „ვეფხისტყაოსანში“ ავთანდილი მართლაც გამოდის ტარიელის მეორე მე. მათ საერთო მიზანი ამოძრავებთ: გაათავისუფლონ ნესტან-დარეჯანი. მაგრამ ავთანდილი, ასე ვთქვათ, ტარიელის გაუმჯობესებული ვარიანტია. როდესაც ტარიელი დეპრესიისაგან დაუძლურებულია და ვერ აგრძელებს სატრფოს ძებნას, ავთანდილი განაგრძობს მას, და ხდება „სხვა ტარიელი“, რეალურად უკეთესი ტარიელიც.

უცნაური ის არის, რომ ტარიელიც იცვლება და, ფაქტობრივად, ავთანდილს ემსგავსება. არისტოტელე ამ შესაძლებლობას არ განიხილავს. მას მეგობრობა არ ესახება თვითგაუმჯობესების საშუალებად. პირიქით, თანამედროვე მკვლევრები, მაგალითად, გრეგორი ვლასტოსი, პლატონისა და არისტოტელეს მიდგომას სიყვარულისა და მეგობრობისადმი ელიტარულს უწოდებენ: მხოლოდ ზეაღმატებულ და თითქმის უნაკლო არსებებს შეუძლია უყვარდეთ და იმეგობრონ ერთმანეთთან. მართალია, არისტოტელე აღიარებდა ადამიანის პოტენციური შესაძლებლობების რეალიზების საჭიროებას, თუმცა თვითგაუმჯობესების საჭიროებას იგი არ ასახელებდა [13, გვ. 31].

რუსთაველი კი ხაზს უსვამს ჩანაცვლებას - ერთი მეგობარი ჩაანაცვლებს, ცვლის მეორეს. ეს კი იშვიათად ხდება ლიტერატურაში. ერთ-ერთი მაგალითია შუა საუკუნეების ჰოლანდიური პოემა „ბეატრისე“, რომელშიც მონაზონი ცდუნდება ბოროტი კაცის მიერ და, სანამ მონასტრიდან მასთან ერთად გაიქცევა, ღვთისმშობელს, ლოცვასთან ერთად, უტოვებს საკუთარ ბაღში სამუშაოდ განკუთვნილ იარაღებს და შესთხოვს მას, ყურადღება მიაქციოს ბაღს. წლების შემდეგ ყოფილი მონაზონი მოინანიებს ცოდვას, მაგრამ როდესაც იგი მონასტერში შეიპარება, ნახავს, რომ მისი ნივთები უცვლელად დევს იქ, სადაც წლების წინ თავადვე დატოვა და მისი გაპარვაც არავის შეუმჩნევია, რადგანაც მარიამმა ჩაანაცვლა იგი [7, გვ. 20-1].

„ვეფხისტყაოსანში“ ტარიელი ავთანდილისაგან შეიძენს ერთ თვისებას: ეს არის გეგმების შედგენისუნარობა. ავტორი არ მიანიშნებს, როგორ ახერხებს ტარიელი ამ უნარის განვითარებას. ეს თითქმის ოსმოსს (osmosis) ჰგავს [14, გვ. 66-7]: ერთ მომენტში მხოლოდ ავთანდილმა უწყის, როგორ უნდა შეადგინოს გეგმა, მაშინ როცა უცბად ტარიელსაც აღმოაჩნდება იგივე უნარი და ნესტან-დარეჯანის განთავისუფლების უკეთეს გეგმასაც კი სთავაზობს მეგობარს.

ნეოპლატონიზმში მსგავს პროცესს ვადევნებთ თვალს. ნეოპლატონიზმი რეალობას უყურებს, როგორც არსებებისა და საგნების ჯაჭვს, რომელშიც მაღალი საგანი თავისთავად ახდენს გავლენას დაბალზე რაიმე არსებითის გადაცემით ოსმოსურ პროცესში, რომელსაც პროცესია ჰქვია [14, გვ. 66-7]. ხოლო, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, არსად არ არის აღწერილი. ეს არ არის ის, რასაც ვეფხისტყაოსანში ვაწყდებით. ავთანდილი გადასცემს თავის ამ თვისებას ტარიელს. ნეოპლატონიზმში მიმღები ყოველთვის დაბალ საფეხურზე რჩება გამცემისაგან განსხვავებით - ასე არ ხდება ვეფხისტყაოსანში. ტარიელი უსწრებს კიდეც ავთანდილს დაგეგმვის დროს გამოჩენილ უნარში, როდესაც ნესტან-დარეჯანის გადარჩენის უკეთეს გზას სთავაზობს მას.

