ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 თამარ მელიქიძე

საქართველოს ისტორია ამერიკელის თვალით

პიტერ სკინერი, საქართველო: ქვეყანა კავკასიის მთების ქვეშ

 

პიტერ სკინერის მონოგრაფია მაღალპოლიგრაფიულ დონეზეა გამოცემული. პუბლიკაცია აშკარად შეესაბამება თავად გამომცემლობის მიზანს: საქართველოს „ქარიშხლიანი“ ისტორია და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც დასავლეთისთვის ნაკლებადაა ცნობილი, ილუსტრირებული და ინფორმაციულად გამდიდრებული წიგნებით გახადონ ხელმისაწვდომი ამერიკისა და ევროპისათვის [8].

წიგნი განკუთვნილია ინგლისურენოვანი მკითხველისათვის და უთუოდ შეუწყობს ხელს იმას, რომ არაქართველენოვანმა მკითხველმა მეტი იცოდეს საქართველოს შესახებ და რომ თანამედროვე მსოფლიო სიმპათიით განაწყოს ქართველი ხალხისა და „ქართლის გმირული ცხოვრებისადმი“. ავტორი მოკრძალებულია. იგი ვარაუდობს, რომ წიგნი არ არის შეცდომებისგან დაზღვეული: ჩემი წიგნის გაცნობის შემდეგ ქართველებს, შეიძლება, უკმარობის გრძნობა გაუჩნდეთ, მასში შეამჩნიონ უზუსტობები, განსაკუთრებით – ისტორიკოსებმა. რა თქმა უნდა, მომავალში შეიძლება დაიწეროს ისეთი წიგნი, რომელიც ინგლისურენოვან მკითხველს ამ წიგნთან შედარებით უფრო ნათელ წარმოდგენას შეუქმნის საქართველოს ისტორიაზე [7, გვ. II].

თხრობა იწყება ანტიკური პერიოდის საქართველოდან და ძველი ქართველური სახელმწიფოებრივი გაერთიანებების მჭიდრო კავშირებით საბერძნეთსა და რომთან და სრულდება 1921 წლით, როდესაც საბჭოთა რუსეთმა დაამხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ავტორი მიზნად ისახავს, თავი აარიდოს საუკუნეების მანძილზე ყველა მოვლენისა თუ ფაქტის დეტალურ აღწერას და ზოგადად მიმოიხილოს ქვეყნის სოციალური თუ პოლიტიკური მდგომარეობა, ერის კულტურული განვითარების ეტაპები, სახელმწიფოს მიღმა არსებული სოციუმის ყოფა, იგი აქცენტს აკეთებს ყველა იმ სირთულის დაძლევაზე, რომელიც საქართველოს თავისი არსებობის მანძილზე მოუწია – იქნებოდა ეს ბერძნული კოლონიზაციის ხანა თუ არაბ დამპყრობელთა შემოსევები, ყიზილბაშობა და ოსმალობა თუ რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია. მონოგრაფიის შესავალში შენიშნულია, რომ, მართალია, წიგნის ბიბლიოგრაფია მიუთითებს იმაზე, რომ მანამდეც საკმაო რაოდენობით გამოქვეყნებულა ინგლისურენოვანი გამოცემები საქართველოს ისტორიის შესახებ, მაგრამ ისინი უფრო ესეისტურ ხასიათს ატარებენ, ან უცხოენოვანი მკითხველისთვის რომელიმე კონკრეტული ეპოქის დეტალური და დამღლელი მიმოხილვით შემოიფარგლებიან. იმავე სინანულს ამჟღავნებს ბატონი სკინერი უფრო ადრე გამოქვეყნებულ წერილში – „დაკარგული ქვეყანა”.

იგი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ინგლისურ ენაზე საქართველოს შესახებ ძალიან ცოტა იბეჭდება და რაც დაბეჭდილია, არაა ხელმისაწვდომი ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის: „ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანები „საქართველოს" პირველად (და ხშირად უკანასკნელად) საკლასო ოთახში ხვდებიან, სადაც ეცნობიან მითს იაზონისა და არგონავტების შესახებ. ამით მათ ბუნდოვანი წარმოდგენა ექმნებათ კოლხეთსა და კავკასიაზე, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობა მოსწავლეებისთვის ამითვე მთავრდება. შემდგომ ჩვენ შეიძლება მივყვეთ პომპეუსს აფრიკასა და ესპანეთში, მაგრამ არა იბერიასა და კოლხეთში. ამით ამოიწურება ჩვენი უმნიშვნელო ცოდნა საქართველოს წარსულზე. საკითხავია – რატომ? რატომ არ იცის არაფერი უმრავლესობამ ამ ქვეყნის შესახებ? არაფერი იცის მის ბრწყინვალე ქრისტიანულ კულტურასა და აქ მცხოვრები ხალხის განსწავლულობაზე; არაფერი იცის საქართველოზე, რომელიც შეუპოვრად იბრძოდა არაბების, ჯალალედინის, მონღოლების, თემურ-ლენგის, სპარსეთის, თურქეთისა და რუსეთის წინააღმდეგ… რატომ არ ვიცით ჩვენ, ვინ იყო ფარნავაზი, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარი, თეიმურაზ I, ვახტანგ VI, ერეკლე II? რატომ არის, რომ ასე ძალიან ცოტა რამ ვიცით ვეფხისტყაოსანზე და რომ ჩვენთვის სრულიად უცნობია წერეთლის, ჭავჭავაძის, ვაჟას ან გალაკტიონის სახელები? არ ვიცით, ვინ იყო ფიროსმანი, გუდიაშვილი, კაკაბაძე...”[5, გვ. 96]

მონოგრაფიაში უხვადაა გამოყენებული ილუსტრაციები – სამეფო გვარის დინასტიათა გენეალოგიური ხეები, ამა თუ იმ მეფეთა პორტრეტები და ისეთი სურათები, რომლებიც სამეფო კარზე დატრიალებული სხვადასხვა ამბებს გადმოსცემენ, მათ შორის აღსანიშნავია ფრანგი ხელოვანის - ჩარლზ მიშელ ჯოფრის (1819-1882) გრავიურა, სადაც გიორგი XII-ის ქვრივი – დედოფალი მარიამი კლავს გენერალ ლაზარევს. წიგნში ასევე ვხვდებით ეპოქების მიხედვით ცვალებადი საქართველოს პოლიტიკურ რუკებს, სისხლიანი ბრძოლებისა და შემოსევების ამსახველ ნახატებს, ეკლესია-მონასტრების სურათებს, წმინდანთა ფრესკებს, მთისა თუ ბარის პეიზაჟებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილთა სპეციფიური ტანისამოსის ამსახველ ფოტო-მასალას.

ამერიკელი ისტორიკოსი, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური მდგომარეობით, როგორც ჩანს, კარგად იცნობს ქართული ეროვნული ინტერესებით გაჟღენთილ ლიტერატურას. მასზე, სავარაუდოდ, დიდი ემოციური გავლენა მოუხდენია ილია ჭავჭავაძის მგზავრის წერილებს და მასში ავტორზე მითითების გარეშე ციტირებულ გრიგოლ ორბელიანის სიტყვებს “სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა”. ამით უნდა იყოს გამოწვეული, რომ ეს სიტყვები ამერიკელ მეცნიერს დიდი ილიას სახელით დაუსტამბავს და წიგნის წინასიტყვაობა ამით დაუსრულებია.

სკინერის აზრით, ეს მონოგრაფია არ წარმოადგენს რაიმე სიახლის აღმომჩენ სამეცნიერო კვლევას და ანალიზს, რადგანაც ასეთი მუშაობა ავტორისგან მოითხოვს ქართულისა და რუსული ენების უმაღლეს დონეზე ფლობას, ასევე, გარდა ქართულისა, თურქული, სპარსული, სომხური და აზერბაიჯანული წყაროების სიღრმისეულ შესწავლას. ავტორი გულდაწყვეტით აღნიშნავს, რომ ქართულენოვანი მასალა ინგლისურ ენაზე მწირადაა, მოიძიება მხოლოდ მთავარ ბიბლიოთეკებში და ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა. ამასთანავე ავტორი არ ივიწყებს იმ პირველ უცხოელ მკვლევართა ამაგს, რომელთაც ქართული კულტურა ევროპისა და ამერიკისთვის ხელმისაწვდომი გახადეს, განსაკუთრებით მოიხსენიებს საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ მეცნიერებს, სხვადასხვა წიგნთა ავტორებს: უილიამ ედვარდ ალენს – (William Edward David Allen) „ქართველი ხალხის ისტორია” (“A history of the Georgian people (1932)”), დევიდ მარშალ ლანგს – “The Last Years of the Georgian Monarchy, 1658-1832 (New York: Columbia University Press, 1957); A Modern History of Georgia (London: Weidenfeld and Nicolson, 1962); The Georgians (New York: Praeger, 1966); რონალდ გრიგორ სუნის (Roland Grigor Suny) – “The Making of the Georgian Nation” (Indiana University Press, 1988, 1994); სტივენ ჯონსს და დონალდ რეიფილდს, ეს უკანასკნელი ქართული საზოგადოებისთვის ცნობილია თავისი ქართულ-ინგლისური ლექსიკონითაც[4]. (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალ „ქართველოლოგში” ეტაპობრივად იბეჭდება თანამედროვე უცხოელ მკვლევართა ნაშრომების მოკლე მიმოხილვები და მათ შორისაა დ. რეიფილდის ახალი მონოგრაფია საქართველოს ისტორიაზე – Edge of empires: a history of Georgia[3, გვ. 114; 1, გვ. 207; 2, გვ. 342; 6].

