ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 

 ჰაინც ფენრიხი - „ტყის დედოფალი; მითები და თქმულებები საქართველოდან“

 

მას შემდეგ, რაც გასული საუკუნის მიწურულს გაიხსნა საზღვრები საბჭოთა კავშირის ქვეყნებსა და ცივილიზებულ დასავლეთს შორის, ევროპაში თანდათან გაიზარდა ინტერესი აღმოსავლური კულტურისადმი. ეს თეზა, იქნებ, ბევრს საკამათოდაც მოეჩვენოს, რადგან ეგზოტიკისადმი ლტოლვა და მისი კულტურის ნაყოფთა შესწავლა-ათვისება ევროპაში ჯერ კიდევ ჰუმანისტებმა დაიწყეს. რასაკვირველია, ჩვენი მიზანი არაა, ვედავოთ ამ ისედაც ცნობილ ფაქტს; მხოლოდ აქ მოტანილი აზრი უნდა გავითვალისწინოთ იმ, თითქმის, ნახევარსაუკუნოვან წყვეტასთან დაკავშირებით, რამაც არაერთი სახელმწიფო და, მათ შორის, საქართველო მოსწყვიტა დასავლურ კურსს და მისი განვითარების პერსპექტივებს. აღნიშნული მდგომარეობის უეცარმა ცვლილებამ კი კვლავაც გაუხსნა გზა ორმხრივ კულტურულ ურთიერთობებს. რასაკვირველია, ეს ორმხრივი ლტოლვა არაა რისკს მოკლებული, თუკი ისეთი მცირერიცხოვანი ერი, როგორიც ქართველები ვართ, არ ეძიებს გზას საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის. ამიტომაც აქედანვე აუცილებელია, გამოიძებნოს ფორმა ასეთი ერებისათვის ცივილიზაციის პროცესში მართებული გეზის ასაღებად. ეს გზა კი სხვა არაფერია, თუ არა შექცევადი პროცესი კულტურული დოვლათის ურთიერთგაცვლისა, რაც საშუალებას აძლევს მცირე ერებს, დაამტკიცონ საკუთარი სრულუფლებიანობა მსოფლიოს წინაშე და იქცნენ ღირსეულ კოსმოპოლიტებად, მხოლოდ, პატრიოტიზმის მეშვეობით [3, გვ. 584].