და კვლავ, თუმცა არ არის ნათელი, თუ როგორ იღებს ტარიელი ავთანდილის გეგმაზე ორიენტირებულ ქცევას, ყოველ შემთხვევაში, მსგავსი პროცესი ნამდვილად ასახულია ნეოპლატონიზმში, სადაც მაღალ საფეხურზე მყოფი საგნები როგორღაც გადასცემენ არსს დაბალ საფეხურზე მყოფებს ზუსტად ისე, როგორც ავთანდილი გადასცემს საკუთარი პრობლემების გადაჭრის უნარს ტარიელს. თუმცა ერთი განსხვავება კვლავ ძალაში რჩება: ნეოპლატონიზმში დაბალი საგანი მუდმივად დაბალ საფეხურზე რჩება.

ტარიელის ავთანდილის მსგავს ადამიანად ქცევა „ვეფხისტყაოსნის" მნიშვნელოვანი ნაწილს წარმოადგენს. ამ ცვლილებას ნესტან-დარეჯანის გათავისუფლებამდე მივყავართ, რადგანაც ტარიელის ხასიათის ცვლილება მას საშუალებას აძლევს სატრფოს გათავისუფლების სწორი გეგმა წარმოადგინოს. ტარიელი არ არის ერთადერთი ამ მხრივ: პირველ რიგში, იგი იმპულსურობით ხასიათდება და საკუთარი ქმედებების შედეგებს ვერ ითვალისწინებს. ამგვარადვე იქცევა „ვეფხისტყაოსანში“ ყველა ინდოელი, თუმცა ისინი ამ თვისებას ბოლომდე ინარჩუნებენ: მეფე სარიდანი, მეფე ფარსადანი და ფარსადანის მეუღლე, ასევე ნესტან-დარეჯანიც იმპულსურად მოქმედებენ, დამანგრეველი შედეგებით. გამონაკლისი ასმათია - ნესტან-დარეჯანის მოსამსახურე.

არაბები, მეორე მხრივ, მაგალითად, ავთანდილი და თინათინი, რაციონალური ადამიანები არიან, რომლებიც თავიანთი ქმედებების შედეგებს ითვალისწინებენ. ინდოელებისა და არაბების სახელები პირობითია: ისინი არ აღნიშნავენ რეალურ ხალხს. ამის მაგივრად, ინდოელები და არაბები იმის დადასტურებაა, თუ რითი განასხვავებდნენ არისტოტელე, და მანამდე ალკმეონი, ადამიანისა და ცხოველის შემეცნებას. ცხოველები აზროვნებენ მხოლოდ პერცეპციაზე დაყრდნობით: ისინი აღიქვამენ რაიმეს და საკუთარ ინსტიქტებზე დაყრდნობით (და არა ლოგიკური აზროვნებით), იღებენ გადაწყვეტილებას: სურთ აღქმულის ხელში ჩაგდება, მისი უგულველყოფა უჯობთ, თუ საერთოდ გაეცალონ მას. ადამიანები ლოგიკურად აზროვნებენ: ისინი კაუზალურ მიმართებებს ამყარებენ დისკურსიულ ლოგიკაზე დაყრდნობით. ადამიანები ჯერ აღიქვამენ რაიმეს და შემდეგ კაუზალურ მიმართებებს აყალიბებენ. ბერძნულ ფილოსოფიაში ინდოელებს „ცხოველებად“ განიხილავენ, მაშინ როცა არაბები „ადამიანებად“ არიან მიჩნეული [12, გვ. 77-8].

