ქართველოლოგი ”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით. |
ავთანდილ ნიკოლეიშვილი ქართული კულტურისა და განათლების კერა მონტობანში (ახალი მასალები)
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში, პარიზის სამხრეთით მდებარე ტარნი და გარონის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ ცენტრ მონტობანში XIXს-ის II ნახევარსა და XXს-ის დასაწყისში არსებულ ქართველ მამათა სავანესთან დაკავშირებით მკვლევართა მიერ უშუალოდ ფრანგულ არქივებში მოძიებულ პირველწყაროებზე დაყრდნობით დაწერილ ნაშრომებში ქართული კულტურის ამ უცხოური კერის ისტორიის უმთავრესი მომენტები შესწავლილია, ბევრი რამ კვლავაც ბურუსითაა მოცული და სამომავლოდ გასარკვევი. მონტობანის ქართული კერის ისტორიით დაინტერესებულ არაერთ ქართველ მკვლევართან ერთად (ზ. ჭიჭინაძე, ი. ტაბაღუა, ს. გრიგალაშვილი, მ. ჯავახიშვილი...)[2], ზემოთ აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით ახალი დოკუმენტური მასალების მოძიებას შეძლებისდაგვარად მეც შევეცადე. კერძოდ, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების თანამშრომლის, ფრანგული ენის სპეციალისტის – ავთანდილ ხურციძის აქტიური თანადგომით, 2008 წლის ნოემბერში მონტობანის მერიას წერილობითი თხოვნით მივმართე, თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა, მათ ქალაქში არსებულ სიძველეთსაცავთა თანამშრომლებს ჩვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით მათთან დაცული მასალების შესახებ მოეწოდებინათ კონკრეტული ინფორმაცია. აღნიშნული თხოვნის პასუხად, 2008 წლის 23 დეკემბერს გამოგზავნილი ვრცელი წერილით მონტობანის მუნიციპალური არქივების დირექტორმა პასკალ ლერუამ მათ არქივებში ჩემთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტების ჩამონათვალთან ერთად, მონტობანის ქართველ მამათა სავანის შესახებ დაწერილი თავისი ხუთგვერდიანი სამეცნიერო ნარკვევიც გამომიგზავნა. იმის დასტურად ლერუა ჩემი თხოვნის საპასუხოდ გამოსაგზავნი წერილის დაწერას რა დიდი პასუხისმგებლობითაც მოკიდებია, მკითხველს აქვე იმასაც ვეტყვი, რომ სამეცნიერო გამოკვლევის ფორმით დაწერილ მის ნარკვევს, მასში გამოთქმული მოსაზრებებისათვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად, მან მის მიერ მოძიებული და კვლევის დროს გამოყენებული საარქივო წყაროებისა და სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურის ბიბლიოგრაფიაც დაურთო. გარდა ამისა, საპასუხო წერილს მონტობანის ქართულ სტამბაში დაბეჭდილი და ქალაქის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული წიგნების ჩამონათვალიც ახლავს თან. იმისათვის, რომ მისთვის უცნობ ენაზე გამოქვეყნებული ამ წიგნების დასახელების დროს შეცდომა არ დაეშვა და მათი სახელწოდებების ლათინური ანბანით ტრანსლიტერაცია სწორად მოეხდინა, ბატონი პასკალ ლერუა საგანგებოდ დაკავშირებია ცნობილ ქართველოლოგ ბერნარ უტიეს და ეს საქმე მისი დახმარებით გაუკეთებია. მონტობანში გამოცემული ქართული წიგნების ეს ორგვერდიანი ჩამონათვალი უაღრესად მნიშვნელოვანი არა მარტო იმითაა, რომ მისი მეშვეობით კიდევ ერთხელ ზუსტდება, კონკრეტულად რომელ გამოცემებზეცაა საუბარი, არამედ იმითაც, რომ აღნიშნული წიგნების ნაწილი დღესდღეობით მხოლოდ მონტობანის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაშია დაცული. მეტი სიზუსტისათვის აქვე მკითხველს კონკრეტულადაც დავუსახელებ იმ ქართული წიგნების სათაურებს, რომლებიც ფრანგ მკვლევარს