ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





სოფია ვაშალომიძე, ალექსანდრე თვარაძე 

 

ახალი კრებული: კავკასია მონღოლთა პერიოდში (XIII-XIV სს)

 

კრებული „კავკასია მონღოლთა პერიოდში“ (გამოცემლები: იურგენ ტუბახი, სოფია ვაშალომიძე და მანფრედ ციმერი: 360 გვ.) დაიბეჭდა 2012 წელს „დრ. ლუდვიგ რაიხერტის“ (ვისბადენი) გამომცემლობაში. კრებულში განხილულია კავკასიის (უმთავრესად საქართველოსა და სომხეთის) ისტორიასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები მონღოლთა ხანაში, XIII-XIV საუკუნეებში. წიგნი შეიცავს ავტორების სტატიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. შესავალში (გვ. 7-12) მოცემულია კრებულში დაბეჭდილი სტატიების ზოგადი მიმოხილვა.

1. ვილჰელმ ბაუმი (კლაგენფურტი) თავის სტატიაში „მონღოლები და ქრისტიანობა“ (გვ. 13-52) ეხება მონღოლთა ადრეული ისტორიის წყაროებს, განსაკუთრებით ე. წ. „მონღოლების საიდუმლო ისტორია“-ს. აღნიშნული ნაწარმოები შეიქმნა ჩინგიზ ყაენის ინიციატივით და ის ჩვენამდე მხოლოდ ჩინური თარგმანის სახითაა მოღწეული. როგორც თავად ავტორიც აღნიშნავს, თხზულებაში მცირე ინფორმაციას ვღებულობთ მონღოლების რელიგიაზე.

* Der Kaukasus in der Mongolenzeit, editor Jürgen Tubach (Hrsg.); Sophia G. Vashalomidze (Hrsg.): Manfred Zimmer (Hrsg.) Reichert Verlag, Wiesbaden 2012.

მონღოლები, როგორც ცნობილია, მიუხედავად მათი იმპერიის სწრაფი განვრცობისა, მეტად დიდსულოვანი იყვნენ რელიგიის საკითხებში. არ ცდილობდნენ დამორჩილებული ხალხების თავიანთ აღმსარებლობაზე მოქცევას.

ავტორი გვაწოდებს ინფორმაციას რომის პაპის მიერ ყაენთან გაგზავნილი ელჩების შესახებ. გარდა ამისა, სტატიაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ილხანთა დინასტიის დამფუძნებელის, ჰულეგუს (1217-1265) ხანას, მონღოლთა მმართველობას სპარსეთში, ილხანების აბაღას (1234-1282) და არღუნის (1285-1291) მბრძანებლობის პერიოდებს. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ილხანსა და ქრისტიანებს შორის არსებულ ურთიერთობებს 1291 წლის შემდეგ. როგორც ვილჰელმ ბაუმი თავად სამართლიანად აღნიშნავს, აღნიშნული წყაროებით არ ამოიწურება მონღოლთა და ქრისტიანთა შორის ურთიერთობის ისტორია. ავტორი ამასთანავე გვაწვდის ცნობებს ქართული წყაროდან „ასწლოვანი მატიანე“.

2. ბაიარსაიხან დაშდონდოგი (მონღოლეთი) თავის სტატიაში, „მონღოლი დამპყრობლები სომხეთში“ (გვ. 53-82), განიხილავს მონღოლთა მიერ სომხეთის, მთელი კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტერიტორიულ ოკუპაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს. მეცამეტე საუკუნემდე მონღოლების არსებობა სომხებისთვის არ იყო ცნობილი. ცენტრალური აზიის ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ მონღოლები დაიძრნენ კავკასიისკენ, რის შედეგადაც სომხები პირდაპირ კონტაქტში მოვიდნენ მონღოლებთან. სომხების დამოკიდებულება მონღოლებისადმი ერთგვაროვანი არ ყოფილა. მარბიელი ლაშქრობების, სამხედრო მოქმედებების და დიპლომატიური ზეწოლის შემდეგ, რაც მთლიანობაში დაახლოებით 20 წელიწადს გაგრძელდა, სომხეთის სრული ინტეგრირება მოხდა მონღოლთა იმპერიაში. ავტორი ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებს მონღოლთა სამხედრო ურთიერთობებზე, დიპლომატიასა და სომხეთის როლზე აღნიშნული პერიოდის ისტორიაში. სტატიაში სომხური წყაროების საფუძველზე, სომეხი მთავრების მაგალითზე, განიხილება სომეხთა და მონღოლთა პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობების სხვადასხვა საკითხები.