მნიშვნელოვანია ის, რომ „ვეფხისტყაოსანში“ „ცხოველები“ შეიძლება „ადამიანებად“ იქცნენ. ასეც ხდება მის დასასრულს: ტარიელი, ინდოელი და „ანიმალისტური“ გმირი, ლოგიკურად აანალიზებს გეგმას, რომელიც ნესტან-დარეჯანის განსათავისუფლებლად წარმოადგინა ავთანდილმა, არაბმა და თავიდანვე „ადამიანურმა“ გმირმა. ტარიელი აუმჯობესებს ამ გეგმას და უკეთესი შედეგებით წარდგება, რაც ადასტურებს, რომ „ცხოველიდან“ იგი „ადამიანად“ იქცა.

მაშინ როცა ცხოველური აზროვნების იმპულსურობა და ადამიანური აზროვნების ლოგიკურობა ბერძნულ ფილოსოფიაში კარგად არის ცნობილი, იშვიათად ვაწყდებით შემდეგს: (1) კოგნიციის ეს ორი ტიპი მიეწერება ხალხის ჯგუფებს - არაბებსა და ინდოელებს, ამ შემთხვევაში და (2) აზრს, რომ ერთი ჯგუფის წევრმა შეიძლება გადაინაცვლოს მეორეში, რომ ინდოელები შეიძლება არაბებად იქცნენ, ანუ, ცხოველები - ადამიანებად. მეორე მხრივ, ფსევდო-დიონისე არეოპაგელის (შემდეგ: დიონისე) ნაშრომებშიც ვაწყდებით მსგავს მოვლენას: იგი მოაზროვნე არსებებს ოთხ ჯგუფად გამოყოფს: ერთადერთი, ანუ უზენაესი არსება, ანგელოზები, ადამიანები და ცხოველები. დიონისე უზენაესი არსებისა და ანგელოზების კოგნიციის (cognition) შესახებ საკუთარ აზრს გვთავაზობს. იგი ეთანხმება ბერძენ ფილოსოფოსთა დიდ ნაწილს ადამიანისა და ცხოველის კოგნიციის კონცეფციაში და ამატებს, რომ ერთი ჯგუფის წევრებმა, მაგალითად, ადამიანებმა შეიძლება გადაინაცვლონ მეორეში. ადამიანებს ასევე შეუძლიათ მაღალ ჯგუფში - ანგელოზებთან გადანაცვლება, თუ ისინი ხელს მოჰკიდებენ ფილოსოფიური ან თეოლოგიური მოძღვრებების შესწავლას. მაშინ როცა ვეფხისტყაოსანი ეთანხმება ბერძნული ფილოსოფიის ბევრ წარმომადგენელს, რომ ადამიანური კოგნიცია ეფუძნება პერცეპციასა და ლოგიკურ ან დისკურსულ აზროვნებას, მაშინ როცა ცხოველური კოგნიცია მხოლოდ პერცეპციაზეა დაფუძნებული, დიონისესთან და ვეფხისტყაოსანში ასევე ცხადდება მეორე თვალსაზრისი: ერთი ჯგუფის წევრები შეიძლება გადანაცვლდნენ სხვა ჯგუფში. დიონისე კონცენტრირდება იმაზე, თუ როგორ ხდება ადამიანი ანგელოზი და ადასტურებს ამ ფენომენის არსებობას ზოგიერთი ფილოსოფოსისა და თეოლოგის მაგალითზე [9, გვ. 83]. „ვეფხისტყაოსანში“ ვხედავთ, რომ ინდოელი ტარიელი, იმპულსური „ცხოველი“ ლოგიკურად მოაზროვნე „ადამიანად“ იქცევა. ამგვარად, ჯგუფის ცვლილების იდეა უნიკალურია დიონისეს მოძღვრებასა და „ვეფხიტყაოსანში“.

