ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ხატია მიქაბერიძე 

ვეფხისტყაოსნის ახალი ინგლისურენოვანი თარგმანი

 

13 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურ ენაზე ახალ მთარგმნელს ლინ კოფინს უმასპინძლა. ამერიკელმა პოეტმა, დრამატურგმა და მთარგმნელმა 2015 წლის სექტემბერში „ვეფხისტყაოსნის“ რიგით მეხუთე ინგლისურენოვანი თარგმანი გამოსცა. ახალი თარგმანი გამომცემლობა „პოეზიამ“ მოამზადა. მთარგმნელმა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანზე მუშაობა 2012 წელს დაიწყო პროფესორ დოდონა კიზირიასთან ერთად, რომელმაც ნაწარმოების ბწკარედები შეასრულა. თარგმანს საფუძვლად დაედო ნაწარმოების ორი გამოცემა, პირველი 1966 წელს „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის მიერ მომზადებული და პროფესორ ნოდარ ნათაძის მიერ კომენტირებული, ე.წ. სასკოლო გამოცემა. პოემის ახალ თარგმანს რედაქტირება ნოდარ ნათაძემ გაუკეთა.

წიგნის პრეზენტაციაზე ლინ კოფინი თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ წარადგინა და მადლობა გადაუხადა მას გენიალური ქართული ნაწარმოების ახალი ინგლისური თარგმანის შექმნისათვის. მთარგმნელს სიტყვით მიმართა თსუ-ს ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა ელგუჯა ხინთიბიძემ. მან აღნიშნა წარმოდგენილი თარგმანის ღირებულება, უპირველეს ყოვლისა, იმ მხრივ, რომ იგი ახალია, 21-ე საუკუნეშია შესრულებული, როდესაც ოთხივე მისი წინამორბედი მე-20 საუკუნეში ითარგმნა.

ბატონმა ელგუჯა ხინთიბიძემ ასევე ისაუბრა ახალი თარგმანის წინა თარგმანებისაგან განსხვავებულ ტექსტით ფორმაზე, ყურადღება გაამახვილა მასში გამოყენებულ რუსთველისეულ მეტრსა და რიტმზე და ერთ-ერთ დადებით მხარედ გამოყო ისიც, რომ პოემის თარგმანი ცნობილმა ამერიკელმა პოეტმა და მთარგმნელმა შეასრულა, რომელიც ავტორია არაერთი ინგლისურენოვანი თარგმანისა რუსულიდან, ჩეხურიდან თუ სხვა ენებიდან. წიგნის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების მიმართულებისა და საქართველოში ბაირონის საზოგადოების ხელმძღვანელი, პროფესორი ინესა მერაბიშვილი. ცნობილმა მთარგმნელმა (როგორც ქართულიდან ინგლისურ, ასევე ინგლისურიდან ქართულ ენაზე) ქალბატონმა ი. მერაბიშვილმა აღნიშნა ახალი თარგმანის დიდი ღირებულება და ყურადღება გაამახვილა „ვეფხისტყაოსნის“ ზოგიერთი საკვანძო ადგილის გადატანაზე წყარო ენიდან სამიზნე ენაში. ახალ თარგმანზე ისაუბრა თსუ-ს ძველი ქართული ლიტერატურის მიმართულების დოქტორანტმა ხატია მიქაბერიძემაც, რომელიც დაინტერესებულია „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისური თარგმანებით და აქტიურად არის ჩაბმული მათი კვლევის არეალში.

აუდიტორიას მიმართა მთარგმნელმაც, მოუთხრო, თუ როგორ დაიწყო „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნა. მას ქართულიდან სხვა ნაწარმოებებიც აქვს თარგმნილი, მათ შორის „ქართული პოეზიის ანთოლოგია“, რომელიც 2013 წელს პროფესორ დოდონა კიზირიას რედაქტორობით აშშ-ში გამოიცა. ანთოლოგიაში შესულია ლინ კოფინის მიერ თარგმნილი ქართული პოეზია მეცხრამეტე საუკუნის ჩათვლით. ლინ კოფინს თარგმნილი აქვს თანამედროვე ქართული პოეზიის ნიმუშები: დათო ბარბაქაძის, გიორგი კეკელიძის, გივი ალხაზიშვილის, ზაზა აბზიანიძის ლექსები. 2012 წელს თბილისში გამოიცა მისი ლექსების გია ჯოხაძის მიერ შესრულებული ქართული თარგმანებიც.