სკინერის მონოგრაფია 6 თავისა და 21 ქვეთავისაგან შედგება. სანამ უშუალოდ წიგნის რამდენიმე საინტერესო მონაკვეთზე ვისაუბრებდეთ, მკითხველს წიგნში განხილული მასალის შესახებ სრული წარმოდგენა რომ შეექმნას, გთავაზობთ თავებისა და მასში შემავალი ქვეთავების ჩამონათვალს:

1. ანტიკური ეპოქის საქართველო: ბერძნები, რომაელები და ქრისტიანობის შემოსვლა
ა) საქართველო: ბუნების საჩუქარი, ბუნების გამოწვევა;
ბ)კოლხები და ბერძნები: მითი და რეალობა;
გ) იბერია: რომის მოკავშირე კავკასიაში;
დ) ქრისტიანული საქართველო: ახალი გამოწვევები, ახალი იმედები;

2. არაბ დამპყრობელთაგან საქართველოს ოქროს ხანამდე.
ა) არაბთა შემოსევა და საქართველოს წინააღმდეგობა;
ბ) საქართველოს ხელახალი დაბადება: ბაგრატ III-დან სელჩუკთა შემოსევებამდე;
გ) საქართველოს ძლიერება და ოქროს ხანა;

3. დამპყრობლები და ოკუპანტები: ჯალალ ედ-დინი, თემურ ლენგი.
ა) ჯალალ ედ-დინი და მონღოლები: საქართველოს გადარჩენა;
ბ) საქართველოს აღორძინება და მონღოლთა დაკნინება;
გ) საქართველო მეორე სახანოს შემდგომ: თემურ ლენგის შემოსევები და ეროვნული აღორძინება;

4. დაყოფილი საქართველო და თურქი და სპარსი დამპყრობლები.
ა) გვიანი XV საუკუნე: დროებითი ერთიანობა;
ბ) საქართველო XVI საუკუნეში: გადაურჩე თურქ და სპარსელ დამპყრობლებს;
გ) საქართველო XVII საუკუნეში: სპარსელთა ბატონობა;
დ) მშფოთვარე წლები – პეტრე მეფის თარეში, ოსმალობა და ყიზილბაშობა;
ე) თეიმურაზ II(1732-62) და ერეკლე II (1744-98) ტრიუმფი და ტრაგედია;

5. დამოუკიდებლობის დაკარგვა: საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ.
ა) რკინის მუშტი: საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ – 1801-1845;
ბ) ხავერდის ხელთათმანი: რუსეთის საქართველო, 1845-1880;
გ) რუსული რეპრესიები: საქართველოს მიერ გაწეული წინააღმდეგობა და აჯანყებები -1880-1907;

6. დამოუკიდებელი საქართველო – 1918-1921: საბჭოთა კავშირის შემოჭრა 1921 წელს.
ა) პირველი მსოფლიო ომი, რუსეთის რევოლუცია და დამოუკიდებელი საქართველოს დაბადება;
ბ) საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკა, 1918-1921;
გ) საქართველოს ბედი 1921 წელს საბჭოთა კავშირის წევრად გამოცხადების შემდგომ: დასკვნა.

მონოგრაფიაში გამოყენებული მასალა საკმაოდ მოცულობითია. წიგნის პირველსავე თავში ავტორი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველო, ანუ „ქვეყანა კავკასიის მთების ქვეშ” ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდის საბერძნეთისთვის იყო ცნობილი. პრომეთესა და იაზონის გმირები, არგონავტების მითოსური ციკლი ამის ნათელი მაგალითია. იმდროინდელ წყაროებში არც თუ იშვიათია კოლხეთის, კოლხური ტომების ხსენება. ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში ესქილე თავის ტრაგედიაში მიჯაჭვული პრომეთე აღნიშნავს, რომ ზევსთან ურჩობის გამო გმირი პრომეთე მან კავკასიის ქედზე მიაჯაჭვა; ასი წლის შემდეგ, დაახლოებით III საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე აპოლონიოს როდოსელი არგონავტიკაში აღწერს ბერძენი იასონისა და მისი თანამზრახველების მოგზაურობას კოლხეთის სამეფოში ოქროს ვერძის მოსაპოვებლად. აქვე მოხმობილია პლუტარქეს შეხედულება მითების თაობაზე, რომ „ამბები და თქმულებები ჩვენამდე მოდიან პოეტებისა და დრამატურგების მეშვეობით, ხშირად ეს ინფორმაცია რეალობასთან არანაირ კავშირშია”. სკინერის აზრით კი, ამ მითებმა და თქმულებებმა თავისი საქმე გააკეთა, კოლხეთი ბერძნულ ცნობიერებაში აღიბეჭდა და ცოტა მოგვიანებით, მითს უკვე რეალობა შეერწყო – ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII საუკუნეში დაიწყო მილეტელი ბერძნების მასიური გადმოსახლება კოლხეთის სანაპიროზე. ლოგიკურია, რომ ეს ახალმოშენეები მილეტში მაცხოვრებელ ბერძნებს გარკვეულ ინფორმაციას გადასცემდნენ ადგილობრივ კოლხებზე და რეგიონის განვითარების დონეზე. თუმცა ამის შესახებ ისტორიული წყარო არ შემორჩენილა. შემდგომ სკინერი მიმოიხილავს დიოდორე სიცილიელისა (ჩვ. წ. აღ-მდე I საუკუნე) და სტრაბონის (ჩვ. წ. აღ-ით I საუკუნე) ცნობებს კოლხეთისა და საქართველოს სხვა კუთხეების შესახებ და აღნიშნავს, რომ ეს უკვე აღარ არის მითებსა და წარმოდგენებზე დაყრდნობილი ინფორმაცია. დიოდორე სიცილიელისა და სტრაბონის აღწერებმა და განსაკუთრებულად კი რომაელების შემოსევებმა კავკასიაში განაპირობა საქართველოს სამეფოს სახელის მოხსენიება დასავლურ ისტორიულ წყაროებში.

საინტერესოა XII საუკუნის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ვითარების სკინერისეული შეფასება. მისი მითითებით, ოქროს ხანის უმნიშვნელოვანესი პიროვნებები იყვნენ მეფეები დავით აღმაშენებელი, გიორგი III და თამარ მეფე. მათმა გონებამახვილურმა მმართველობმამ განაპირობა ის, რომ საქართველომ მოიპოვა კავკასიაში ძლიერი სახელმწიფოს სტატუსი და მიაღწია საერთაშორისო აღიარებას. დავით აღმაშენებელმა უწყოდა, რომ ცენტრალიზებული სახელმწიფოს გაძლიერებისა და განმტკიცების სამსახურში პირველ რიგში ეკლესია უნდა მდგარიყო და შესაბამისად მოახდინა საეკლსიო ინსტიტუტის რეორგანიზაცია – უღირსი მღვდელმთავრები გაათავისუფლა პოზიციებიდან და სახელმწიფოს ერთგული პირებით ჩაანცვლა. სკინერი ასევე საუბრობს დავით მეფის მცდელობაზე, აეშენებინა საქართველოს ყველა კუთხეში ეკლესიები, რადგანაც ამ პერიოდიდან მკვეთრად განისაზღვრა, რომ ეკლესია-მონასტრებს უნდა ჰქონოდა საგანმანათლებლო ფუნქცია, რისი ნათელი მაგალითიცაა ამ პერიოდში ორი დიდი აკადემიის – გელათისა და იყალთოს დაარსება. ავტორი ასევე ხაზს უსვამს სწავლების იმ მაღალ დონეს, რასაც იქ მისულ ადამიანს სთავაზობდნენ. კლასიკური კვადრივიუმის საგნებთან ერთად (თეოლოგია, ფილოსოფია, რიტორიკა, ასტრონომია) აქვე ისწავლებოდა პრაქტიკული დისციპლინები, როგორიცაა მედიცინა, ფარმაკოლოგია, მეთუნეობა, მეფოლადეობა. სკინერი ეთანხმება ქართველ ხალხში პოპულარულ მოსაზრებას, რომ შესაძლებელია, შოთა რუსთაველს განათლება ზუსტად იყალთოს აკადემიაში ჰქონოდა მიღებული.

აღსანიშნავია ამერიკელი ისტორიკოსის დამოკიდებულება რუსთაველის ვეფხისტყაოსანთან. როგორც ჩანს, სკინერი კარგად იცნობს პოემის შინაარსს და მეცნიერებაში გამოთქმულ მოსაზრებებსა და კრიტიკულ ლიტერატურას. მონოგრაფიაში პოემა რამდენჯერმე იხსენიება. ასევე ვხვდებით ვეფხისტყაოსნის ერთი ხელნაწერის ცნობილ ილუსტრაციას, იგი შესრულებულია პერგამენტზე მხედრული ანბანით და თარიღდება 1680 წლით. სკინერი აღნიშნავს ვახტანგ მეექვსის ღვაწლს ვეფხისტყაოსნის ტექტის ბეჭდურად გამოცემასთან დაკავშირებით. იგი მიიჩნევს, რომ პოემა გამოირჩევა განსაკუთრებული დრამატულობით, მასში განსახიერებულია ყოველგვარი სათნოება – გმირული სიმამაცე, ჭეშმარიტი, გულწრფელი სიყვარული, ერთგულება, თავგანწირვა. ეპოსის სამოქმედო არეალი საქართველოს საზღვრებს ცდება და გადატანილია სპარსეთს, ინდოეთსა და არაბეთში. სკინერი იცნობს ცნობილ უცხოელ მეცნიერთა აზრებს ვეფხისტყაოსანზე, ისევე როგორც ქართველ რუსთველოლოგთა გამოკვლევებს. იგი წერს: „თავის ესეების კრებულში შთაგონება და პოეზია ინგლისელი ჰუმანისტი მორის ბოურა ვეფხისტყაოსანს უწევს საინტერესო წარდგინებას, განიხილავს რუსთაველის წარმოსახვით გონიერ, სააზროვნო სამყაროს და პოემას მისი ეპოქის უდიდეს ნაწარმოებთა შორის უმკვიდრებს ადგილს. როგორც ქართველი მეცნიერი ელგუჯა ხინთიბიძე გამოავლენს თავის კვლევაში რუსთაველის ვეფხისტყაოსნის კვალი შექსპირის ეპოქის თეატრში (2007), ვეფხისტყაოსნის უმთავრესი სიუჟეტური ქარგა ინგლისში გამოჩნდა მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში [7, გვ. 449].