ამგვარად, შეგვიძლია დავინახოთ, რომ დიონისეს მიხედვით, ტარიელი ცხოველიდან ადამიანი ხდება. დიონისე გვეუბნება, თუ როგორ ხდება ადამიანი ანგელოზი: თეოლოგიური და ფილოსოფიური ცოდნის მეშვეობით. ბუნდოვანია, რა უდევს საფუძვლად ტარიელის ცვლილებას. არისტოტელე [2, გვ. 243] მიიჩნევს, რომ მეტოქეობა არის მიზეზი ცვლილებისა: ადამიანები ილტვიან შეიძინონ სხვების მახასიათებლები, რომლებიც საკუთარ პოტენციურ მახასიათებლებად მიაჩნიათ და ჰგონიათ, რომ მათი მიღწევა ხელეწიფებათ. რუსთაველს განსხვავებული მიდგომა აქვს ტარიელში მომხდარი ცვლილებისადმი.

როდესაც ტარიელი პირველად ჩნდება, ანაქრონისტულად რომ ვთქვათ, იგი ღრმა დეპრესიაშია და არც კი ცდილობს შეიცვალოს ბუნება, მიუხედავად იმისა, რომ ვეფხისტყაოსნის მკითხველისთვის ცხადია, რომ ტარიელს სჭირდება სამოქმედო გეგმის შედგენისა და შეფასების სწავლა. ტარიელი იცვლება მას შემდეგ, რაც თინათინი შეამჩნევს მას. რა თქმა უნდა, ნადირობის არცერთ მონაწილეს არ გაუჭირდებოდა ტარიელის უხეში საქციელის შემჩნევა, თუმცა, ემანუელ ლევინასის სიტყვებით რომ ვთქვათ, მონადირეების მიერ ტარიელის აღქმა ეფუძნებოდა „დაუინტერესებელ განსჯას/ჭვრეტას“. თინათინი, მეორე მხრივ, ადვილად ხსნის ტარიელის ქცევას, გაითავისებს მას და, ამგვარად, ათავისუფლებს მას „სხვად ყოფნისაგან“ (კვლავ ლევინასს დავესესხებით) [6, გვ. 124]. ტარიელის გამოჩენა, რომელიც „სხვას, მეორეს“ განასახიერებს, თინათინს „უდანაშაულო პასუხისმგებლობას“ ანიჭებს: ახლა იგი ყველაფერს გააკეთებს, რომ ტარიელის გეგმები შესრულდეს [6, გვ. 131]. თინათინი თავის პასუხიმგებლობას ავთანდილს გადაცემს, რომელიც ტარიელს თავისი „სხვისაგან“ გაათავისუფლებს.

ავთანდილი პოულობს ტარიელს და ეს უკანასკნელი მალე მიხვდება, რომ ვიღაცას აინტერესებს. რუსთაველი არ აღწერს, როგორ იცვლება ტარიელი, იგი უბრალოდ ფაქტებს მოიყვანს ამის დასამტკიცებლად: უპირველეს ყოვლისა, იგი გააკეთებს იმას, რაც ტარიელს უნდა გაეკეთებინა: დაადგენს ნესტან-დარეჯანის ადგილ-სამყოფელს. რუსთაველი გულისხმობს, რომ მეგობრობა გარკვეულ როლს თამაშობს: ტარიელი იცვლება მას შემდეგ, რაც ვიღაცა (ავთანდილი) შეამჩნევს მას, მასსა და ავთანდილს შორის წარმოშობილი მეგობრობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ თავად ცვლილება ავთანდილის არყოფნაში ხდება.

მეგობრის, როგორც მეორე მე-ს არისტოტელესეული განმარტება განსაკუთრებით უპრიანია, როდესაც ავთანდილი საბოლოოდ ანაცვლებს ტარიელს. ჩვენ შეიძლება მოველოდით კიდეც, რომ ისინი შეკავშირდებოდნენ და, მაგალითად, ერთი, ვქვათ, გულანშაროს აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებში მოძებნიდა ნესტანს, და მეორე - მის დასავლეთით მდებარე ქვეყნებში. ამის მაგივრად, ავთანდილი საკუთარ თავზე იღებს ნესტან-დარეჯანის მოძებნის მთელ სიმძიმეს, მაშინ როცა ტარიელი ძალების მოსაკრებად ადგილზე რჩება.