მონტობანის ბიბლიოთეკაში მოუძიებია: 1. ოი პურო ცხოვრებისა, 1880 წ. * * * სამწუხაროდ, ბატონ პასკალ ლერუას ნარკვევში დასახელებულ ქართველ სასულიერო პირთა გვარები იმდენად შეცვლილია და გადაკეთებული, რომ მათი უმეტესობის ნამდვილი ვინაობის დადგენა ფაქტობრივად შეუძლებელია. ამას ემატება ისიც, რომ ქართულ ენაზე არსებული სპეციალური სამეცნიერო ნაშრომების ხელმიუწვდომლობის გამო, ნარკვევში მონტობანის ქართული სავანის ისტორიასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი არასწორადაა ინტერპრეტირებული. პ. ლერუას მტკიცებით, XIX ს-ის 60-იან წლებში მონტობანში, კათოლიკური სასაფლაოს (დღევანდელი თანასწორობის) ქუჩაზე, პეტრე ხარისჭირაშვილს „უბიწოდ ჩასახვის დათა” სახელით ცნობილი დედათა კონგრეგაცია დაუარსებია. ფრანგი მკვლევრის ინფორმაციით, ეს ამბავი 1863 წელს მომხდარა. როგორც ცნობილია, პ. ხარისჭირაშვილს იმ დროისათვის სტამბოლში უკვე ჰქონდა დაარსებული ქართული სავანის სახელით ცნობილი ქართული კათოლიკური ეკლესია და მონასტერი, რომელთა ქართველი მღვდელმსახურნი არა მარტო სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდნენ, არამედ აქტიურ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობასაც. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული საზოგადოება პ. ხარისჭირაშვილის გვარს დამახინჯებულად – კარისშიარანტის ფორმით – მოიხსენიებდა, პ. ლერუა ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ ეს პიროვნება ქართველი იყო და მისი ნამდვილი გვარი ხარისჭირაშვილი გახლდათ. ფრანგი მკვლევრისავე თქმით, აღნიშნულ თვალსაზრისს ადასტურებენ მაგისტრი მაროვიჩი (იგივე მამა ლუის პეიდესუსი) და ძმა ალოის ბაილი (სან ლუისის ეკლესია, სტამბოლი). ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, პ. ლერუა იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ „მამა კარისჭირაშვილის მიერ კიდევ ერთი კონგრეგაცია იქნა დაარსებული. ეს იყო ტრირიტუალური (ლათინური, სომხური და ქართული რიტუალები) კონგრეგაცია, სადაც მიზნად იყო ჩადებული დაპირისპირების მოსპობა სამ რიტუალს შორის.“ სამწუხაროდ, პ. ლერუას ნარკვევიდან დაზუსტებით არ ჩანს, ხსენებული კონგრეგაცია ქართველ მამათა გაერთიანებას წარმოადგენდა თუ არა. ასევე გაურკვეველია, ჰქონდათ თუ არა რაიმე საერთო ერთმანეთთან აღნიშნულ ტრირიტუალურ კონგრეგაციასა და 1872 (თუ 1873) წელს ასევე პ. ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ ქართველ მამათა სავანეს. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ფრანგი მკვლევრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მაინც უნდა ჩაითვალოს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე იმ სიახლედ, რითაც ავტორი დღემდე უცნობი შტრიხებით ამდიდრებს როგორც პ. ხარისჭირაშვილის ბიოგრაფიას, ისე მონტობანის ქართველ მამათა მოღვაწეობის ისტორიას. კერძოდ, თუ ეს ყველაფერი მართალია, მაშინ ირკვევა, რომ პ. ხარისჭირაშვილს მონტობანში ქართველ მამათა სავანის გახსნამდე ათი წლით ადრე, 1863 წელს, ქართველ დედათა კონგრეგაცია დაუარსებია. რაც შეეხება მონტობანის ქართველ მამათა კონგრეგაციას, მისი დაარსების სავარაუდო თარიღად პ. ლერუა 1872 (1874) წელს ასახელებს, რაც კიდევ უფრო მეტად აზუსტებს ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დასახელებულ წლებს. კერძოდ, როგორც ცნობილია, ქართველ მკვლევართა უმეტესობა მონტობანის ქართული სავანის დაარსების თარიღად 1874 და 1875 წლებს