3. ჰაიკო კონრადი (ბერლინი) თავის სატიაში - „დაკვირვებები და შენიშვნები სომხეთის მთავრების მგდომარეობაზე მონღოლთა ბატონობის პერიოდში“ (გვ. 83-106) - უმთავრესად მისდევს კირაკოს განძაკეცის “სომხეთის ისტორიას”. კონკრეტული ეპიზოდების საფუძველზე ავტორი ცდილობს ცალკეული მთავრების თუ ოჯახების ისტორია ერთგვარად ფართო, ზოგად კონტექსტში გაანალიზოს.

4. დიკრან კოუმიანი (პარიზი) თავის სტატიაში „ჩინური დრაკონები და ხელმეორედ დაბადება სომეხთა შორის“ (გვ. 107-128) მონღოლებთან სომხების დამოკიდებულებას განიხილავს კულტურულ კონტექსტში. ამ შემთხვევაში მონღოლთა დაპყრობებმა ხელი შეუწყო სომხეთში სხვადასხვა აღმოსავლური მხატვრული მიმართულების თუ სტილის გავრცელებას. თავიანთ ისტორიულ სამშობლოში სომხებმა დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ სელჩუკების დაპყრობების შემდეგ დაკარგეს. კილიკიის სომხურმა სამეფომ დამოუკიდებლობის სრული აღიარება მოიპოვა 1198-1199 წელს და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ერთერთმა პირველმა დაამყარა დიპლომატიური კავშირები მონღოლების სახელმწიფოსთან. XIII საუკუნის შუა ხანებში მონღოლებს და კილიკიის სომხეთის სახელმწიფოს შორის ოფიციალური ხელშეკრულებაც დაიდო. მომდევნო ნახევარი საუკუნის განმავლობაში შორეული აღმოსავლეთის კულტურის გავლენა, ჩინეთის იქნება ეს თუ მონღოლეთის, განსაკუთრებით იგრძნობა სომხურ სახვით ხელოვნებაში. აღნიშნული იმპულსებს სომხური ხელოვნება რიგ შემთხვევებში იღებდა პირდაპირ ყარაყორუმიდან, ხშირად შუამავალის ფუნქციას ასრულებდა სპარსეთის ილხანთა სახელმწიფო.

5. ტიმოთი მაი (დაჰლონეგა), თავის სტატიას - „ტრანსკავკასიის დაპყრობა და დართვა: ჩორმაღანის ეპოქა“ (გვ. 129-152) - იწყებს 1220 წელს მონღოლების პირველი შემოჭრით ტრანსკავკასიაში. როგორც ცნობილია, ეს იყო მხოლოდ მარბიელი რეიდი, ხოლო კავკასიის მიზანმიმართულ დაპყრობას მონღოლები იწყებენ გვიან 1230-იან წლებში, ჩორმაღანის მეთაურობით, როდესაც მონღოლებმა ნაბიჯ-ნაბიჯ თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს ცალკეული სამთავროები. სტატიაში განიხილება ჩორმაღანის დროს მონღოლთა მიერ კავკასიის დაპყრობასა და მართვასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები.

6. ალექსანდრე ოსიპიანი (კრამატორსკი) თავის სტატიაში - „მონღოლთა მონათლული მმართველები, პრესბიტერი იოანე და სამი მოგვი: მონღოლების ხატი სომხებთან, რომელიც იქმნებოდა დასავლელი მკითხველისთვის (XIII ს-ის შუა ხანები – XIV ს-ის დასაწყისი” (გვ. 153-168) - ძირითადად ეხება კილიკიელი მმართველი ელიტის თვალით დანახულ, მონღოლთა დადებითი ემოციებით დატვირთულ სურათს. ისინი ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ფრანკები, რომ პოლონეთის და უნგრეთის განადგურების მიუხედავად მონღოლები მაინც შეიძლებოდა კარგი მოკავშირეები ყოფილიყვნენ სარკინოზთა წინააღმდეგ ბრძოლაში.