ვფიქრობ, მონოგრაფია თავისი თანმიმდევრული მიმოხილვით საქართველოს ისტორიის უძველესი ხანიდან XX საუკუნის პირველი მეოთხედის ჩათვლით, პოპულარული სტილით, ილუსტრირებული მდიდრული გამოცემით ხელს შეუწყობს ინგლისურენოვან მკითხველთა შორის ჩვენი ქვეყნით უკეთ გაცნობას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:
1. აფციაური ნ., “გერმანულენოვანი მონოგრაფია უძველესი ქართული წარწერების შესახებ”, ქართველოლოგი, №20, თბილისი 2014.
2. აფციაური ნ., “ტყის დედოფალი; მითები და თქმულებები საქართველოდან”, ქართველოლოგი, №19, თბილისი 2013.
3. გორდეზიანი ლ., “დონალდ რეიფილდის „საქართველოს ისტორია”, ქართველოლოგი, №20, თბილისი 2014.
4. დიდი ქართულ ინგლისური ლექსიკონი, ორ ტომად, დონალდ რეიფილდის რედაქტორობით, გამომცემლობა “გარნეტი“, ლონდონი 2006.
5. სკინერი პ., “დაკარგული“ ქვეყანა”, ქართველოლოგი, №20, თბილისი 2014.
6. Rayfield D., Edge of empires: a history of Georgia, Reaktion Books, London 2012.
7. Skinner P., Georgia The land Below the Caucasus, Narikala Publications, 2014
8. http://narikalabooks.com/about.html

 

ლაურა გრიგოლაშვილი 

ანდრია კრიტელის დიდი კანონის ქართული თარგმანები და კანონის,

როგორც ჟანრის ჩამოყალიბების რამდენიმე ასპექტი

 

ანდრია კრიტელის “დიდი კანონი’’ სულიერი კულტურის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ინტერესს ამ საგალობლისადმი რამდენიმე მიზეზი განაპირობებს. ამ კანონითაა შთაგონებული დიდი ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის “გალობანი სინანულისანი’’, მასთანაა დაკავშირებული ჩვენი მწერლობის სამი უდიდესი წარმომადგენელი: ექვთიმე მთაწმიდელი, გიორგი მთაწმიდელი და არსენ იყალთოელი, რომელთაც ერთმანეთის მიყოლებით თარგმნეს და ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დაამკვიდრეს იგი. და, რაც მთავარია, დღეს ხდება ერთგვარი გადაფასება რელიგიურ-მისტიკური გამოცდილებისა, თვით ასკეტიზმისა, როგორც განსაკუთრებული ფენომენისა. პოსტმოდერნიზმისა და პოსტსრუქტურალიზმის წარმომადგენლებიც კი ინტერესდებიან ასკეზის რაობით და აღიარებენ მას, როგორც პოზიტიურ მოვლენას. მეტიც: ასკეტიზმს მიიჩნევენ კულტურის, როგორც ასეთის, უნივერსალურ წინაპირობად, საფუძვლად, რომელიც განსაზღვრავს კულტურათა ნათესაობას და ქმნის შესაძლებლობას ამ კულტურათა შორის კომუნიკაციის დამყარებისა. აღიარებენ, რომ უნივერსალური ეთიკის საფუძვლები სწორედ ასკეტურ ლიტერატურაშია გამოკვეთილი და  ამ  პრინციპებს დღეს ინტელექტუალური ელიტა ახალს ვერაფერს ჰმატებს. ზოგი მეცნიერი იმასაც კი ფიქრობს, რომ ასკეზის ერთ-ერთ წამყვან, ძირითად მოტივთან სინანულთან დაკავშირებულ მძაფრ, რთულ, დრამატულ განცდათა მონაცვლეობას ტრაქტატებზე უკეთესად ლიტურგიული პოეზია გამოხატავს და დაბეჯითებით გვირჩევს, ჩავუღრმავდეთ ანდრია კრიტელის სინანულის საგალობელს, განთქმულ “დიდ კანონს’’ [16, გვ. 65].

ანდრია კრიტელის “დიდი კანონი’’ ქართულ ლიტურგიულ პრაქტიკაში XI საუკუნის I ნახევრიდან, კონსტანტინეპოლური ტიპიკონის  შემოსვლასთან  ერთად იწყებს დამკვიდრებას. ამდენად, ძველ ხელნაწერებში დაცული “დიდი კანონის’’ ქართულ თარგმანებში შემონახულია მისი არქაული სახე; ბერძნული მარხვანები კი ამ
 
საგალობლის შემცველ ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერთა შედარებით გვიანდელ ტრადიციას ემყარება. ესეც ზრდის “დიდი კანონის’’ ქართული თარგმანების მნიშვნელობას მედიევისტიკისთვის.

პირველი ცდა “დიდი კანონის’’ ქართულ ენაზე გადმოღებისა ექვთიმე მთაწმიდელის სახელთანაა დაკავშირებული. მისი  მთარგმნელობითი პრინციპების შესახებ ქართულ მეცნიერებაში ბევრი თქმულა და დაწერილა. განსაზღვრულია ანდრია კრიტელის “დიდი კანონის’’ ექვთიმესეული თარგმანის რაობაც. მნიშვნელოვანია, რომ ექვთიმეს თარგმანის შესახებ გვაქვს “დიდი კანონის’’ მთარგმნელთა (გიორგი მთაწმიდელი, არსენ იყალთოელი) დეფინიციები, რომლებიც უმაღლესი კომპეტენციის გამოხატულებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამასთან, გიორგი მთაწმიდელისა და არსენ იყალთოელის შეფასებები ურთიერთთანხვედრია. რას გვაუწყებენ  ისინი?  ექვთიმე  მთაწმიდელმა  გამოტოვა  “დიდი  კანონის’’  ბიბლიური სახე-სიმბოლოები, ვითარცა გონებისა შემაქცეველნი და ძნელად გასაგები (გეორგ. 5, 154v). მათ სანაცვლოდ სულის მასაზრდოებელი სინანულის დასდებლები შეჰმატა, რადგან ტექსტის შინაარსის სიზუსტის დაცვაზე მეტად ამას ესწრაფვოდა (გეორგ. 5, 159r). მას შეუცვლია ხმაც და ძლისპირებიც (იქვე).

ექვთიმე მთაწმიდელის თარგმანი “დიდი კანონისა’’ მოცულობით თითქმის იდენტურია ანდრია კრიტელის ტექსტისა და თუ მაინც რჩება უკმარისობის განცდა მისი  თარგმანის  გამო,  ეს  გამოწვეულია  მთარგმნელის  დამოკიდებულებით ბიბლიური პარადიგმული სახეების მიმართ. აგრეთვე, “დიდი კანონის’’ ხმისა თუ ძლისპირებთან მიმართებაში გამოჩენილი  თავისუფლებით. მაგრამ კვლავ გავიხსენოთ, როგორ განსაზღვრავს გიორგი მთაწმიდელი ექვთიმე მთაწმიდელის შემოქმედებით მიზანს: წმიდა მამა ექვთიმეს “დიდნი გალობანი’’ სავედრებელ წიგნად უთარგმნია (154v). ექვთიმეს ლოცვა-ვედრების გამომხატველი გალობები აინტერესებდა, ამიტომ მოჭარბებული სახე-სიმბოლოები და ბიბლიურ პერსონაჟთა სახელები გამოუტოვებია. ამასვე ამბობს არსენ იყალთოელიც ექვთიმეს თარგმანის შესახებ: მას გამოუტოვებია საღვთო წერილის სახეები და მათ ნაცვლად სულის მასაზრდოებელი სინანულის საგალობლები შეუმატებია (გეორგ. 5 147v).*

ექვთიმეს მთარგმნელობითი მეთოდი დღევანდელი კვალიფიკაციით, დინამიკური ეკვივალენტის ტიპისაა და ისღა დაგვრჩენია, დავეთანხმოთ კ. კეკელიძის მოსაზრებას, რომ ექვთიმეს ”საჭიროდ არ მიაჩნდა ბერძნული ტექსტის მონობაში  ყოფილიყო, ის  თავს  უფლებამოსილად  თვლიდა  თავისებურად გაეაზრებინა ეს ტექსტები” [4, გვ.18]. ”დიდი  კანონის”  გიორგი  მთაწმიდელისეული  თარგმანის  რაობაზე, მთარგმნელის მიზნებსა და ამოცანებზე ნათელ წარმოდგენას გვიქმნის მისი ანდერძი, დართული მისსავე თარგმანზე ”დიდი კანონისა”.

* აქვე შეიძლება მოვიხმოთ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული ჩვენი კონტექსტისათვის რამდენადმე საინტერესო მოსაზრება: ”დიდ კანონში” დაუსრულებლად მონაცვლეობენ ძველი და ახალი აღთქმის სახეები, რედუცირებული უმარტივესი აზრობრივი სქემებით... მთელი ”დიდი კანონი” თითქოს ”მორალთა”კრებულია, მიმართული ათობით არარსებული იგავისადმი’’ [1, გვ. 254-255].
 