ასახელებს. პ. ლერუას თქმით, მისთვის ბოლომდე არაა ცნობილი, რა უნდა ყოფილიყო მონტობანში ქართველ მამათა დამკვიდრების განმაპირობებელი ნამდვილი მიზეზი. ამ მოვლენის ასახსნელად იგი იშველიებს 1880 წელს მამა კიშტოტის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგზავნილ წერილს. ხსენებულ წერილში ზემოთ აღნიშნულ გარემოებას კიშტოტი იმით ხსნის და ამართლებს, რომ „ამ ქალაქის კლიმატი ძალიან ჰგავდა მისი ქვეყნის კლიმატს”. მონტობანში ქართველ მამათა დამკვიდრების განმაპირობებელ ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორად შინაგან საქმეთა სამინისტროში გაგზავნილ ზემოთ ნახსენებ წერილში მამა კიშტოტი იმ ფაქტსაც მიიჩნევს, რომ კონსტანტინოპოლის ქართული კონგრეგაციის დამაარსებლები მათ მიერ იქ გახსნილ სკოლაში ფრანგულ ენას მოსწავლეებს სასურველ დონეზე ვერ ასწავლიდნენ. მონტობანის ეპისკოპოსი კი ქართველ მამებს დახმარებას ჰპირდებოდა, მათ მიერ წარგზავნილ ქართველ ბავშვებს სწავლა გაეგრძელებინათ იქაურ „დიდ და პატარა სემინარიებში“. სამწუხაროდ, პ. ლერუას მიერ ნახსენები წერილიცა და მისი ავტორი კიშტოტიც, დღესდღეობით ჩვენთვის ხელმისაწვდომი მასალების მიხედვით, სრულიად უცნობია. იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგი მკვლევრის მიერ ხსენებული სასულიერო პირი წერილობით მიმართვას შინაგან საქმეთა სამინისტროს (უნდა ვიგულისხმოთ, რომ საფრანგეთისას) უგზავნის, გადაუჭარბებლად შეიძლება დავასკვნათ, რომ იგი ფრიად ავტორიტეტულ პიროვნებას წარმოადგენდა და უფლებამოსილი იყო მონტობანში მოღვაწე ქართველ ბერთა სახელითაც ესაუბრა. ეს პიროვნება პეტრე ხარისჭირაშვილი რომ არაა, ამას პ. ლერუას მიერ მის შესახებ მოწვდილი ის ინფორმაციაც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც კიშტოტი 1880 წლისათვის 30 წლისა ყოფილა. 1818 წელს დაბადებული პეტრე ხარისჭირაშვილი კი ფრანგი მკვლევრის მიერ მოხსენიებულ კიშტოტთან შედარებით ამ დროისათვის საკმაოდ ხანდაზმული იქნებოდა. მონტობანის ქართველ მამათა სავანეში კიშტოტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ისიც ადასტურებს, რომ, პ. ლერუას ცნობით, ბინა, სადაც ქართველი მამები დასახლდნენ, კიშტოტის საკუთრებას წარმოადგენდა. ფრანგი მკვლევარის ხაზგასმით, იქაურ საარქივო დოკუმენტებში მას, მართალია, ქართველ მამათა ყოველდღიური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტებისთვის ვერ მიუკვლევია, მაგრამ 1880 წლით დათარიღებულ ტარნე და გარონის პრეფექტის ცნობაზე დაყრდნობით იმას კი ვარაუდობს, რომ „მათი რაოდენობა რვა კაცით განისაზღვრებოდა. ისინი ესწრებოდნენ რელიგიურ ცერემონიალებს, ძირითადად მოწყალებაზე არსებობდნენ და საზოგადოების დიდი კეთილგანწყობილებით არ სარგებლობდნენ“. მონტობანის ქართველ მამათა სასულიერო მოღვაწეობის ახალ შტრიხს წარმოადგენს ისიც, რომ ისინი თურმე საფრანგეთის სხვადასხვა წმინდა ადგილებში სალოცავადაც ხშირად მოგზაურობდნენ ხოლმე. ამ ცნობას პ. ლერუა ტულუზის მცირე სემინარიის ხელმძღვანელის დიერაზე (კათოლიკე ბერთა პირად დღიურებზე) დაყრდნობით გვაწვდის, სადაც აღწერილი ყოფილა ქართველ მამათა სალოცავად ყოფნა ტულუზაში, დოროდას ღვთისმშობლის ტაძარში, 1877 წლის 4 ივნისს. პასკალ ლერუას მიერ მოძიებული საარქივო დოკუმენტები უაღრესად მნიშვნელოვანი იმითაცაა, რომ ფრანგი მკვლევარი ქართველ მამათა საცხოვრებელი გარემოს შესახებაც გვაწვდის ინფორმაციას. კერძოდ, როგორც 1880 წელს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ქართული