7. ცარუი პოგოსიანი (რომი) თავის სტატიაში - „სომხები, მონღოლები და სამყაროს დასასრული: XIII საუკუნის წყაროების მიმოხილვა“ (გვ.169-198) - საუბრობს საკითხზე, თუ რა გავლენა მოახდინეს მონღოლთა შემოსევებმა სომხების ესქატოლოგიურ წარმოდგენებზე. კავკასიაში და კილიკიის სომხეთში მონღოლების გამოჩენას სომხურ წყაროებშიც წინ უძღოდა სხვადასხვაგვარი სპეკულაციები, რომ ახლოვდებოდა სამყაროს აღსასრული. მონღოლთა დასახვა “მშვილდოსან ერად”, რომლის იდენტიფიცირებასაც ხშირად ახდენდნენ გოგის და მაგოგის აპოკალიპტურ

ხალხებთან, გარკვეულწილად აღძრავდა ესქატოლოგიურ შიშებს და მოლოდინებს. სტატიაში ყურადრება მახვილდება საკითხზე, რამდენად იყო კავშირში აღნიშნული წარმოდგენები სომხეთის სამეფო იდეოლოგიასთან.
8. იოჰანეს პრაიზერ-კაპელერი (ვენა) თავის სტატიაში - „კონტანტინოპოლსა და ოქროს ურდოს შორის. ალანების და ჯიქების ბიზანტიური საეკლესიო პროვინციები მონღოლთა კონტროლის სფეროში XIII-XIV საუკუნეებში“ – საუბრობს საკითხზე, რომ ალანიის და ჯიქია-მატრახას სამიტროპოლიტო ეპისკოპოსები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ეკლესიის პოლიტიკაში აღნიშნულ ზონაში, რომელიც მოქცეული იყო ოქროს ურდოს, ბიზანტიას და ნაწილობრივ ლათინთა გავლენის სფეროს შორის. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთვის ამ ორი საეპისკოპოსოს არსებობა ერთგვარი დემონსტრირება გახლდათ, რომ ბიზანტიის ეკლესია ინარჩუნებს “ეკუმენურ” გავლენას.

9. ანტონ პრიტულას (პეტერბურგი) სტატიაში - „ბარდას (ვარდა) კოლექციის თბილისის ჰიმნი: მაჰმადიანი დამპყრობლების წარმართებად გადაქცევა“ (გვ. 217-238) - გვთავაზობს და განიხილავს ერთ-ერთ სირიულ ხელნაწერს,რომელიც დათარიღებულია 1550 წლით, ინახება კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ავტორს ის მიაწოდა სირიული ენის ცნობილმა სპეციალისტმა სებასტიან ბროკმა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ჰიმნის ავტორი ბარდა არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიცია მას მიაწერს ნაწარმოების შექმნას. ხელნაწერში დეტალურად არის აღწერილი თბილისის აოხრება XIII საუკუნეში უცხოელი დამპყრობლების მიერ. არაქრისტიანების მიერ ქალაქის დაპყრობა ავტორს საბოლოოდ სურს გაიაზროს როგორც ღვთის მიერ მოვლენილი სასჯელი, თუმცა თავიდან ეჭვი შეაქვს ღმერთის სამართლიანობაში, ქალაქის დაპყრობისას მომხდარი საშინელებების ფონზე.