თუმცა „ვეფხისტყაოსნის“ დასაწყისში შოთა არისტოტელეს მეგობრობის კონცეფციას მისდევს. „ვეფხისტყაოსნის“ ბოლოსკენ ყალიბდება თვალსაზრისი, რომელიც XXI საუკუნის თეორიებს უახლოვდება: ორი გმირი თანამშრომლობს, სხვადასხვა გეგმას განიხილავენ და ერთზე შეჩერდებიან. აქ ზოგადი ქარგა გამოიკვეთება: ვეფხისტყაოსანი იწყება როგორც ტრადიციული სატრფიალო ნიმუში: დიდგვაროვანი ქალბატონი შეყვარებულს რაიმეს საძებნელად გაგზავნის. შემდეგ სატრფო უფრო თანამედროვე ადამიანი ხდება: დავალების შესრულების შემდეგ იგი საკუთარი დავალების შესასრულებლად, ტარიელის მაგივრად ნესტან-დარეჯანის საპოვნელად მიეშურება. ვეფხისტყაოსნის ბოლოს ავთანდილი თანამედროვე ადამიანის მსგავსად მოქმედებს, საკუთარი პრიორიტეტების გათვალისწინებით და მისი მეგობრობა ტარიელთან სცილდება რაინდული რომანის საზღვრებს. ანალოგიურად, მეგობრობა ავთანდილსა და ტარიელს შორის არისტოტელეს მეგობრების მსგავსად იწყება, სადაც ავთანდილი სხვა ტარიელი ხდება და ტარიელი ხდება სხვა ავთანდილი. შემდეგ მათი ურთიერთობა თანამედროვე ურთიერთობის დარი ხდება: თითოეული მათგანი იღებს მონაწილეობას ნესტან-დარეჯანის გათავისუფლების გეგმის შედგენაში და ორივე გუნდურად მუშაობს, თუმცა ტარიელი უკეთეს გეგმას წარმოადგენს.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. Aristotle, Nicomachean Ethics, tr. H. Rackham, The Loeb Classical Library, vol. XIX, Cambridge, Harvard University Press & London, Heinemann, 1975.
2. Aristotle, Art of Rhetoric, tr. John Henry Freese, The Loeb Classical Library, vol. 193, Cambridge, Harvard University Press & London, Heinemann, 1926.
3. Gol’tsev, Viktor, Shota Rustaveli, 2nd ed., Moscow, GIKhL, 1956.
4. Khintibidze, Elguja, “Rustaveli, Dante and Petrarch,” in Rustaveli’s “The Man in the Panther Skin” and European Literature, London, Bennet & Bloom, 2011.
5. Khintibidze, Elguja, Medieval and Renaissance Trends in Rustaveli’s “Vephistkaosani,” Tbilisi, Tbilisi State University Press, 1993.
6. Levinas, Emmanuel, “Ethics as First Philosophy,” in The Continental Philosophy Reader, ed. by Richard Kearney & Mara Rainwater, London, Routledge, 1996, 124-35.
7. Meijer, Reinder, Literature of the Low Countries: A Short History of Dutch Literature in the Netherlands and Belgium. New York: Twayne Publishers, 1971.
8. Pangle, Lorraine Smith, Aristotle and the Philosophy of Friendship, Cambridge University Press, Cambridge, 2003.
9. Perl, Eric D., Theophany: the Neoplatonic Philosophy of Dionysius the Aeropagite, Albany, State University of New York Press, 2007.
10. Rustaveli, Shota, The Man in the Panther’s Skin, tr. Marjorie Wardrop, Oriental Translation Fund, New Series, vol. XXI, London, The Royal Asiatic Society of Great Britain and Ireland, 1912, repr. 1966
11. Stern-Gilllet, Suzanne, Aristotle’s Theory of Friendship, State University of New York Press, Albany, NY, 1995.
12. Taylor, Alfred Edward, Aristotle, Dover, Mineola, NY, 1919, repr. 1955.
13. Vlastos, Gregory, “Plato, The Individual as an Object of Love,” in Platonic Studies, Princeton, NJ, Princeton University Press, 1973.
14. Wallis, R.T., Neoplatonism, 2nd ed., forword and bibliography by Lloyd. P. Gerson, Indianapolis, Hackett, 1995.