სავანის დახურვის ამსახველი მასალებით ირკვევა, ქართველი ბერების „საცხოვრებელი ძალიან მარტივი სახისა იყო... შესასვლელ სართულზე მდებარეობდა სამზარეულო და სტამბა, ხოლო პირველ სართულზე განთავსებული იყო ბერთა ოთახები. ამ საცხოვრისის გვერდით მდებარეობდა პატარა სამლოცველო“. მონტობანის არქივებში ქართველ მამათა ცხოვრების ამსახველი მასალების მეტისმეტ სიმწირეს პ. ლერუა პირველ ყოვლისა იმით ხსნის, რომ ქართველი ბერები მონტობანის ცხოვრებაში ინტეგრირებული არ ყოფილან. ერთადერთი დოკუმენტი, რომელსაც იგი ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვან მასალად მიიჩნევს, 1876 წლით დათარიღებული ნარკვევია. როგორც ხსენებული დოკუმენტით ირკვევა, „მოისაკის (ქალაქია საფრანგეთში) მოწყალების დათა სავანეში მიღების უფლება მხოლოდ ქალთა კონგრეგაციის მორჩილებს ეძლეოდათ“. იმის გამო, რომ დამოწმებული ფრაგმენტიდან გარკვევით არ ჩანდა, ქალთა ხსენებული კონგრეგაცია ქართველი მონაზვნებისა იყო თუ არა, საკითხის დაზუსტების მიზნით მე დამატებით შევეხმიანე ბატონ ლერუას, რის პასუხადაც მან ასეთი შინაარსის წერილი გამომიგზავნა: „ქართველ დათა კონგრეგაცია მდებარეობდა არა მონტობანში, არამედ მოისაკში, მონტობანიდან დასავლეთით, 30 კმ-ით დაშორებულ პატარა ქალაქში (იგი ძალიან ცნობილია თავისი მონასტრით). ერთი და, რომელიც ამჟამად ძალიან ხნიერია, იხსენებს, რომ მისმა სავანემ (მონასტერმა) მიიღო სხვა დებისაგან განსხვავებულ უნიფორმაში გამოწყობილი ქართველი რელიგიური დები. იგი აგრეთვე იხსენებს, რომ მას ასევე ნანახი აქვს იმ დროის სურათები: ის აპირებს ჩაატაროს მცირე სახის კვლევები და შედეგსაც მაცნობებს (ეს იქნება იმ ეპოქის ამაღელვებელი მოწმობა!). სხვა საარქივო მასალებს, რომლებიც ქალთა ამ კონგრეგაციას შეეხება, მე ვერ მივაკვლიე“. ლერუა იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ზემოთ ხსენებულ მოვლენათა არსში უკეთ გარკვევის მიზნით, ის „კვლავაც გააგრძელებს კვლევა-ძიებას“, რისთვისაც სპეციალურად შეისწავლის კონსტანტინოპოლში არსებული საფრანგეთის საელჩოს საარქივო მასალებს და კვლევის შედეგებს უეჭველად შემატყობინებს. ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, ვფიქრობ, დაბეჯითებით შეიძლება იმის თქმა, რომ 1870-იან წლებში საფრანგეთის ქალაქ მოისაკში, ქართველ მამათა სავანესთან ერთად, ქართველ დედათა კონგრეგაციაც არსებულა, რაც მეტად მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს. სამწუხაროდ, მოისაკის ქართველ დედათა მონასტერთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში არავითარი ინფორმაცია არ გვხვდება და აღნიშნული საკითხის შესასწავლად მომავალში სპეციალური კვლევა-ძიებაა ჩასატარებელი. პასკალ ლერუას ნარკვევში, მონტობანის არქივებში დაცულ მასალებზე დაყრდნობით, კიდევ ერთხელ ესმევა ხაზი იმ ფაქტს, როდის და რა საფუძველზე მომხდარა ქართველ კათოლიკე მამათა სავანის დახურვა. ფრანგი მკვლევრის აზრით, სავანის დახურვის განმაპირობებელ მოვლენად საფრანგეთის ხელისუფლების მიერ 1880 წლის 29 მარტს მიღებული ის დადგენილება იქცა, რომლის ძალითაც ქვეყანაში ფუნქციონირების უფლება ეძლეოდათ მხოლოდ სათანადო დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე ხელისუფლების მიერ ნებადართულ კონგრეგაციებს. პ. ლერუას თქმით, იმის გამო, რომ ქართველ მამებს საამისოდ საჭირო დოკუმენტაცია ხელისუფლებისთვის არ წარუდგენიათ, ანდა მთავრობის მიერ მიღებულ ზემოთ ხსენებულ დადგენილებას