როგორი მდგომარეობა გვაქვს თანამედროვე მონაცემებით საქართველოში? რამდენად დამაკმაყოფილებელია ქართული კულტურის პოპულარიზაციის საკითხი ევროპის მასშტაბებით? კითხვაზე პასუხის გასაცემად მსურს გავიხსენო ერთი გერმანელი ავტორის, მკვლევრისა და მწერლის საინტერესო წამოწყება მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ვაჟა-ფშაველას შემოქმედების გასაცნობად გერმანელი მკითხველისათვის. სწორედ ამ ინიციატივის შედეგად 1970 წ-ს ჟურნალ „Sinn und Form“ -შირაინერ კირშმა დაბეჭდა „ალუდა ქეთელაურის“ თარგმანი, რომელსაც თან ერთვის მისივე გამოკვლევა. ამჟამად მკითხველის ყურადღება სწორედ ამ უკანასკნელზე მსურს შევაჩერო. ავტორისეული გამოკვლევა, მართალია, მცირე მოცულობისაა, მაგრამ არაერთ საინტერესო დაკვირვებას მოიცავს, აშუქებს რა ვაჟას რეალიზმის საფუძვლებს რეალისტურ ფოლკლორულ ძირებზე დაყრდნობით. თუმცა უნდა ითქვას, რომ ევროპელი მკვლევრისათვის ჯერ კიდევ ამოუცნობი რჩება წმინდა ქართული ტრადიციული ფენომენი ხევისბერობისა; ვგულისხმობ იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც მთარგმნელის მიერ ხევისბერ ბერდიას სიტყვები შედარებულია ფაშისტურ პოგრომთან. ეს მაგალითი აქ მთარგმნელის დასაკნინებლად არ მოგვიყვანია. საქმე ისაა, რომ უცხო რეალობისა და მენტალობის უშეცდომო აღქმა თავად ამ რეალობის მკვიდრთა ჩარევის გარეშე სრულიად წარმოუდგენელია. გარდა შინაარსობრივი ადეკვაციისა თარგმანის დროს, რასაც არაერთი მოაზროვნე ტექსტის ერთი რეალობიდან მეორეში გადარგვას უწოდებს, ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფორმალურ ასპექტს, რაც უთუოდ უნდა ჩაითვალოს ჰაინც ფენრიხის წიგნის ”ტყის დედოფლის”, ძლიერ მხარედ [1]. ვიდრე წიგნში დაბეჭდილ მასალათა ანალიზზე გადავიდოდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ მონოგრაფიის შესახებ უკვე დაიბეჭდა წერილი „უნივერსიტეტის გაზეთის“ მარტის ნომერში. წერილის ავტორია ელენე გოგიაშვილი. სტატია ლაკონურად მიმოიხილავს ჰაინც ფენრიხის დამსახურებას ქართველი ხალხისადმი და ყურადღებას ამახვილებს წინამდებარე წიგნის არაერთ საინტერესო მახასიათებელზე. შესაბამისად, ჩვენი სტატია არაა პირველი გამოხმაურება გერმანელი ქართველოლოგის ნაშრომზე, თუმცა იგი ითვალისწინებს წინამდებარე პრეზენტაციას და სტილისტურ მხარეზე ორიენტირებით ცდილობს, სიახლე შეიტანოს უკვე არსებულ შეხედულებებში [4, გვ. 12]. კვლავაც მივუბრუნდეთ ზემოთ დასახელებულ ავტორისეულ მიდგომას სათარგმნი მასალისადმი. აღნიშნული ფაქტორის კოლორიტის გათვალისწინებისათვის საგანგებო ფორმის მოძებნა რომ არაა შემთხვევითი, ამაზე მეტყველებს ავტორის მიერ ტექსტისთვის დართული ბოლოსიტყვა, რომელიც თემატურად რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. ყოველი ნაწილი ევროპული საზოგადოებისათვის ქართული სინამდვილის გათვალსაჩინოებას ისახავს მიზნად [2, გვ. 638-649].

ვიდრე ჩვენთვის საინტერესო სტილის საკითხებამდე მივიდოდე, მკითხველს ვთავაზობ ბოლოსიტყვაში განხილულ საკითხთა ჩამონათვალს, რაც უფრო ცხადს გახდის ავტორის მიერ ჩატარებული სამუშაოს მნიშვნელობას:

1) ფენრიხი მიმოიხილავს ქართველთა სახელწოდების უცხოურ ვარიანტებსა და მათს სავარაუდო ეტიმოლოგიას;
2) შემდეგ მკითხველი ეცნობა საქართველოს დღევანდელ გეოგრაფიულ მდებარეობასა და საზღვრებს;
3) აქვე საუბარია უძველეს ქართველურ ტომებსა და მათი განსახლების არეალზე, რაც საფუძვლად ედება პირველი ქართული სახელმწიფოების - დიაოხისა და კოლხას - ჩამოყალიბების ისტორიას;
4) ბოლოსიტყვაში მოკლედაა გადმოცემული ქართველი ერის მიერ განვლილი ისტორიული გზა; უმეტესწილად, ყურადღება გამახვილებულია ურთულეს საბრძოლო ვითარებებზე და ძლევამოსილ მტერთა ვინაობაზე, რაც მკლევარს ქართველთა განსაკუთრებული თვისების - უდრეკობისა და შეუპოვრობის - დასასაბუთებლად აქვს გამოყენებული;
5) მცირე ისტორიული ექსკურსის შემდგომ, კონცენტრაციის არეალი ინაცვლებს წიგნის მთავარ მასალაზე, ფოლკლორულ თავისებურებებზე, ქართველი მწერლებისა და ფოლკლორის ურთიერთობაზე, რასაც ფოლკლორულ ტექსტთა ჩამწერების ვინაობა და მათი კვლევის ისტორია მოჰყვება.