გიორგი მთაწმიდელი მიზნად ისახავდა შეედგინა სრული კრებული მარხვანისა და ზატიკისა, რომელიც ყოველგვარი ნაკლისგან უნდა გასწორებულიყო, რათა კათოლიკე ეკლესიის დამამშვენებლად წარმომდგარიყო. სწორედ ამიტომ გადაუწყვეტია გიორგის ”დიდი კანონის” მეორედ თარგმნა, რათა ექვთიმესგან განსხვავებით სრულად გადმოეღო საგალობლის სახე-სიმბოლოები და ძველი და ახალი აღთქმის  სახე-სახელები. ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს გიორგი მთაწმიდელის მთარგმნელობითი მეთოდის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულ თვალსაზრისს, რომ გიორგის მეთოდი ძირითადად დედანთან სიახლოვეს გულისხმობდა [17, გვ. 27].

გიორგი მთაწმიდელს კიდევ ერთი საზრუნავი ჰქონდა: ექვთიმესადმი განსაკუთრებული კრძალვისა და პატივისცემის გამო აუცილებლად მიაჩნდა ექვთიმეს მიერ ჩამატებული სინანულის დასდებლების გადმოტანაც, რის გამო გიორგის თარგმანში უამრავი სახე და დასდებელი შემოსულა. გიორგი ათონელი იმედს გამოთქვამს, რომ ”თუმცა დასდებლები მომრავლებულა, მაგრამ მოსაწყენი არ არის, პირიქით, მშვენიერი და მეტად სასურველნი არიან” (გეორგ.5, 154v). გიორგი ათონელის  თარგმანი სინანულის კანონისა მოცულობით მართლაც აღემატება როგორც ექვთიმესეულს, ისე არსენისეულს.

არსენ იყალთოელი კიდევ უფრო რთული ამოცანის წინაშე დგას. იგი წინამორბედ მთარგმნელებს – ექვთიმე და გიორგი ათონელებს, უდიდეს ავტორიტეტებად მიიჩნევს. თუმცა ისიც იცის, რომ მათი თარგმანები დაცილებულია ანდრია კრიტელის ტექსტს, რის გამოც ორივე თარგმანი მძიმე ტვირთად შეჰქმნია სრულიად საქართველოს ეკლესიას. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ არსენ ბერი ერთ-ერთი ინიციატორია ქართულ ეკლესიაში მიმდინარე ტიპიკონური ცვლილებებისა. სწორედ მისი თაოსნობით შემოდის ახალი რედაქცია ტიპიკონისა [6, გვ. 576]. ამ პროცესში ჩართულია მეფეთ მეფე დავით აღმაშენებელიც. სწორედ მას უბრძანებია მისთვის ”დიდი კანონის” ხელახლა თარგმნა, ხოლო იოვანე ქართლის კათალიკოზისთვის ტექსტისთვის ხმის შეწყობა, რათა განახლებულ ეკლესიას ”უნაკლო და წმინდა ჭეშმარიტება მიართვას ყოველ მოტრფიალეს სიტყვისას” (გეორგ. 147.v).

არსენ იყალთოელმა ბრწყინვალედ გადაჭრა დასახული ამოცანა. მთარგმენლობით მეთოდს, რომელსაც იგი ეფუძნება, დღეს ფორმალური ეკვივალენტის ტიპს მიაკუთვნებენ, შეიძლება ითქვას, რომ არსენ იყალთოელმა შექმნა ”დიდი კანონის” ზუსტი, იდენტური თარგმანი, ერთგვარი ორეული დედნისა. მან უცვლელად გადმოიტანა ორიგინალის ხმა, ძლისპირები, ბიბლიური სახე-სიმბოლოები, ტექსტის იდეური და მხატვრული შინაარსი. გიორგი მთაწმიდელი რომ უაღრესად ერთგულად მიჰყვება ტექსტს, ამას ამოწმებს ძეგლის სლავური თარგმანებიც და ამასთანავე, ძველი ბერძნულიდან ახალ ქართულ ენაზე გადმოღებული “დიდი კანონი’’ ანდრია კრიტელისა [7, გვ. 22-28].*

* ანდრია კრიტელის სამივე ქართული თარგმანის ტექსტი ვრცელი გამოკვლევითურთ მომზადებულია გამოსაცემად და ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში მიიღებს მას მკითხველი.
 
ამჯერად ყურადღებას ვამახვილებთ “დიდი კანონის’’ სამივე ქართული თარგმანის შემცველ უნიკალურ კრებულზე, რომელიც დაცულია პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელნაწერთა ინსტიტუტში. ეს ხელნაწერია Par. georg.5. აკად. ელ. მეტრეველი და მე, როცა ერთობლივად ვმუშაობდით “დიდი კანონის’’ ქართულ თარგმანთა ტექსტების დადგენაზე, ვეფუძნებოდით სწორედ ამ ხელნაწერის როტოპირსა და მიკროფირს.

ექვთიმე თაყაიშვილმა, რომელსაც ეკუთვნის გეორგ.5-ის პირველი მეცნიერული აღწერილობა,   იმთავითვე   შენიშნა,   რომ   “ამ წიგნში სამი სხვადასხვა დროს გადაწერილი ხელნაწერია მოქცეული ერთ ყდაში’’ [3, გვ.32]. შემდგომმა კვლევამ დაადასტურა ე. თაყაიშვილის დაკვირვება. ხელნაწერში მართლაც გამოიყოფა სამი ხელი. პირველი ხელით დაწერილია ხელნაწერის უმთავრესი ნაწილი – 1-216 გვერდები. ეს ნაწილი შეიცავს გიორგი მთაწმიდელის რედაქციის თითქმის სრულ მარხვანს და მისივე რედაქციის ზატიკის დასაწყისს, რაც თავდაპირველად – გეორგ.5-ის შედგენამდე ერთ წიგნად – მარხვან-ზატიკად უნდა არსებულიყო [11, გვ. 269]. II და III ნაწილები (გვ. 217-222 და 222-292) ერთი მთლიანობაა და მარხვანის ახალ რედაქციადაა მიიჩნეული, მის შემდგენელ-რედაქტორად კი ეფრემ მცირე სახელდება [13, გვ. 15]. ის XI ს-ის 80-იან წლებში უნდა იყოს შედგენილი [11, გვ. 19].

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოითქვა მოსაზრება, რომ გეორგ. 5 ავტოგრაფული ხელნაწერი უნდა იყოს. წამოყენებული იქნა ანგარიშგასაწევი არგუმენტები: პირველწყაროებიდანაა ცნობილი, რომ გიორგი მთაწმიდელს მართლაც სრულად უთარგმნია მარხვანი და ზატიკი; საგალობელთა ძველი თარგმანების გვერდით საკუთარი თარგმანების მოტანა დამახასიათებელი იყო გიორგი მთაწმიდელისათვის, რომ  მთელი  ხელნაწერის აღნაგობა თანხვედრილია გიორგის მუშაობის პრინციპებთან (სიზუსტე, საგალობლებისთვის ავტორის მითითება, კრებითი ხასიათი კრებულისა, ანდერძ-მინაწერები) და სხვ. [11, გვ. 264-287]

ჩემი მხრივ დავუმატებდი, რომ გიორგი ათონელის რედაქციის მარხვანად მიჩნეულ ხელნაწერთა (გეორგ. 5-ის I ნაწილი, ათ. 59, ათ. 38, იერ. 61, იერ. 130-ის I ნაწილი) შორის მხოლოდ გეორგ. 5-ის ხელნაწერშია დაცული გიორგი ათონელის ძალზე მნიშვნელოვანი ანდერძი, რომელშიც ექვთიმე ათონელისა და თვით გიორგი მთაწმიდელის მიერ თარგმნილ “დიდ კანონთან” დაკავშირებული საინტერესო ვითარებაა აღწერილი.
მაგრამ   აღნიშნული   თვალსაზრისი   არ   აღმოჩნდა   ყველასთვის   მისაღები.

გამოითქვა ეჭვი პარიზული ხელნაწერის ავტოგრაფულად მიჩნევის გამო და დაისვა კითხვები: თუ გეორგ. 5 მართლაც ავტოგრაფული ხელნაწერია, მაშინ რატომ არ არის იგი სრული, ან რით სარგებლობდა ათ. 38-ის გადამწერი, როცა მას თავის ხელნაწერში სხვადასხვა  განგებები  შეჰქონდა, რამდენად  შესაძლებელია,  რომ  ავტოგრაფული ნუსხა ყოფილიყო გეორგ. 5-ისაგან განსხვავებული, შევსებული ყველა იმ მნიშვნელოვანი ნაწილებით, რომლებიც გეორგ. 5-ს არ გააჩნდა და სხვ. [15, გვ. 79-80]. დაშვებულ იქნა შესაძლებლობა, რომ გეორგ.5-ის გადამწერმა დედნად თვით ავტოგრაფული ხელნაწერი გამოიყენა [15, გვ. 81].

აღსანიშნავია, რომ გეორგ.5-ის შესწავლისას მხედველობის მიღმა დარჩა აღნიშნული საკითხისათვის მეტად საყურადღებო შენიშვნა – ერთი მინაწერი ამ კრებულისა.*

პარიზულ ტექსტს გიორგი მთაწმიდელის მიერ თარგმნილი ”დიდი კანონისა” უძღვის ასეთი ზედწარწერა: "სახელითა  ღმრთისაჲთა. ესევე დიდნი გალობანი ანდრეა კრიტელისა თქმულნი და ჩუენ, გიორგი მთაწმიდელისა მიერ, მეორის გუერდსა აღწერილნი’’ (მეორეჯერ თარგმნილი) (გეორგ. 5, 127r). ტექსტის დასასრულს კი მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი ცნობაა მოწოდებული: ”დიდნი გალობანი” თარგმნილი მამა გიორგის მიერ მეწამული ზღვის გადალახვის საგალობლის კვალობაზე, ექვთიმეს თარგმნილზე უმჯობესად და უმშვენიერესად მივიჩნიე და ის გადმოვწერე, რადგან   მათზე ბევრად საყვარელია” (გეორგ 5. 154v). შემდეგ ხელნაწერში მოთავსებულია გიორგი ათონელის ცნობილი ანდერძი.