ზერელედ მოკიდებიან, ხელისუფლებამ მათ კონგრეგაციას უფლებამოსილება შეუწყვიტა. ახალი ნიუანსი, რასაც ქართველი სპეციალისტებისათვის (ი. ტაბაღუა, ს. გრიგალაშვილი, მ. ჯავახიშვილი...) კარგად ცნობილი ამ მოვლენის ისტორიული პერიპეტიების გააზრებას სძენს პ. ლერუა, იმ დამოკიდებულების ჩვენებაა, რომელსაც იმ პერიოდის ადგილობრივი გაზეთები (რესპუბლიკური და კონსერვატული მიმართულებებისა) იჩენდნენ მონტობანში არსებული რელიგიური კონგრეგაციების გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქების დროს. 1880 წლის 29 მარტის დადგენილების არსში უკეთ გასარკვევად, აქ რამდენიმე სიტყვით გავიხსენებ იმ გარემოებას, რაც მისი მიღების საფუძველი გახდა. საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ჟიულ გრევის, შინაგან საქმეთა და კულტურის მინისტრ შ. ლეფერისა და იუსტიციის მინისტრ ჟიულ კაზოს ხელმოწერით 1880 წლის 29 მარტს გამოქვეყნებული დეკრეტის საფუძველზე, საფრანგეთის ტერიტორიაზე არსებულ ყოველ კონგრეგაციას ან ნებართვის გარეშე არსებულ რელიგიურ გაერთიანებას ამ დეკრეტის გამოქვეყნებიდან სამი თვის ვადაში, არსებობისა და მოღვაწეობისათვის ოფიციალური ნებართვის მიღების მიზნით, თავისი დეპარტამენტის პრეფექტის მთავარ სამდივნოში თხოვნა უნდა წარედგინა, საიდანაც ის საამისოდ საჭირო ოფიციალურ ქაღალდს მიიღებდა. კონგრეგაცია, რომელიც ამ თხოვნასა და ნებართვის მისაღებად აუცილებელ დოკუმენტაციას დროულად არ წარადგენდა, გაუქმებული იქნებოდა[3, გვ. 164]. ხელისუფლების მიერ მიღებული ზემოთ ნახსენები დეკრეტის შედეგად, საზოგადოება ფაქტობრივად ორ ნაწილად აღმოჩნდა გაყოფილი: რესპუბლიკელებად, ანუ იმჟამინდელი ხელისუფლების მომხრეებად და კონსერვატორებად, ანუ მონარქისტული რეჟიმის მხარდამჭერებად. საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც რესპუბლიკელებს უჭერდა მხარს და ხელისუფლების მიერ მიღებული დადგენილების აღსრულებას ემხრობოდა, უნებართვოდ არსებული კონგრეგაციების დახურვას მოითხოვდა, რადგანაც მათ წევრებს რეაქციონერებად და კონსერვატორ კლერიკალებად მიიჩნევდა. იმის გამო, რომ ქართველმა კათოლიკე მამებმა მათი კონგრეგაციის კანონიერად არსებობისთვის საჭირო დოკუმენტები არ (თუ ვერ) წარადგინეს, ისინი რესპუბლიკელთა მომხრე საზოგადოებისა და ხელისუფლების მესვეურთა შერისხვის ობიექტად იქცნენ, რასაც შედეგად ხსენებული კონგრეგაციის დახურვა მოჰყვა. ხელისუფლების მიერ მიღებული დეკრეტის საფუძველზე, მონტობანის კათოლიკე მამათა სავანის დახურვის თარიღი სამეცნიერო ლიტერატურაში ბოლომდე დაზუსტებული დღემდე არ ყოფილა და ამ მოვლენის მოხდენის დროდ სხვადასხვა მკვლევარი სხვადასხვა თვეს ასახელებს. პ. ლერუას ნარკვევი საინტერესო იმ თვალსაზრისითაცაა, რომ ფრანგმა მკვლევარმა, მის მიერ მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით, ეს საკითხიც გაარკვია. კერძოდ, მისი მტკიცებით, მონტობანის ქართველ მამათა კონგრეგაცია, ნაცვლად ხელისუფლების მიერ დაწესებული სამთვიანი ვადისა, ხსენებული დეკრეტის მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ, ხუთ ნოემბერს, დაიხურა. პ. ლერუას ნარკვევში რამდენადმე დაზუსტებულ-დაკონკრეტებული ფორმითაა მოცემული მონტობანში მოღვაწე ქართველ კათოლიკე მამათა კონგრეგაციის დახურვასთან დაკავშირებული საკითხებიც. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ავტორის მიერ სამეცნიერო მიმოქცევაში პირველად შემოტანილი მასალა - ქართველ კათოლიკე მამათა კონგრეგაციის დახურვასთან (1880წ.) დაკავშირებით რესპუბლიკური და კონსერვატულ-მონარქისტული მიმართულებების მქონე იმდროინდელ გაზეთებში გამოქვეყნებული წერილები. პ. ლერუას შეფასებით, ხსენებული წერილები „თითქმის იდენტურია“ ქართველი მკვლევრებისათვის უკვე ცნობილი იმ რაპორტისა, რომელიც აღნიშნული საკითხის გარკვევასთან დაკავშირებით გაუგზავნა 1885 წლის 13 აგვისტოს ქალაქ მონტობანის მერმა ტარნისა და გარონის პრეფექტს. ქართველ მამათა სავანის დახურვიდან ხუთი წლის შემდეგ აღნიშნული საკითხით ხელისუფლების მაღალი პირების დაინტერესება იმ წერილმა განაპირობა, რომელიც სტამბოლის ქართული სავანის დამაარსებელმა და უცვლელმა წინამძღვარმა პეტრე ხარისჭირაშვილმა გაუგზავნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარკიზ დე ნოაის 1885 წლის 8 მაისს. ამ წერილით ქართველი კათოლიკე მღვდელმსახური, რომელიც მონტობანის ქართული სავანის დამაარსებელიც იყო, ფრანგ მინისტრს დაბეჯითებით თხოვდა, კვლავ აღედგინა ქართველ მამათა კონგრეგაცია (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იხ: ი. ტაბაღუას ზემოთ მითითებული წერილი). ერთადერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, რითაც ხსენებული საგაზეთო პუბლიკაციები განსხვავდება ქალაქის მერის მიერ შედგენილი ოფიციალური რაპორტისაგან, იმის ხაზგასმაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ საკუთარი სამყოფელიდან ქართველ მღვდელმსახურთა ძალადობრივი გზით გამოსახლების დროს `ქართველი მამების მოქმედება ძალზე კორექტული იყო”. საგაზეთო პუბლიკაციათა ავტორების მიერ გამოთქმული ეს მოსაზრება ნამდვილად რომ შეესაბამება სიმართლეს, ამას დაუეჭვებელს ხდის ის ფაქტიც, რომ გამოსახლების მომენტში ქართველი მღვდლების ამგვარ ქმედებას ასეთ შეფასებას რელიგიური კონგრეგაციებისადმი მტრულად განწყობილი რესპუბლიკური გაზეთიც აძლევდა. როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ქართველი მამების გამოსახლება მათი ადგილსამყოფელიდან პოლიციას 1880 წლის 5 ნოემბერს მოუხდენია. ეს მომენტი მიზანმიმართულად გამოუყენებიათ თავიანთ სასარგებლოდ ქვეყნის რესპუბლიკური ხელისუფლების მოწინააღმდეგე კლერიკალური პარტიის ხელმძღვანელებსა და კონსერვატორებს. ისარგებლეს რა შექმნილი მდგომარეობით, ისინი პოლიციელებს წინ გადაეღობნენ და მღვდელმსახურთა გამოსახლების პროცესს წინააღმდეგობა გაუწიეს. საგაზეთო პუბლიკაციებზე დაყრდნობით, პ. ლერუა დაასკვნის, რომ ქართველი მამები სათანადოდ ვერ იყვნენ გარკვეულნი 1880 წლის მარტის დეკრეტის არსში და კლერიკალურმა პარტიამ მათი პროტესტი ხელისუფლებისა და ხსენებული დეკრეტის მიმართ თავიანთი წინააღმდეგობის გამოსახატავად გამოიყენა. ფრანგი მკვლევრის მიერ მოძიებულ საგაზეთო პუბლიკაციებში აღნიშნული საკითხი რამდენადმე ახლებური თვალთახედვითაა გაშუქებული. კერძოდ, განსხვავებით ქალაქ მონტობანის მერის მიერ ამ მოვლენიდან ხუთი წლის შემდეგ შედგენილი რაპორტისაგან, რომელშიც ქართველ კათოლიკე მამებს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქციის მიზანმიმართულად ორგანიზებაში ედებოდათ ბრალი, ქართველი ბერებისადმი „ნაკლები სიმპატიით განწყობილი“ ტარნე და გარონის გაზეთი La Respubliken კი ხაზგასმით აღიარებდა იმ ფაქტს, რომ „ქართველი მამების მოქმედება“ კორექტულობის ფარგლებს არ გასცილებია. პ. ლერუა, მის მიერ მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით, იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, ხსენებული აქტის განხორციელების