ახლა მივუბრუნდეთ იმ სტილისტურ თავისებურებას, რაზეც ჩვენი წერილის დასაწყისშივე ავიღეთ ორიენტირი და ვუჩვენოთ, რამდენად გამიზნულია წიგნის ავტორის გეზი, შეუნარჩუნოს სხვა ენობრივ რეალობაში „გადარგულ“ მასალას შინაგანი თვითმყოფადობა. ამის სადემონსტრაციოდ მომყავს ციტატი ზემოხსენებული ბოლოსიტყვიდან: „მასალები, რომელთაც მოიცავს წინამდებარე წიგნი, დაკავშირებულია ქართველი ხალხის ცხოვრებასა და ისტორიასთან. შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ ქართული რეალობის სხვადასხვა ასპექტს. ერთი მათ მახასიათებელთაგანი კი სინამდვილის შეულამაზებლად გადმოცემაში მდგომარეობს, რაც ტექსტის ჩამწერთა რედაქციების გათვალისწინებით ჩვენს თარგმანში მაქსიმალურადაა დაცული“. ამას მოჰყვება ქართული ფოლკლორის შედარებითი ანალიზი მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორულ კონტექსტში: „ეს შეულამაზებელი გადმოცემა ქართულ თქმულებებს ბევრი სხვა ხალხის თქმულებებისაგან განასხვავებს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბერძნები, რომაელები და ინდოელები, რომელთა მითები და გადმოცემები ლიტერატურულ-ესთეტიკურად დახვეწილ, რაფინირებულ სახეს ატარებს. მათ გვერდით კი ქართული მასალა გაცილებით უფრო რეალისტურია და, ამისდაკვალად, ხშირად შემაძრწუნებელიც. სინამდვილის ასახვის ამგვარი მეთოდი მას ავთენტურობის უმაღლეს ხარისხსა და ღრმა ისტორიული რეალობის სტატუსს ანიჭებს, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტებს, ზეპირი გადმოცემის წყალობით, არცთუ უმნიშვნელო ტრანსფორმაცია აქვთ განცდილი“ [2, გვ. 645].

წიგნში მოცემული მასალა, მიუხედავად ქვეთავთა მრავალფეროვნებისა, სისტემურად შეიძლება სამ ძირითად ნაწილად გავყოთ:

ა) ქართველი ხალხის რწმენა - წარმოდგენები გმირთა და წარმართულ ღვთაებათა შესახებ (ამირანის ეპოსი; ტყაშმაფა; ოჩოკოჩი; ქალღმერთი დალი...);
ბ) გახალხურებული ინტერპრეტაციები ქრისტიანული წმინდანებისა; ჯვარ-ხატები; ადგილის დედა და საკულტო ლეგენდები;
გ) თქმულებები ისტორიულ პირთა შესახებ. ეს უკანასკნელი წიგნში „ისტორიულ სახეთა“ სახელითაა შესული.

