ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





ელგუჯა ხინთიბიძე 

ალავერდი ხანი უნდილაძის სიტყვა შაჰ–აბას პირველის სამეფო კარზე

 

უკანასკნელი ათწლეულების ქართველოლოგიურ სამეცნიერო ლიტერატურაში ინტერესი ალავერდი ხანის პიროვნებისადმი თანდათან გაიზარდა. წინა საუკუნის მეორე ნახევრიდან დაწყებული ეს ინტერესი ძირითადად მისი ეროვნული კუთვნილების პრობლემისადმი იყო მიმართული, რაც საქართელოში მამა–პაპეული ოჯახის გვარის – უნდილაძის – გამოვლენით წარიმართა და თვით ყველა დაეჭვებულ წრეში მისი წარმომავლობითაც და ეროვნებითაც ქართველობის უყოყმანო აღიარებით დასრულდა [2]. მიმდინარე საუკუნის პირველ ათწლეულში ქართველოლოგიაში ახალი სენსაციური სიახლე გამოვლინდა: ვეფხისტყაოსნის ამბავს იცნობს და იყენებს XVII საუკუნის დასაწყისის ინგლისის ინტელექტუალთა წრე, კერძოდ შექსპირის უშუალოდ მემკვიდრე დრამატურგები [3]. იმის ძიებამ, თუ რა გზით უნდა მისულიყო ვეფხისტყაოსნის ამბავი შექსპირის ეპოქის ინგლისში, ჩემი ყურადღება ალავერდი ხანისა და მასთან დაკავშირებულ ინგლისის დიპლომატთა და მოგზაურთა წრეს მიაპყრო. ინგლისელ მოგზაურთა 26 კაცისაგან შემდგარ ჯგუფს, რომელიც 1599 წლის დასასრულს ეწვია შაჰ-აბას პირველის სამეფო კარს, მეთაურობდა ცნობილი დიპლომატი ანტონი შერლი. იგი 6 თვეს დარჩა შაჰის კარზე. შემდეგ შაჰის ელჩის რანგში ევროპაში გაემგზავრა, სადაც გარდაცვალებამდე, 1635 წლამე, ცხოვრობდა - რუსეთში, ცენტრალურ ევროპაში, იტალიაში, ესპანეთში და აქტიურად იყო ჩართული ევროპისა და სპარსეთის პოლიტიკურ ურთიერთობებში. ამჯერად მე ხელთ მაქვს ანტონი შერლის მიერ 1613 წელს ლონდონში მისი სპარსეთში მოგზაურობის შესახებ გამოცემული წიგნი [1].

ამ წიგნს ქართველი მეცნიერები, რომლებიც ალავერდი ხანის მოღვაწეობას ეხებიან, მიუთითებენ, მაგრამ მისი გამოყენება და მისგან ფაქტების მოხმობა ქართველოლოგიურ პრობლემებზე მსჯელობისას არ ჩანს.

როგორც ანტონი შერლის მოგონებებიდან ჩანს, XVI საუკუნის დამლევის ინგლისური ექსპედიციის უმთავრესი მიზანი იყო სპარსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყება. ანტონი შერლის წიგნი ქართველოლოგიურ მეცნიერებებისათვის ბევრ მნიშვნელოვან ცნობას იძლევა. მივუთითებთ მხოლოდ ერთ მათგანზე, რომელიც ეხება მის ურთიერთობას ალავერდი ხანთან და ამ უკანასკნელის ეროვნული სადაურობის საკითხს:

პირველმა აუდიენციამ შაჰ-აბასთან შერლი დაარწმუნა, რომ მისთვის უპირველესი ამოცანა შაჰის ნდობის მოპოვება უნდა ყოფილიყო. იგი წერს [1, გვ. 73] „ამიტომ მე გარკვეული დრო მოვანდომე იმაზე ფიქრს, თუ რა გზას უნდა დავდგომოდი, და გამეგო მისი (მეფის) მოქმედების მიზანი, მის ბუნებასა (ხასიათზე) და მიდრეკილებებზე დაკვირვებით; გარდა ამისა, არა მხოლოდ უნდა მიმეღწია იმისთვის, რომ მას (მეფეს) შინაგანად მოვწონებოდი, არამედ ყველა მისი დიდი თანამდებობის ადამიანს – განსაკუთრებით იმათ, რომლებიც ჩემი წარმოდგენით იქნებოდნენ ყველაზე უკეთესი და ძლიერი დამხმარეები ჩემი მიზნის მიღწევაში. ასეთებად მე მივიჩნიე ალავერდი ხანი – მისი გენერალი, და შაჰთამას ყული ბეგი – ორივე ქართველი. და თუმცა ისინი მაჰმადიანებად აქცია მეფის მამამ, რომელსაც მიუყვანეს ახალგაზრდობაში, მაინც მათ მუდამ ქრისტიანული გულები ჰქონდათ და უსაზღვროდ კეთილად იყვნენ განწყობილნი ყველაფრისადმი, რასაც შეეძლო ქრისტიანთა წამოწყობისათვის ხელის შეწყობა, და საჯაროდ უსურვებდნენ კარგს მათ (ქრისტიანებს) საქმიანობაში და ყველა შემთხვევას იყენებდნენ, რომ მათთვის სახელი და პატივი მიეგოთ“.