შემდეგ როგორ წარიმართა მონტობანში მყოფი ქართველი ბერების ბედი. ფრანგი მკვლევრის მტკიცებით, 1880 წლის 20 დეკემბრისათვის მონტობანში ქართველ მღვდელთაგან მხოლოდ კიშტოტი რჩება ერთ მძიმედ დაავადებულ და ჰოსპიტალიზებულ ძმასთან ერთად. საამისოდ საჭირო ნებართვა ხელისუფლებისაგან მას იმ თხოვნის საფუძველზე მიუღია, რითაც ირწმუნებოდა, რომ მონტობანში „ქართველების დაწესებულებას კონგრეგაციის ხასიათი” არ გააჩნდა. მონტობანში მამა კიშტოტი 1882 წლამდე დარჩენილა. საფრანგეთის მთავრობისთვის წარდგენილ 1882 წლის ინფორმაციაზე დაყრდნობით, პ. ლერუა დაასკვნის, რომ „მამა კიშტოტი ისევ იქ ცხოვრობს და თანაც მარტო. ეს არის ბოლო შემთხვევა, როდესაც მისი სახელი ჩანს. მეტი ამის შესახებ ჩვენ არაფერი გვსმენია”. მონტობანში 1887, 1888 და 1890 წლებში არსებულ კონგრეგაციებთან დაკავშირებული მასალების შესწავლის საფუძველზე, პ. ლერუა იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ხსენებულ წლებში ქართველი მამები ამ ქალაქში უკვე საერთოდ აღარ იმყოფებოდნენ, მათი სამლოცველო და საცხოვრებელი სახლი კი „სამრეწველო შენობებად“ იყო გადაკეთებული. პ. ლერუას მტკიცებით, მონტობანში ხელმეორედ დამკვიდრებას ქართველი ბერები 1896 წელს შეეცადნენ. ხსენებული წლის ბოლოს მათ იქ ფარულად გაუხსნიათ თავიანთი სამლოცველო, მაგრამ 1897 წლის 29 ივნისს იგი "ხელახლა დაულუქავთ ხელშეშლის მიზნით“. მონტობანში იმხანად მყოფი კათოლიკე მღვდელმსახურ ანდრია წინამძღვრიშვილის (პ. ლერუას მოხსენიებით ანდრე წინამძღვაროვის) აქტიური ძალისხმევის შედეგად, 1897 წლის 15 ივლისს მან საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრისაგან ოფიციალურად მიიღო თანხმობა სამლოცველოს გახსნის თაობაზე იმ პირობით, რომ „იქ მხოლოდ ქართველი მღვდლები და მათი მოსწავლეები იქნებოდნენ მიღებულნი“. სამწუხაროდ, მონტობანის ქართული სავანის განახლებული არსებობა მეტად ხანმოკლე გამოდგა. სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, ეს გარემოება იმანაც არსებითად განაპირობა, რომ 1899 წლიდან მონტობანში უკვე საბოლოოდ შეწყდა წიგნების გამოცემა და იქ არსებული სტამბა სტამბოლის ქართულ სავანეში იქნა გადატანილი. პასკალ ლერუას დასკვნით, მონტობანის ქართველ კათოლიკე მამათა კონგრეგაციის საბოლოო ლიკვიდაცია 1903-1906 წლებში უნდა მომხდარიყო, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ფუნქციათა გამიჯვნის შედეგად. ამ დროიდან მოყოლებული, ქართველი მამების რელიგიურმა გაერთიანებამ მონტობანში უკვე საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა. ფრანგი მკვლევრის ეს მოსაზრება ფაქტობრივად ემთხვევა ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე გამოთქმულ თვალსაზრისს. მაგალითად, მ. ჯავახიშვილი, მონტობანის არქივში მოძიებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ „1901 წლისათვის ქართველთა კერა მონტობანში აღარ ფუნქციონირებდა. აქ იმყოფებოდა მხოლოდ სავანის მცველი ეგნატე გიორგიძე“[4, გვ. 39]. ს. გრიგალაშვილი კი მონტობანის ქართული სავანის დახურვის სავარაუდო თარიღად 1904 წელს ასახელებს და ამ მოვლენას შემდეგნაირად ხსნის: 1901 წელს რადიკალ-სოციალისტებისა და რადიკალების ერთიან რესპუბლიკურ პარტიად ჩამოყალიბებისა და ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, მათ თავიანთ ერთ-ერთ მთავარ ამოცანად კლერიკალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დაისახეს. 