ანალოგიური ინფორმაციის შემცველ მინაწერს მივაკვლიეთ ”დიდი კანონის” გიორგისეული თარგმანის შემცველ სხვა ხელნაწერშიც (იერ. 61 (XII-XIIIს.)*. აქაც ტექსტს უძღვის სათაური: “დიდნი გალობანი, თქმულნი ანდრია კრიტელისანი და ჩუენ მიერ მეორისა გუერდსა აღწერილნი” (მეორეჯერ თარგმნილი) (იერ. 61, 414r).

”დიდი კანონის” ტექსტის დასასრულს კი გადამწერი იმეორებს ზემოთ მოხმობილ მინაწერს: ”დიდნი გალობანი” თარგმნილი მამა გიორგის მიერ მეწამული ზღვის გადალახვის საგალობლის კვალობაზე, ექვთიმეს თარგმნილზე უმჯობესად და უმშვენიერესად მივიჩნიე  და  ის  გადმოვწერე,  რადგან  მათზე  ბევრად  საყვარელია (იერ. 61, 468v).

ამ მინაწერებიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: სხვა არის ”დიდი კანონის” მთარგმნელი და  სხვაა  გეორგ. 5-ისა  თუ  იერ.61-ის  გადამწერი. გიორგი ათონელი საკუთარ ნაღვაწს ამგვარ შეფასებას არ მისცემდა, თანაც ექვთიმე მთაწმიდელის თარგმანთან მიმართებაში.

აქ ერთ კითხვასაც უნდა გაეცეს პასუხი: რა კავშირია გეორგ.5-სა და იერ.61-ში მოთავსებული ”დიდი კანონის” გიორგისეულ ტექსტებს შორის? უფრო სწორედ, რა დამოკიდებულებას ავლენენ გადამწერები ”დიდი კანონის” ტექსტის მიმართ? ამჯერად კითხვას ვუპასუხებთ ტექსტების არა დეტალური შედარებით, არამედ ზედაპირული, მაგრამ ჩემი აზრით, სერიოზული დატვირთვის მქონე მონაცემებით.

შენიშნულია, რომ  გეორგ.5-ის ტექსტი უჩვეულოდ იწყება: ”განგების ცალკე ელემენტის დაწყება სიტყვებით ”სახელითა ღმრთისაჲთა” ჰიმნოგრაფიულ ხელნაწერებში ჩვეულებრივ არ  გვხვდება. ეს  უფრო  სათაურის ფორმაა, რომელიც განგების  გარეთ  ცალკე მოთავსებული საგალობლისათვის უნდა შეერჩია გიორგი მთაწმიდელს” [15, გვ. 82]. იერ.61-ის გადამწერს, ჩანს, უგრძნია ეს უხერხულობა და დასაწყისისთვის ჩამოუცილებია ”სახელითა ღმრთისაჲთა”.

იერ.61-ის გადამწერი, განსხვავებით  გეორგ.5-ის გადამწერისაგან, საჭიროდ მიიჩნევს გიორგისეული თარგმანის ბოლოს კვლავ შენიშნოს: ”ესე დიდნი გალობანი მეწამული ზღვის გადალახვის საგალობლის კვალობაზე თარგმნილია მამისა გიორგის მიერ” და ამას მოაყოლებს ცნობას: ექვთიმეს თარგმანს გიორგის თარგმანი ვარჩიო. როგორც აღვნიშნეთ, ასეთი  მინაწერი აქვს გეორგ.5-ის  ტექსტსაც, მაგრამ გვგონია, რომ იერ. 61-ის გადამწერის ინფორმაციას ლოგიკური საფუძველი აქვს. მის წინაშე ორი თარგმანია: ექვთიმესი და გიორგისი, მათგან შეარჩია ერთ-ერთი (გიორგისეული) და მას დაურთო კიდეც შესაბამისი ახსნა-განმარტება.

გეორგ. 5-ის გადამწერს კი ასეთი არჩევანი არ გაუკეთებია. მან ორივე თარგმანი შეიტანა კრებულში და განაცხადი – გიორგის თარგმანი მამა ექვთიმეს თარგმნილზე უმჯობესად მივიჩნიე და ის გადმოვწერეო – ზედმეტი აღმოჩნდა.

გვგონია, რომ იერ. 61-ის გადამწერმა შეგნებულად თქვა უარი გიორგი მთაწმიდელის ვრცელ და უაღრესად მნიშვნელოვან ანდერძზეც, რომელიც გეორგ.5-ში გიორგისეულ თარგმანს ახლავს, რადგან ეს ანდერძი უმთავრესად ”დიდი კანონის” ექვთიმესეულ თარგმანს მიემართება, მასთან კავშირში იხსნება მისი შინაარსი სრულად.

გეორგ.5  და  იერ.61  ერთმანეთთან კიდევ  ერთ  მსგავსებას  ავლენენ.  ორივეგან ”დიდი კანონის” თარგმანებას ექვთიმე მთაწმინდელის ”აქებდითსა” აგვირგვინებს. გეორგ.5-ში ის მოთავსებულია ”დიდი კანონის” ექვთიმესა და გიორგის თარგმანებს შორის, იერ.61-ში კი გიორგის თარგმანის ბოლოსაა. ”დიდი კანონის” შემცველ ადრინდელ თუ მოგვიანო ხანის ხელნაწერებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ ყველგან შეტანილია ექვთიმეს თარგმანი აღნიშნული სტიქარონისა. იერ.56-ში კი, რომელიც შეიცავს ”დიდი კანონის” არსენ იყალთოელისეულ თარგმანს და მთავრდება ექვთიმეს თარგმნილი ”აქებდითსათი”, გვხვდება გადამწერის შენიშვნა: ”ამათ ახალთა აქებდითსა ააქუს (ასეა! – ლ. გ.), ჩუენ ეგრეცა დაუწერეთ ძუჱლთაგან’’ (იერ.56, 148).”აქებდითსას” ახალ თარგმანს მივაკვლიეთ A147 ხელნაწერში. ეს კრებული ახალი რედაქციის მარხვანადაა მიჩნეული. ვინ არის ამ სტიქარონის ახალი მთარგმნელი, არაა ცნობილი. შესაძლოა ის თვით არსენ იყალთოელს ეკუთვნოდეს. გიორგი მთაწმიდელს კი, ჩემი აზრით, არ უთარგმნია “აქებდითსა’’, რადგან ექვთიმეს თარმგმანი ამ შემთხვევაში მის სრულ ნდობას იმსახურებდა.

გეორგ. 5-ის მნიშვნელობა, იქნება ის ავტოგრაფული ხელნაწერი თუ არა, განუზომლად დიდია. ჯერ ერთი, ის შედგენილია XII საუკუნეში. მასში, როგორც ეს გიორგი მთაწმიდელის შემოქმედებითი მეთოდისთვის იყო დამახასიათებელი, “სრულადაა წარმოდგენილი ქართული და ბერძნული ჰიმნოგრაფიული ლიტერატურის მონაპოვარი” (15,76). კრებული შეიცავს   “დიდი კანონის” სამივე ქართულ თარგმანს. გეორგ. 5-ის I ნაწილს კი აშკარად ატყვია გიორგი მთაწმიდელის, როგორც რედაქტორის, ხელი. აი, რა გვაქვს მხედველობაში:

1. ექვთიმე ათონელის თარგმნილი “დიდი კანონის’’ შემცველი უძველესი ხელნაწერებია სინ.5 და სინ.75. ორივე ხელნაწერი სამეცნიერო  ლიტერატურაში განიხილება როგორც ერთ-ერთი წყარო გეორგ. 5-ში დაცული ლიტურგიული კრებულისა. სინურ ხელნაწერებში ექვთიმეს მიერ თარგმნილი ”დიდი კანონის’’ სათაურია:
“გალობანი სინანულისანი, თქმულნი ანდრია კრიტელი მთავარეპისკოპოსისანი’’ სინ.5, 191v.
“გალობანი სინანულისანი, თქმულნი წმიდისა ანდრია კრიტელი მთავარეპისკოპოსანი” სინ.75,191r.
ხოლო პარიზულ ხელნაწერში მას “დიდნი გალობანი” ეწოდება: “დიდნი გალობანი სინანულისანი, თქმულნი ანდრია კრიტელისანი, რომელ იყო იჱრუსალემით” – გეორგ.5* (127r).
2. II გალობას სინ. 5-სა და სინ. 75-ში, განსხვავებით გეორგ. 5-ისაგან, არ აქვს მეორე ძლისპირი.
3. III გალობასაც, განსხვავებით გეორგ.5-საგან, ერთი ძლისპირი აქვს.
4. VI გალობას (ღაღადყავსა) – სინ. 5-სა და სინ. 75-ში არ ახლავს კონდაკი, გეორგ.
5-ში  კი  VI  გალობის  ბოლოს  ტექსტის  ხელით  მიწერილია  კონდაკის  დასაწყისი სიტყვები: მეექუსესა კონდაკი ბ გ՜ი, “სულო ჩემო, სულო ჩემო” და ნეშტი საკითხავისაჲ" (გეორგ .5, 134r). ეს შენიშვნა განპირობებულია ქართული თარგმანის ბერძნულ ტრადიციასთან დაახლოების სურვილით.
5. ”დიდი კანონის” ტექსტს სამივე ქართულ თარგმანში ბიბლიურ საგალობელთა მუხლები ახლავს. ჩემი დაკვირვებით, ეს ტექსტები შეუმოკლებლად, სრული სახით მხოლოდ გეორგ.5-შია წარმოდგენილი. სხვა  ხელნაწერებში, მათგან სინ.5-სა და სინ.75-ში, ამ მუხლების მხოლოდ დასაწყისი სიტყვებია მოტანილი სათანადო საგალობლებზე მიმანიშნებლად, გეორგ.5-ში კი, როგორც აღვნიშნეთ, ექვთიმეს თარგმანსაც კი სრული ტექსტები დაერთვის ამ მუხლებისა. რაც მთავარია, ეს ტექსტები სინ.5-სა და სინ.75-ში ბიბლიურ საგალობელთა წინაათონურ ტრადიციას ემყარება, გეორგ.5-ში კი გიორგი მთაწმიდელის რედაქციისაა.