ჩვენი მკითხველის ყურადღება მსურს შევაჩერო სწორედ ისტორიულ თქმულებათა გადმოცემის თავისებურებაზე, რაც, თავისთავად, რეალურ ფაქტთა ფოკლორულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ეს კი მონათხრობს ადგილობრივ კოლორიტს უნარჩუნებს და, ფაქტთა უბრალო კონსტატაციის მაგივრად, შეფასებით-ღირებულებით ანალიზსაც აცნობს დაინტერესებულ მკითხველს. ამგვარი სინთეზი ობიექტური მოვლენებისა და მათი სუბიექტური აღქმისა, ვფიქრობ, საუკეთესო საშუალებაა ევროპელი მკითხველისათვის ეროვნული განწყობისა და მსოფლმხედველობის გასათვალსაჩინოებლად. მსჯელობის მეტი სიცხადით წარმართვისათვის მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითი წინამდებარე მონოგრაფიიდან. ერთ-ერთ ქვეთავში მკვლევარი გვთავაზობს ლეგენდას მეფე თამარის კახაბერთან სტუმრობის შესახებ. თქმულებაში ყურადღება გამახვილებულია ისეთ პრობლემაზე, როგორიცაა წარმომავლობისა და ღირსების დაპირისპირება ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ეპოქაში. ამბავი უკავშირდება რაჭის ერისთავის, კახაბერის, ქალიშვილისა და მისი მსახურის - პავლია გოცირიძის - სიყვარულის ისტორიას, რომლის დაგვირგვინებაშიც უდიდესი როლი მიუძღვის თამარ მეფეს. იგი მგოსნებთან ერთად სტუმრობს საერისთავოს და, იცის რა წინასწარ წოდებრივად შეუფერებელი ქალ-ვაჟის სიყვარულის ამბავი, შეფარვით ეკითხება თავის მხლებელთ კაცის წარმომავლობის მნიშვნელობის შესახებ. პოეტებიდან ერთ მხარეს დგანან შავთელი და მისი მომხრენი, რომლებიც შემდეგ აზრს ავითარებენ: ,,წარმომავლობა ადამიანისა მიაგავს მზეს, სხივთა მფენელს, თავისი ნათლით რომ ანიჭებს სიცოცხლეს არსთა; ვარდი იზრდება თვით ნეხვშიც კი, მაგრამ ცხადია, ის ნეხვის სურნელს მიმოაფრქვევს მიდამოს მუდამ“. მეორე მხარეს დგას რუსთაველი, ათენიდან ახლადდაბრუნებული მგოსანი, რომელიც შავთელისა და მის თანამოაზრეთა შემდეგ მიმართავს მეფეს: „რაში არგია კაცს უვარგისს წარმომავლობა“?`` ლეგენდის თანახმად, მგოსანი ამ სიტყვებით იპყრობს მეფის გულს, თუმცა იმსახურებს დიდებულთა საშინელ რისხვას [1, გვ. 392-393].

რაც შეეხება გერმანული თარგმანის ენას, იგი, ზემომოყვანილი ამონარიდის ადეკვატურად, ზუსტად მიჰყვება ხალხურ სამეტყველო სტილს, რაც გერმანული ენისათვის არცთუ მახლობელი მოკლე სიტაქსური კონსტრუქციებით გამოიხატება.

თამარ მეფის შესახებ წიგნში შესულ ლეგენდათაგან ასევე უნდა აღინიშნოს თქმულება „ფერია“ (Die Fee), რომელშიც თავმოყრილია ქართველი ერის რწმენა-წარმოდგენები მეფე - ქალის ჭკუასა და სილამაზეზე, მის სამეფო ძლევამოსილებასა და შეუპოვრობაზე[1, გვ. 371-374].

ასევე უცვლელადაა დაცული ხალხის მიერ ჰიპერბოლირებული სახე გმირი გიორგი სააკაძისა, რომელიც წარმოსახვის ძალით არის გაიგივებული წმინდა გიორგისთან და მის მსგავსად ამარცხებს გველეშაპს. ვგულისხმობ ქვეთავს გიორგი სააკაძისადმი მიძღვნილი ციკლიდან, რომლის სათაურადაც ავტორსსიუჟეტიდან ამონარიდი ფრაზა აქვს გატანილი („გიორგი სააკაძე კლავს გველეშაპს“). თქმულების ყოველი ელემენტი ცხადყოფს ხალხის მიერ გმირის გაიდეალების ტენდენციას, რაც თვით წმინდანის რეგალიების გმირზე გადატანითაა მიღწეული (გიორგი სააკაძე აქ, წმინდა გიორგის მსგავსად, ფლობს თეთრ ცხენს, იარაღს და ხალხის თხოვნით ამარცხებს სოფლის განაპირას, მდინარე მტკვარში, დასახლებულ გველეშაპს). უფრო მეტიც, ლეგენდა არ გაურბის შედარების ობიექტის ხსენებას და პირდაპირ უსვამს ხაზს სააკაძის წმინდა გიორგისთან გაიგივების ფაქტს [1, გვ. 407-408].