1902 წელს გამოცემული დეკრეტის თანახმად, დაიხურა კონგრეგაციების მიერ დაარსებული 125 სკოლა. 1904 წლის 7 ივლისს მათ გამოსცეს კანონი ქვეყნის ტერიტორიაზე კონგრეგაციული სწავლების საერთოდ აკრძალვის შესახებ და მთავრობაში დასამტკიცებლად შეიტანეს კანონპროექტი სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის თაობაზე. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ძნელი არ არის დავასკვნათ, რომ ქართველ კათოლიკეთა სავანის არსებობის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო... ამდენად, შეიძლება ვთქვათ, რომ 1904 წლის ხსენებული კანონის შემდეგ, ალბათ მალევე, თუ მანამდე არა, თავისი არსებობა დაასრულა მონტობანის ქართველ კათოლიკეთა ცენტრმა“[1, გვ. 125-126]. პასკალ ლერუას ნარკვევისადმი ინტერესს არსებითად ზრდის ის ფაქტიც, რომ მასში მონტობანში მყოფი ქართველი მამებიც არიან პიროვნულად დასახელებულნი. თუმცა, იმის გამო, რომ ხსენებულ პიროვნებათა სახელებსა და გვარებს ფრანგი მკვლევარი ფრანგულად ტრანსფორმირებული ფორმით ასახელებს, მათი ნამდვილი ვინაობის დადგენა ფაქტობრივად ვერ ხერხდება. კერძოდ, 1880 წლის სექტემბერში ტარნი და გარონის პრეფექტის მიერ მთავრობისადმი გაგზავნილ მოხსენებით ბარათზე დაყრდნობით, პ. ლერუა კონკრეტულად ასახელებს იმ ქართველი მღვდლების გვარებსა და სახელებს, რომლებიც იმხანად მონტობანში იმყოფებოდნენ. ეს პიროვნებანი არიან: ჟან კიშტოტი, 30 წლისა, დაბადებული ახალქალაქში; პ. ლერუას ინფორმაციით, დასახელებული პიროვნებანი მღვდლები ყოფილან; თუმცა პირველი და მეორე მათგანის შესახებ იგი იმასაც გვაუწყებს, რომ ისინი დიდი სემინარიის მოსწავლეები იყვნენ. ინფორმაციის ამგვარი გაორების გამო, მკითხველისათვის ზუსტად გაურკვეველი რჩება, ხსენებული ქართველები (კიშტოტი და ლალდაზანკი) ერთდროულად სასულიერო მოღვაწეობასაც ეწეოდნენ და მოსწავლეებიც იყვნენ თუ მხოლოდ სემინარიელებს წარმოადგენდნენ. სამწუხაროდ, სათანადო დოკუმენტური მასალების ნაკლებობისა და მონტობანში მყოფ ქართველ მღვდელმსახურთა და მოსწავლეთა გვარ-სახელების გადასხვაფერებული ფორმით დასახელების გამო, ჯერჯერობით შეუძლებელია, ზუსტად განისაზღვროს მათი ვინაობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პ. ლერუამ 2009 წლის 5 ივნისს დამატებით ასეთი რამ შემატყობინა: „მე მოგწერეთ ბერთა სახელები იმგვარად, როგორაც ეს ფრანგულ საარქივო მასალებში იყო მითითებული; მაგრამ რადგანაც იმ დროის სახელმწიფო მოსამსახურეები არ იცნობდნენ ქართველებს, ასევე მეც არაფერი შემიძლია მათზე რაიმეს თქმა“. დღესდღეობით ჩვენთვის ხელმისაწვდომი მასალების საფუძველზე, მონტობანში სხვადასხვა დროს მოღვაწე ქართველ კათოლიკე მამათა სია შემდეგნაირად გამოიყურება: პეტრე ხარისჭირაშვილი, ანდრია წინამძღვრიშვილი, სტეფანე გიორგიძე, ალფონს ხითარიშვილი, ათანასე ნასყიდაშვილი, დომინიკე მუღაშაშვილი, ავგუსტინე კიკნაძე, იოსებ წალდაძე... დასახელებულ პიროვნებათა და პ. ლერუას მიერ ჩამოთვლილ ქართველთა ასაკიცა და გვარ-სახელებიც იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რომ მათ შორის რაიმე იდენტობის ძიება ფაქტობრივად შეუძლებელია. ვფიქრობ, ზემოთ დამოწმებული მაგალითები სავსებით მყარ საფუძველს იძლევა იმის სათქმელად, რომ მონტობანის მუნიციპალური არქივების დირექტორ პასკალ ლერუას მიერ მოძიებული დოკუმენტური მასალები დღემდე უცნობი ახალი შტრიხებით ამდიდრებს მონტობანის ქართველ კათოლიკე მამათა სავანის ისტორიას. გამოყენებული ლიტერატურა:
|
კატეგორიები ჟურნალის არქივი
|