აშკარაა, გეორგ. 5-ის პირველი ნაწილის რედაქტორია გიორგი მთაწმიდელი (ან ნუსხა მომდინარეობს გიორგი მთაწმიდელის ავტოგრაფიდან). ხოლო გიორგის განთქმული ანდერძი, როგორც ამას ექვთიმე თაყაიშვილი შენიშნავს, ამ კრებულში ჩაწერილი უნდა იყოს თვით გიორგი მთაწმინდელის მიერ ”ფრიად წვრილის ნუსხა- ხუცურით, როგორც ჩვეულება იყო გიორგი მთაწმინდელისა” [3, გვ. 33].

”დიდი კანონის” უძველეს ქართულ თარგმანებზე დაკვირვება საშუალებას გვაძლევს გამოვთქვათ მოსაზრებები კანონის, როგორც ჟანრის, ჩამოყალიბების რამდენიმე ასპექტზე.

კანონის აღმოცენების ზუსტი თარიღი არ არის დადგენილი. თუმცა ცნობილია, რომ ადრეულ ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში ფსალმუნებთან ერთად გამოიყენებოდა ცალკეული ბიბლიური გალობები. შემდეგში მათ დაურთეს ტროპარები, იგივე დასდებლები. ასე შეიქმნა ერთსაგალობლები, ორსაგალობლები, სამსაგალობლები... ხოლო   კანონის – საეკლესიო პოეზიის ამ ახალი ჟანრის მესაძირკვლედ ანდრია კრიტელია (650-726 წ.) მიჩნეული. ”კანონთა მეფედ” აღიარებული მისი ”დიდნი გალობანი” ამ ჟანრის უძველესი ნიმუშია.

ცნობილია, რომ ბიბლიურ გალობათა შემცირება თოთხმეტიდან ცხრამდე (მოსეს და მარიამის გალობა,  მოსეს  მეორე  გალობა, ანას გალობა, ამბაკუმ წინასწარმეტყველის გალობა, ესაია წინასწარმეტყველის გალობა, სამთა ყრმათა ორი გალობა, მარიამ ღმრთისმშობლისა და ზაქარიას  გალობები) პირველად იერუსალიმურ პრაქტიკაში განხორციელდა. მთავარი ნაბიჯები ჰიმნოგრაფიული კანონის ჩამოყალიბებაშიც პალესტინაში გადაიდგა. ანდრია კრიტელის ”დიდი კანონი”  შედგება  სწორედ 9 გალობისგან,  თითოეულს  აქვს თავისი  ძლისპირი (ირმოსი) და შესაბამისი დასდებლები (ტროპარები). ”დიდი კანონი” თავდაპირველად 210 ტროპარისგან შედგებოდა, შემდეგ მას ორმოცი ტროპარი შეჰმატებია და მოცულობითაც უნიკალურ საგალობლად ქცეულა ლიტურგიული პოეზიის ისტორიაში.

ყურადღებას იქცევს ”დიდი კანონის” რამდენიმე ასპექტი: ა) გალობათა უჩვეულო სიდიდე, ბ) გალობათა  ერთმანეთისაგან განსხვავებული მოცულობა, გ) მეორე და მესამე გალობის ორ-ორი ძლისპირი (ირმოსი). კანონის ჩამოყალიბებული, დასრულებული სახისთვის სრულიად უცხოა მსგავსი ნიშნები. რითაა განპირობებული ”დიდი კანონის” აღნიშნული თავისებურებანი? რა განსაზღვრავს მის ამ სპეციფიკას?

”დიდი კანონის” ქართულმა თარგმანებმა შემოგვინახეს კანონის არქაული სახე. კერძოდ, ყველა გალობას, ყველა ტროპარს გასდევს ბიბლიურ გალობათა მუხლები. დადასტურებულია, რომ საგალობლების თითოეულ ტროპარს დართული ბიბლიური გალობების მუხლებსა თუ ნახევარმუხლებზე მითითებანი ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერებში დიდი იშვიათობაა. სპეციალისტებისთვის კი ცნობილია, რომ კანონის ცხრავე გალობის იდეურ-თემატური შინაარსი განსაზღვრულია ბიბლიური გალობებით. ეს კავშირი ნათელყოფს, როგორ იბადება, როგორ ამოიზრდება ბიბლიურ ტრადიციაში ახალი უნივერსალური ჟანრი – კანონი, იგივე გალობანი.*

ბიბლიურ საგალობელთა მოცულობა ერთმანეთისაგან განსხვავდება. ჩანს, ანდრია კრიტელი ”დიდი კანონის” გალობებს მოცულობითაც უფარდებდა ბიბლიურ გალობებს. არქიმანდიტრი კიპრიანე (კერნი) განმარტავს: ”იოანე დამასკელის კანონები წმინდა ანდრიას კანონებთან შედარებით მოკლეა. თუ ეს უკანასკნელი ცდილობდა ბიბლიური საგალობლების  ყველა  გალობისთვის  მიესადაგებინა

* ს. ავერინცევი შენიშნავს, რომ V ს. ხელნაწერ სეპტუაგინტაში (ე. წ. Codex Alexandrinus), ფსალმუნებს დართული აქვს როგორც ძვ. აღთქმის, ასევე ახალი აღთქმის გალობათა (ώδαί) ნუსხა. მაგრამ რამდენადაც სეპტუაგინტა მხოლოდ ქრისტიანული წერილობითი ტრადიციითაა ჩვენამდე მოღწეული, არ არის საშუალება გარკვეულ იქნას ბიბლიურ გალობათა ეს ანთოლოგია შედგენილია იუდეველთა გარემოში და ქრისტიან რედაქტორთა მეშვეობით შემდეგაა შევსებული, თუ საერთოდ თავისი არსებობით ახალგაზრდა ეკლესიის ლიტურგიული მოთხოვნებითაა განპირობებული, როგორც ამას ვარაუდობდა ვ. კრისტი [1, გვ. 213].

არსებითია, რომ ”ფსალმუნთა” ძველ ქართული თარგმანების X საუკუნის ხელნაწერებს სხვა დანართებთან ერთად ახლავს 9 ბიბლიური გალობის ეს ანთოლოგიაც [10, გვ. 411-445].
 
საგანგებო ტროპარები, დამასკელი შემოიფარგლებოდა ორი-სამი ტროპარით” [2, გვ. 38]. ბიბლიური გალობებისა და კანონის ტროპარების ერთმანეთთან შეწყობა განსაზღვრავდა კანონის გალობათა მოცულობასაც და მათი ერთმანეთისაგან სიდიდით განსხვავებასაც. ე. ი. რაკი ყოველ გალობას ”დიდ კანონში” გასდევს ბიბლიურ საგალობელთა მუხლები, გალობა დაახლოებით იმ მოცულობისაა, სადამდეც გასწვდება მას ბიბლიური ფრაზეოლოგია. ამიტომაა, რომ ”დიდი კანონის” I გალობა შეიცავს 22 ტროპარს, IV გალობა – 27 ტროპარს, V გალობა – 20 ტროპარს, VI გალობა – 16 ტროპარს, IX გალობა – 25 ტროპარს...

სამეცნიერო ლიტერატურაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ანდრია კრიტელის ”დიდ კანონს” სხვა კანონებისგან კიდევ ერთი თავისებურება გამოარჩევს: გალობებს ორ-ორი ირმოსი (ძლისპირი) აქვთ. ახსნა ამ თავისებურებისა სამეცნიერო ლიტერატურაში არ შემხვედრია.

ბიბლიური საგლობლებისა და ”დიდი კანონის” ტექსტის ორგანული კავშირი, რომელიც თვალსაჩინოა ”დიდნი გალობანის” ქართულ თარგმანთა უძველეს ხელნაწერებში, ანგარიშგასაწევი მოსაზრების გამოთქმის საშუალებას გვაძლევს.

კანონის II გალობა (“მოიხილესა’’) დაკავშირებულია მოსეს მეორე გალობასთნ (მეორე შჯ. 32,1-43). ესაა მოზრდილი საგალობელი, რომელიც აგვირგვინებს ხუთწიგნეულს. ბრძენი წინამძღვარი თავის ხალხს მაღალ ზნეობრივ პრინციპებს შეახსენებს და მათ მკაცრად დაცვას მოითხოვს. ამ ტექსტს მოსე წინასწარმეტყველის ანდერძად მიიჩნევენ. გალობა, როგორც აღვნიშნეთ, ძალზე ვრცელია და შინაარსობრივად ორ არათანაბარ ნაწილად შეიძლება გაიყოს: პირველი ნაწილი შეიცავს 38 მუხლს (1-38) და იწყება სიტყვებით: 1. “მოიხილე, ცაო, და ვიტყოდი და ისმენდინ  ქუეყანაჲ  სიტყუათა  პირისა  ჩემისათა.  2.  მოელოდენ  ვითარცა  წჳმასა თქუმასა ჩემსა, და გარდამოვედინ ვითარცა ცუარნი სიტყუანი ჩემნი, ვითარცა წჳმაჲ მწუანვილსა ზედა და თოვლი თივასა ზედა. 3. რამეთუ სახელსა უფლისასა ვხადე, მიეცით დიდებაჲ ღმერთსა ჩუენსა” და ა. შ.