ამგვარად, ჰაინც ფენრიხი გერმანელ მკითხველს სთავაზობს ქართული რეალობის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს - იგი ფოლკლორული სივრცის მეშვეობით თავს უყრის ერის მიერ განვლილი გზის თითქმის ყველა პერიპეტიას და, რაც ჭეშმარიტად აღნიშვნის ღირსია, მხედველობიდან არ ტოვებს თქმულებებისა და ლეგენდების შექმნის არეალს, ინარჩუნებს სამეტყველო სტილს სინტაქსურ კონსტრუქციათა გათვალისწინებით და ემოციური მუხტის დახმარებით, ფაქტთა უბრალო კონსტატაციის ნაცვლად, გერმანელ მკითხველს აცნობს ამ რეალობაში მცხოვრები ერის განწყობას კონკრეტულ მოვლენათადმი, რაც, ვფიქრობ, ქართული კულტურისა და კოლორიტის მართებული პოპულარიზაციისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

დასასრულს მკითხველს მეტი თვალსაჩინოებისათვის ვთავაზობთ ჰაინცფენრიხის მიერ წარმოდგენილი მასალის თემატურ სპექტრს:
1. თქმულებები ამირანზე (Amirani-Sagen);
2. თქმულებები მესეფების შესახებ (Mesepi-Sagen);
3. თქმულებები დალიზე (Dali-Sagen);
4. თქმულებები ტყაშმაფას შესახებ (Tqaschmapa-Sagen);
5. თქმულებები მონადირეებზე (Sagen von Wilhütern);
6. ეშმაკთა და სულთა შესახებ (Von Teufeln und Geistern);
7. ჯადოქრები (Hexensagen);
8. თქმულებები ჭინკებზე (Tschinka-Sagen);
9. ოჩოკოჩი და ოჩოპინტრე (Otschokotschi und Otschopintre);
10. თქმულებები მთვარესა და წმინდა გიორგიზე (Sagenvom Mondund vom heiligen Georg);
11. ძველი სამყაროს ისტორიიდან (Vonderersten Zeitder Welt);
12. ადგილთა თქმულებები (Ortssagen);
13. მეტყველ სახელთათვის (Namens deutende Sagen);
14. ლეგენდები წმინდანებსა და მოწამეებზე (Legenden von Heiligenund Märtyrern);
15. ქართველთა ცხოვრებისა და ბრძოლის ისტორიიდან (Vom Leben und Kampf der Georgier);
16. ისტორიული სახეები (Gestalten der Geschichte);
17. ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოს თქმულებები ღვთაებათა შესახებ (Göttersagenaus Nordostgeorgien);
18. საკულტო ადგილები და მათი მსახურები ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში (Kultstätten und ihre Dienerin Nordostgeorgien);
19. ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ცხოვრებიდან (Vom Leben in Nordostgeorgiens Bergland).

უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული ქვეთავი, თავის მხრივ, იყოფა ქვესათაურებად, რომლებიც შედარებით უფრო მცირე მოცულობის კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებს აერთიანებს და სადა სამეტყველო სტილით არაერთ საინტერესო ინფორმაციას სთავაზობს მკითხველს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:
1. Heinz Fähnrich, Königin des Waldes; Sagen und Mythenaus Georgien, Buchverlag König, 2012.
2. Heinz Fähnrich ”Nachwort”; Königindes Waldes; Sagenund Mythenaus Georgien, Buchverlag König, 2012.
3. ვაჟა-ფშაველა, „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“; 1979 წ., გამომც. „საბჭოთა საქართველო“, ტ.2.
4. გოგიაშვილი ე., „ქართული თქმულებები გერმანულ ენაზე“, გაზ. თბილისის უნივერსიტეტი, №4, 2013.