მეტად საინტერესოა ხელნაწერის ისტორიული კონტექსტი. იგი ასახავს 1220-1226 წლების ვითარებას, როდესაც საქართველოში ვხედავთ მონღოლ და ხვარაზმელ დამპყრობლებს. როგორც ცნობილია, თბილისის დაპყრობის და აოხრების ისტორიული ფაქტი აღწერილია არაბულ, სპარსულ, სომხურ და ქართულ წყაროებში. საინტერესო იქნება სირიული ჰიმნის შედარება უკვე ცნობილ მასალასთან. მაჰმადიანი ხვარაზმელები ჰიმნში დასახული არიან მოგვებად, ანუ ზარატუსტრას მიმდევრებად. შარვა (შალვა ახალციხელი) არის ქრისტიანობის წარმართობისგან დამცველი. დამპყრობლების მოგვებად დასახვა შეიძლება იყოს იმ მოვლენის გამოძახილი, რომ მონღოლები აღნიშნულ პერიოდში შამანიზმის მიმდევრები იყვნენ. აქედან გამომდინარე, ტექსტში მონღოლების და ხვარაზმელების სახე შესაძლოა ერთმანეთთან იყოს შერწყმული. ავტორის თვალსაზრისით, ხელნაწერში ისტორიული ფაქტები ხშირად დამახინჯებულია. მისი ვარაუდით, ჰიმნი შესაძლოა შეიქმნა სხვადასხვა პიროვნებების მიერ ზეპირად მოთხრობილი ამბების საფუძველზე, რომელთაც დასაშვებია ერთგვარი ხალხური ტრადიციის სახე მიეღოთ. სირიული ხელნაწერი პირველად ქვეყნდება და ტექსტით ქართველი მეცნიერები ალბათ განსაკუთრებით დაინტერესდებიან.

10. ვერნერ ზაიბტი (ვენა) თავის სტატიაში - „კავკასიის (Kaukasos) მართლმადიდებლური სამიტროპოლიტო“ (გვ. 239-250) - ეხება საკითხს, რომ “კავკასიის” მართლმადიდებლური სამიტროპოლიტო XIV საუკუნეში განსაზღვრული დროით ჩნდება კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს რეგისტრში, ასევე რამდენიმე სხვა წყაროში, კონსტანტინეპოლის ეკუმენური საპატრიარქოს სამიტროპოლოების ჩამონათვალში. აღნიშნული სამიტროპოლო წყაროებში მოიხსენიება იმ პრობლემებთან კონტექსტში, რომლებიც საპატრიაქროს ჰქონდა ალანიის მიტროპოლიტთან. ეს უკანასკნელი რამდენჯერმე ჩაერია სავარაუდოდ მის მეზობლად მდებარე კავკასიის სამიტროპოლოს საქმეებში.

ავტორის მოსაზრებით, ეს სამიტროპოლიტოც შეიძლებოდა დაახლოებით თანამედროვე ოსეთის ტერიტორიაზე ყოფილიყო. მართალია თვითონ ალანთა სამეფომ მისიონერთა მოღვაწეობის შემდეგ ჯერ კიდევ ადრეულ X საუკუნეში აღიარა ქრისტიანობა და იქ მართლმადიდებლური სამიტროპოლიტოც დაფუძნდა. მაგრამ შესაძლებელია რომ ოსების (მასობრივი) ქრისტიანიზირება უფრო მოგვიანებით დაიწყო. ეს პროცესი XII საუკუნის საქართველოდან უნდა ყოფილიყო ინიცირებული. ოსებს შორის ქრისტიან მისიონერთა საქმიანობის დამადასტურებელი პირველი არქეოლოგიური საბუთები თარიღდება XII ან XIII საუკუნით. მონღოლებმა მნიშვნელოვნად დაასუსტეს საქართველოს პოლიტიკური ძალა, რამაც ბიზანტიელებს სავარაუდოდ მისცა საშუალება, რომ ეკუმენური საპატრიარქო უშუალოდ ჩარეულიყო ოსების საეკლესიო ორგანიზაციაში.