მთარგმნელმა ისაუბრა თავისი თარგმანის სპეციფიკაზე, მის ძირითად უპირატესობად გამოყო მუსიკალურობა, ის, რომ ახალი თარგმანის რიტმიკა უფრო ემსგავნება ორიგინალისას, ვიდრე რომელიმე სხვა ინგლისურენოვანი თარგმანისა. მისი აზრით, 16 მარცვლიანი სტროფის არჩევა საზომად, თარგმანის რიტმი და მუსიკა მას განუმეორებელს ხდის არსებულ ოთხ თარგმანთა შორის. მთარგმნელმა ასევე აქცენტი გააკეთა ნაწარმოებზე მუშაობის პროცესის სპეციფიკაზე, როგორც ცნობილია, ბწკარედულ თარგმანს ასრულებდა პროფესორი დოდონა კიზირია. მთარგმნელმა აღნიშნა, რომ სამუშაოს ასეთი სპეციფიკიდან გამომდინარე ხშირად უსვამენ კითხვას, თუ როგორ შეძლო ნაწარმოების თარგმნა, როდესაც არ იცოდა მისი სრული შინაარსი, არ იცოდა თუ რა მოხდებოდა ბოლოში?! მისი პასუხი კი საკმაოდ ორიგინალურად ჟღერს: რუსთაველმა თვითონაც არ იცოდა თუ რა მოხდებოდა დასასრულს, როდესაც ნაწარმოებს წერდაო. ამერიკელმა მთარგმნელმა დიდი სიამოვნებით წაუკითხა მსმენელს „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები თავისი ახალი თარგმანიდან.

„ვეფხისტყაოსნის“ თარგმნა უცხო ენებზე, განსაკუთრებით კი ინგლისურაად უმნიშვნელოვანესია ნაწარმოების პოპულარიზაციისათვის მსოფლიო მასშტაბით. ნებისმიერი თარგმანის შექმნა, ყოველგვარი შეფასებების გარეშე, როგორც ფაქტი, უკვე მისასალმებელი და სასიამოვნოა, მით უმეტეს თუ იგი შესრულებულია ცნობილი, გამოცდილი მთარგმნელის ხელით. ვიმედოვნებთ, ახალი თარგმანი ხელს შეუწყობს გენიალური ქართული პოემით მრავალის და მრავალის დაინტერესებას. ყოველი ახალი თარგმანი ხომ ახალი გზაა ორიგინალისაკენ. დღესდღეობით კი „ვეფხისტყაოსნისაკენ“ მისასვლელი გზა არც თუ ისე ბევრია. ჩვენი მიზანია, შეიქმნას კიდევ ბევრი თარგმანი, ეტაპობრივად დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს მათი ტექნიკა და დაექვემდებაროს თანამედროვე თარგმანის თეორიის დებულებებს. თარგმანის თეორეტიკოსები თანხმდებიან შეხედულებაზე, რომ იდეალური თარგმანი არ არსებობს, თარგმანი ვერ წარმოაჩენს ზუსტად ორიგინალს, თუმცა საუბრობენ კარგ თარგმანებზე, თარგმანებზე რომლებიც აკმაყოფილებენ იმ წესებს, რაც დროთა განმავლობაში დამკვიდრდა თარგმანის თეორიაში. მუდმივი მუშაობით, ნაწარმოებისადმი დიდი ინტერესით და უკვე დაგროვებული გამოცდილების გათვალისწინებით შევძლებთ მივიღოთ იდეალური თუ არა, მასთან მიახლოებული თარგმანი ან თარგმანები. ლინ კოფინის მიერ შესრულებული „ვეფხისტყაოსნის“ ახალი თარგმანი ამ საქმეს, ქართულ საქმეს ემსახურება და უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამიტომაა მისასალმებელი, ხოლო მისი ადეკვატურობა ორიგინალთან, მასში შინაარსის, ხატის, ქვეტექსტისა თუ კონცეპტის ტრანსფორმაცია შემდგომი შესწავლის საკითხია.