გალობის მეორე ნაწილი [32, გვ. 39-43] სრულიად ახალ ინტონაციაზეა აგებული. მასში წამყვანია მამხილებელი ტონი, თუმცა მის დამაგვირგვინებელ სიტყვებშიც წამოიწევს იმედისა და რწმენის ნათელი განწყობილება და შესაბამისი ინტონაცია. გალობის ეს მეორე მონაკვეთი იწყება სრულიად განსხვავებული შემართებით: “იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ და არა არს სხუა ღმერთი ჩემსა გარეშე: მე მოვაკუდინო და ვაცხოვნო და ვსცე და მე განვკურნო, და არა არს, რომელმან განარინოს ჴელთაგან ჩემთა” (მეორე რჯ. 32, 39).

“დიდი  კანონის”  არსენ  იყალთოელისეული თარგმანის  II  გალობის  პირველი ძლისპირია: ”მოიხილე ცაო და ვიტყოდე და ვაქებდე ქრისტესა ქალწულისაგან მოსრულსა ჩუენდა”; ხოლო II ძლისპირი (სხუაჲ ძლისპირი) არის: ”იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ მეუფე, რომელმან მივეც მანანაჲ და წყარონი კლდისაგან, წყარო ვყვენ უდაბნოს ერისათჳს ჩემისა, მხოლოჲთა ძალითა და მარჯუენითა ჩემითა”. და რაც ძალზე არსებითია, I ძლისპირთან შეწყობილ ტროპარებს II გალობისა მიჰყვება მოსეს ბიბლიური გალობის მუხლები I ნაწილიდან, ხოლო მეორე ძლისპირით გამართულ დასდებლებზე გადანაწილებულია II ნაწილის სათანადო მუხლები.*

ანალოგიური ვითარება იკვეთება ბიბლიური ანას საგალობელშიც (I მეფ. 2,1-10), რომელიც წარმოთქმულია უფლის წინაშე უსაზღვრო მადლიერების გამოსახატავად. ღვთის დიდებასთან ერთად მასში გაისმის წინასწარმეტყველური პათოსით განმსჭვალული სიტყვებიც. ამდენად ამ გალობის ორ ნაწილად დაყოფაც ხერხდება: პირველი ნაწილი 5 მუხლს შეიცავს და იწყება სიტყვებით: ”განძლიერდა გული ჩემი უფლისა მიერ, და ამაღლდა რქაჲ ჩემი ღმრთისა მიერ”. მეორე ნაწილიც 5 მუხლისაგან შედგება,  მაგრამ  ის  სრულიად  ახალი  რიტმითა  და  ინტონაციით  წარმოითქმის:

”უფალი მოაკუდინებს და აცხოვნებს, შთაიყვანებს ჯოჯოხეთად და აღმოიყვანებს; უფალი დააგლახებს და განამდიდრებს, დაამდაბლებს და აღამაღლებს”; შესაბამისად, ”დიდი კანონის” III გალობის პირველი ძლისპირთან შეწყობილ ტროპარებს გასდევს ანას საგალობლის პირველი ნაწილის მუხლები, II ძლისპირზე აგებული ტროპარები კი გაწყობილია ანას გალობის II ნაწილის მუხლებით.

საინტერესოა, რომ სინ.5-ში III გალობას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ აქვს II ძლისპირი და ამ მეორე ძლისპირის დასდებლები შეერთებულია I ძლისპირის დასდებლებთან. შესაბამისად, ანას ბიბლიური საგალობელი მთლიანად ნაწილდება 19 ტროპარისაგან შედგენილ III გალობაზე დიდი კანონისა. სხვაგვარი  სურათია არსენ  იყალთოელის  თარგმნილ  ტექსტში.  აქ  მთარგმნელი  ერთგულია  ბერძნული ტრადიციისა, კანონის III გალობას აქვს ორი ძლისპირი და ბიბლიური გალობის ტექსტიც შესაბამისადაა განაწილებული. ბიბლიურ გალობათა ამგვარმა ფუნქციურმა დატვირთვამ დაბადა კითხვა: თუ ბიბლიურ საგალობელთა და ”დიდი კანონის” დასდებელთა შორის ასეთი ორგანული, ასეთი ცხადი კავშირია დამყარებული (ბიბლიური საგალობელი განსაზღვრავს გალობის მოცულობას, ორ-ორი ძლისპირის საჭიროებას, საგალობლის მთლიანი ტექსტის ბიბლიური საგალობლებით გამართვას), მაშინ რაღა იყო ძლისპირთა უმთავრესი დანიშნულება ”დიდი კანონის” სტურქურაში? მას თავიდანვე რიტმულ- მელოდიური ფუნქცია ჰქონდა? ძეგლის სამივე ქართულ თარგმანში ძლისპირები თითქოს ატარებენ ამ დატვირთვას. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ”დიდი კანონის” შექმნისას რაგვარი იყო ძლისპირთა ხასიათი და უმთავრესი დანიშნულება. ჩვენამდე არ მოუღწევია  არც ”დიდი კანონის”, არც იმ ეპოქის სხვა საგალობელთა  შემცველ უძველეს ხელნაწერებს.

”უძველესი იადგარის” შესწავლის შედეგად მივიდნენ უაღრესად მნიშვნელოვან დასკვნამდე: ”ბიბლიურ გალობებთან მაკავშირებელი პირველი სტროფის – ძლისპირის საჭიროება შეიქმნა იმის შემდეგ, რაც ბიბლიური გალობის დანართი სტროფები ჩამოსცილდნენ ბიბლიურ გალობებს და შეიქმნა ახალი ტიპის პოეტური კანონი,  სადაც  ყოველი  გალობის  პირველ  სტროფს  დაეკისრა  პოეტური  გალობის

* ცნობილია, რომ კანონის კომპოზიციიდან ჰიმნოგრაფებმა დროთა განმავლობაში II გალობა ამოიღეს. მეცნიერები ამ ფაქტს სხვადასხვაგვარ ახსნას აძლევენ. იქნებ II გალობის სტრუქტურული თავისებურებაც იყოს ერთ-ერთი მიზეზი მისი ამოღებისა კანონის კომპოზიციიდან?
 
ბიბლიურ გალობასთან კავშირის გამოხატულება, რაც იმაში გამოიხატა, რომ ყოველი ძლისპირი გარკვეულ  ფარგლებში გალობათა პარაფრაზირებულ ტექსტზე ააგო. ასეთი ძლისპირები უძველესია იადგარისათვის” [14, გვ. 834]. არქიმანდრიტი კიპრიანე (კერნი) იმასაც კი ვარაუდობს, რომ ირმოსი, თვით წმ. ანდრიას გამოგონილია [2, გვ. 35]. არ არის გამორიცხული ბიბლიურ გალობათა საგალობლებზე დართვის ტრადიციაც წმ. ანდრია კრიტელთან იყოს დაკავშირებული. სხვათა შორის, ”დიდი კანონისთვის” დამახასიათებელია ბიბლიურ გალობასთან დამაკავშირებელი რეფრენიც. ჩანს, ანდრია  კრიტელმა, როგორც კანონის მესაძირკვლემ, სასულიერო პოეზიის ბიბლიასთან კავშირს მყარი საფუძველი ჩაუყარა და ერთხელ და სამუდამოდ დაამკვიდრა პატრიარქთა მრწამსი: ”ჩვენს საგალობლებში მხოლოდ სიტყვებია სხვა, წმიდა წერილისგან განსხვავებული, თორემ არსებითად ჩვენ იმასვე ვგალობთ” [9, გვ.1].

ჩვენს მასალაზე დაკვირვებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ანდრია კრიტელისათვის ძლისპირების  უმთავრესი  ფუნქცია  მაინც  ბიბლიურ საგალობლებთან კავშირის დამყარებაა. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ბიბლიურ საგალობლებთან კავშირზე მიუთითებდა ქართულ (და არა მხოლოდ ქართულ) ტრადიციაში შემორჩენილი სახელწოდებანიც კანონის გალობებისა: უგალობდითსაჲ, მოიხილესაჲ, განძლიერდასაჲ, მესმაჲსაჲ, ღამითგანისაჲ, ღაღადყავისაჲ, აკურთხევდითსაჲ, ადიდებსაჲ.*

მსჯელობის ამგვარად წარმართვა ანდრია კრიტელის ”დიდი კანონის” ხმისა და ძლისპირების მიმართ დიდი ქართველი მთარგმნელების, ექვთიმე მთაწმიდელისა და გიორგი მთაწმიდელის, თავისუფალმა დამოკიდებულებამ განაპირობა. ექვთიმე მთაწმიდელმა შეცვალა ”დიდი კანონის” როგორც ხმა, ისე ძლისპირები, გიორგი მთაწმიდელმა ხმა კი დედნისეული დატოვა, მაგრამ წმ. ანდრიას ტექსტი სხვა ძლისპირებზე გამართა.