11. ალექსანდრე თვარაძე (თბილისი) თავის სტატიაში - “1219-1221 წლების დასავლეთის ლაშქრობა: ‚მონღოლების მოლოდინი‘ დამიეტეს ჯვაროსნების ბანაკსა და ქრისტიანულ კავკასიაში“ (გვ. 251-308) _ უმთავრესად განიხილავს სხვადასხვა წარმოდგენებს, რომლებიც წინ უძღოდა ახლო აღმოსავლეთსა თუ კავკასიაში მონღოლების გამოჩენას. სტატიაში თავიდან საუბარია V ჯვაროსნულ ლაშქრობაზე, მონღოლების ხვარაზმელთა სახელმწიფოს წინააღმდეგ ლაშქრობაზე, ჯებეს და სუბუდაის ექსპედიციაზე. განიხილება საკითხი, თუ რამდენი ბრძოლა გაიმართა 1220-1221 წლებში მონღოლებს და ქართველებს შორის. საუბარია ლათინურ ტექსტზე „მეფე დავითის რელაციო“, რომელიც დამიეტესთან მყოფ ჯვაროსნებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, სადაც მონღოლები ქრისტიანებად იყვნენ დასახული.

აღნიშნულმა შეხედულებამ დიდი გავლენა მოახდინა V ჯვაროსნული ლაშქრობის განვითარებაზე 1221 წელს. განიხილება ასევე ორი ნაშრომი „ჰანანის ინასწარმეტყველება“ და „კლემენტის წიგნი“, რომლებიც დამიეტესთან მყოფ ჯვაროსნებს შორის ასევე გავრცელებული იყო. საუბარია „მეფე დავითის რელაციოში“ საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით არსებულ მასალებზე, რელაციოს მეფე დავითის სახელის და წარმომავლობის საქართველოს ისტორიის მონაცემებით ახსნაზე. სტატიის დასკვნითი ნაწილი ეთმობა მონღოლთა გამოჩენამდე ქრისტიანული აღმოსავლეთის შესახებ კავკასიაში გავრცელებულ სხვადასხვა წარმოდგენებს.

12. სოფია ვაშალომიძე (ჰალე) თავის სტატიაში - „მონღოლთა შემოსევა კავკასიაში და ქართული წყარო ,,ქართლის ცხოვრება“ (გვ. 309-320) - მიმოიხილავს ისტორიულ წყაროებს მონღოლთა შესახებ, უმთავრესად „ქართლის ცხოვრებას“, რომელიც დეტალურ ცნობებს გვაწვდის მონღოლების კავკასიაში მმართველობის, ასევე აზიაში მონღოლთა სხვადასხვა ლაშქრობების შესახებ. ქართული ქრონიკა გვთავაზობს საინტერესო ცნობებს არა მხოლოდ პოლიტიკურ ცხოვრებასა და ისტორიაზე, არამედ მონღოლთა ანთროპოლოგიაზე, ენასა და ცხოვრებაზე, ხელისუფლებაზე, მმართველობის ფორმაზე, ფეოდალურ-მომთაბარე ეკონომიკაზე, საგადასახადო პოლიტიკაზე, ჩვევებსა და ტრადიციებზე, რელიგიურ შეხედულებებსა და საომარ ტაქტიკაზე. ქართული წყარო გვთავაზობს მოვლენების საინტერესო ისტორიული პერსპექტივებიდან ხედვას თუ შეფასებას.

13. მანფრედ ციმერი (ჰალე) თავის სტატიაში - „ტექსტის არარაციონალური ელემენტების ანალიზის შესაძლებლობა“ (გვ. 321-354) - ძირითადად განიხილავს ადამიანის ხატს ისტორიულ ტექსტებში. სტატიაში მთავარი ადგილი ეთმობა სომხურ წყაროებს, რომლებიც გვთავაზობენ მასალას მონღოლთა მმართველობის პერიოდში სომხეთსა თუ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. სტატიის მეორე ნაწილში ავტორი სომხური წყაროების საფუძველზე საუბრობს, თუ რა დადებით მხარეებს გამოარჩევდნენ ისინი მონღოლებში.

კრებული მთავრდება ავტორთა მოკლე ბიოგრაფიული ცნობებით (გვ. 355-360). ჩვენს მოკლე სტატიაში მოცემულია კრებულის, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიბეჭდა გერმანიის ქალაქ ვისბადენში, მხოლოდ ზოგადი მიმოხილვა. ვფიქრობთ, კრებული საინტერესო მასალებს სთავაზობს მეცნიერებს და წიგნით სავარაუდოდ დაინტერესდებიან კავკასიოლოგები, ფილოლოგები, აღმოსავლეთმცოდნეები და ისტორიკოსები.