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია  მოსაზრება,  რომ  შესაძლოა  ხმის, როგორც დოგმატური საწყისის მნიშვნელობა ექვთიმე მთაწმიდელის შემდგომ პერიოდში გამოიკვეთა [8, გვ. 15]. რაც შეეხება ძლისპირებს, ცნობილია, რომ X საუკუნიდან ჰიმნოგრაფები ძლისპირებს თვითონ კი არ თხზავდნენ, არამედ მიმართავდნენ ძლისპირთა კრებულებს – ირმოლოგიონებს, ასე იქცევიან ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელებიც. ისინი იყენებენ ქართულ ტრადიციაში უკვე ადაპტირებულ ძლისპირებს, რომლებიც შესულია X საუკუნის ალავერდის ანუ იორდანეს კრებულში (A 603). ”დიდი კანონის” მესამე მთარგმნელი კი სხვა რეალობის წინაშეა. მან თვითონ გადმოთარგმნა ანდრია კრიტელის ”დიდი კანონის” ძლისპირები. საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ერთი და იგივე ძლისპირი ხშირად გამოიყენებოდა  სხვადასხვა  კანონში.  ”დიდი  კანონის’’  ძლისპირები,  თარგმნილი

* ცნობილია, რომ ამ სიტყვებით იწყება ბიბლიური საგალობლები და სახელწოდებადაც მათ ეს სიტყვები დაუმკვიდრდათ, როგორც მიღებული იყო შუასაუკუნეების სამწიგნობრო ტრადიციაში. შდრ: Поим, Вонми, Утвердися, Услышах, От нощи, Возопих, Благословен еси, Благословите, Величит – ასეთია კანონის გალობათა სლავური სახელწოდებანი [5, გვ. 202]. არსენ იყალთოელის მიერ, ამ თვალსაზრისით გამონაკლისს წამროადგენს, როგორც ერთიანი ციკლი და მხოლოდ ამ კანონის კუთვნილება [8, გვ. 18]. ”დიდი კანონის” ეს ძლისპირები შეტანილია A85 ხელნაწერში. ამ კონტექსტში საგულისხმოა ”დიდი კანონის” ტექსტს დართული ვრცელი ანდერძი გიორგი მთაწმიდელისა. მასში ძალიან მნიშვნელოვანი არაერთი ინფორმაციაა მოწოდებული: მაგალითად, რომ ექვთიმე მთაწმიდელს გამოუტოვებია “დიდი კანონის” ბიბლიური სახისმეტყველებანი, შეუმატებია სინანულის საგალობლები, განუვრცია ტექსტი და ა. შ., მაგრამ არაფერია ნათქვამი უმთავრესზე: ხმისა და ძლისპირების შეცვლაზე. სამაგიეროდ ამ ცვლილებებზე ვრცლად მსჯელობს არსენ იყალთოელი ამავე კანონის თავისსავე თარგმანის ანდერძში: ექვითმე მთაწმიდელს “ჴმისგანცა თჳსისა და ძლისპირთაგან შეეცვალეს”, ხოლო გიორგი მთაწმიდელს “დაღათუ ჴმაჲ არა შეეცვალა, გარნა თჳსთა ძლისპირთა ზედა თარგმანჲ არცა მას გულს ედგინა” და სხვ.

დასასრულს, იქნებ არ იყოს ზედმეტი გავიხსენოთ ქართული ტერმინის – “ძლისპირის” ეტიმოლოგია, რომელზეც ყურადღებას ამახვილებს აკად. კ. კეკელიძე და რომელიც დღეს რატომღაც მივიწყებულია. ძლისპირი შედგება ორი სიტყვისაგან: ძლის და პირი – შენიშნავს კ. კეკელიძე. პირი აღნიშნავს დასაწყისს, ძლის ძალის კი სიმს (ხუთძალი, ათძალი, ძნობა=ძლობა). მეცნიერი მოიხმობს ბიბლიის ქართულ თარგმანს: ”და მოიღო მარიამ წინასწარმეტყუელმან, დამან არონისამან, ბობღანი ჴელითა თჳსითა, და განვიდოდეს ყოველნი დედანი მისთანა ბობღნებითა და (მ)(ძნობ(რ)ითა; უ-პირ-ობდა (Преднача) მათ მარიამ და ეტყოდა: “უგალობდით უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს (გამოსლ. XV, 20-22). ამრიგად, ძლისპირი სიტყვის თავდაპირველი მნიშვნელობით აღნიშნავს ჰიმნის პირველ, საწყის სიტყვას, შესრულებულს მუსიკალურ საკრავზე, ე. ი. პირველ სიმღერას” [5, გვ. 214]. ანდრია კრიტელის ეპოქაშიც ძლისპირის მთქმელი გალობის წამომწყები ხომ არ იყო? ძლისპირის გალობის ტონის განსაზღვრის ფუნქციაც ხომ არ ჰქონდა? ძლისპირის ამგვარ დანიშნულებაზე მიგვანიშნებს ”დიდი კანონის” ორ-ორი ირმოსი, განსაზღვრული სწორედ ინტონაციურ შეფერილობათა სხვადასხვაგვარობით.

მთავარი ის არის, რომ ქართული კულტურის მესვეურებს – მეფე დავით აღმაშენებელს, ექვთიმე მთაწმიდელს, გიორგი მთაწმიდელს, არსენ იყალთოელს, იოანე ქართლის კათალიკოსს, გადამწერთა მთელ პლეადას უდიდესი მნიშვნელობა მიუნიჭებიათ წმ. ანდრია კრიტელის ”კანონთა მეფედ” მიჩნეული საგალობლისთვის და  ქართული ეკლესიის ლიტურგიულ პრაქტიკაში მისი  ადაპტირებით ქართული სულიერი  კულტურის  საძირკველი  განუმტკიცებიათ. ”დიდი  კანონის”  უძველესმა ქართულმა თარგმანებმა შემოგვინახეს მისი არქაული სახე, რაც საშუალებას გვაძლევს ლიტურგიული პოეზიის ადრეული ეტაპების კვლევაში გარკვეული წვლილი შევიტანოთ.

დამოწმებანი:
 
1. Аверинцев С.,  У  истоков поэтической образности искусства, Другой Рим, Санкт- Петербург 2005.
2. არქიმანდრიტი კიპრიანე (კერნი), ლიტურგიკა. (წიგნი რუსულიდან თარგმნა და ქართული მასალების გათვალისწინებით კომენტარები დაურთო ელისო კალანდარიშვილმა), თბ. 2009.
3. თაყაიშვილი, ე., პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები და ოცი ქართული საიდუმლო დამწერლობის ნიშანი, პარიზი, 1933.
4. კეკელიძე, კ., კულტურული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ანარეკლი ძველ ქართულ ლიტერატურაში, თბილისი 1949.
5. კეკელიძე, კ., „Грузинский  литургический  словарь“, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტომი  XIV.  (შეადგინა  და  გამოსაცემად  მოამზადა სოლომონ ყუბანეიშვილმა), თბ. 1986.
6. კეკელიძე, კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბ. 1960.
კოპლატაძე, გ., ანდრია კრეტელი, დიდი კანონი. (ძველი ბერძნულიდან თარგმნა და გამოკვლევა დაურთო გვანცა კოპლატაძემ), თბ. 2007.
7. მანაგაძე, ხ., წმ. ანდრია კრიტელის "სინანულის კანონი" და მისი ქართული ძლისპირები, (ხელოვნებათმცოდნეობის  მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაციის ავტორეფერატი), თბ. 2006. 8. Флоренский Н. Н., История Богослужебных песнопений православной католической церкви, Киев 1881.
9. შანიძე, მ., ფსალმუნის ძველი ქართული რედაქციები X-XIII საუკუნეთა ხელნაწერების მიხედვით. (გამოსცა მზექალა შანიძემ), თბ. 1960.
10. ხაჩიძე, ლ.,  „გიორგი მთაწმიდელის რედაქციის მარხვანის პარიზული ნუსხა“. კრებული ივირონი – 1000, თბ. 1983.
11. ხაჩიძე, ლ., იოანე მინჩხის პოეზია. (ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო ლელა ხაჩიძემ), თბ. 1987.
12. ხაჩიძე, ლ., ეფრემ მცირის ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობის შესახებ, თბ. 2009.

13. ხევსურიანი, ლ., უძველესი იადგარი, (გამოსაცემად  მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებლები დაურთეს ელ. მეტრეველმა, ც. ჭანკიევმა და ლ. ხევსურიანმა) თბ.1980.

14. ხევსურიანი, ლ. „გიორგი მთაწმიდელის რედაქციის მარხვანის ავტოგრაფული ნუსხის საკითხისათვის“, ლიტერატურული ძიებანი, თბ. 2005.
15. Хоружий С., К  Феноменологии аскезы,  М. 1998.
16. ჯღამაია, ლ., გიორგი მთაწმიდელის თვენი (სექტემბერი). (გამოსცა,  გამოკვლევა, საძიებლები და ლექსიკონი დაურთო ლალი ჯღამაიამ), თბ. 2007.

* თავის დროზე, როცა “დიდი კანონის’’ შემცველ ხელნაწერებზე ვმუშაობდი, მეც გამომრჩა აღნიშნული მინაწერი. ის ელ. მეტრეველმა შენიშნა და ჩემს მიერ გადაწერილ ტექსტს დაურთო მინიშნებით: “ამას მოსდევს გადამწერის ცნობა’’ და მოიტანა მისი შინაარსიც.

* იერუსალიმის ხელნაწერთა არცერთ აღმწერს (ა. ცაგარელი, ნ. მარი, უ. ბლეიკი) არ აქვს მითითებული, რომ ამ კრებულში შეტანილია ”დიდი კანონის” გიორგი მთაწმიდელისეული თარგმანი. თავის დროზე ამ ლიტურგიული კრებულების დეტალური გაცნობის შედეგად მივაკვლიეთ მას.