შერლის ექსპედიცია ინგლისის სამხრეთ–აღმოსავლეთის საზღვაო ქალაქ საუთჰამპტონიდან გაემგზავრა. მას ესექსის დიდი პროვინციის გრაფი რობერტ დევერეუქსი აფინანსებდა. ამ ვოიაჟის პოლიტიკური მისია იყო სპარსეთის მიერ აღმოსავლეთში დიდი ომების წამოწყება, ევროპის ოსმალთაგან დასაცავად სპარსეთის ოსმალეთის წინააღმდეგ ამხედრება. ოსმალეთი, რომელმაც XV-XVI საუკუნეებში წარმატებული სამხედრო ექსპანსიით გააფართოვა და განამტკიცა თავისი საზღვრები მცირე აზიასა და კავკასიაში, უკვე წარმატებით იბრძოდა აღმოსავლეთ ევროპაში და ამით აღელვებდა ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოს, განსაკუთრებით უნგრეთს, ტრანსილვანიის სამთავროს, პორტუგალიას, ესპანეთს. XV საუკუნიდან დაწყებული ოსმალეთი ქართული სახელმწიფოს ერთიანობას დამანგრეველ დარტყმას აყენებდა, რაც ამავე საუკუნის დასასრულისთვის არსებითად დასრულდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთელი ტერიტორიის ოტომანთა იმპერიაში მოქცევით და გაგრძელდა საქართველოს დანარჩენ რეგიონებში ოსმალთა გავლენის თანდათანობით გაზრდით. ქართველთა ეროვნული ინტერესი შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს დასავლეთ ევროპის ქრისტიანი მეფეებისგან დახმარებაში და ევროპასთან ერთად ოსმალეთის წინააღმდეგ კოალიციურ ომებში ხედავდა. ქართველთა მეფეების ეს მიზნებია გამოვლენილი ესპანეთის მეფეებისა და რომის პაპთა წინაშე გაგზავნილ წერილებში: გიორგი VIII-ის ელჩობა რომის პაპთან (XV საუკუნის მეორე ნახევარი), კონსტანტინე II ელჩობა და წერილი ესპანეთის დედოფალ იზაბელასთან (1495წ.), ქართლის მეფის სიმონ პირველის წერილები ესპანეთის მეფე ფილიპე II, გერმანიის იმპერატორთან, რომის პაპთან (1596-98 წწ.). XVI საუკუნის დამლევს ქართლის მეფის აქტიური მოქმედება ოსმალეთის წინააღნდეგ სამხედრი ოპერაციების წამოსაწყებად ინსპირირეული იყო ევროპაში დაწყებული ანტიოსმალური კოალიციის შექმნის მცდელობით, რაც გერმანიის იმპერატორმა რუდოლფ II და რომის პაპმა კლიმენტი VIII ითავეს. როგორც სიმონ I წერილებიდან ჩანს, ამ ინიციატივას ქართლის სამეფოს გარდა მხარს უჭერს კახეთის მეფე ალექსანდრეც და თვით სპარსეთის შაჰიც [4].

ასე რომ, ანტიოსმალური განწყობილება შაჰ-აბასის სამეფო კარზე, როცა იქ 1599 წელს ინგლისელთა დელეგაცია ჩავიდა, ნამდვილად არსებობდა. მეორე მხრივ, ამ დროისათვის სპარსეთსა და ოსმალეთს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა სუფევდა, რაც წინა ათწლეულებში ოსმალთა სპარსეთის ტერიტორიაზე წარმატებული ბრძოლების შედეგად დადებულ ზავს მოჰყვა. სპარსეთისთვის სამეფო კარზე ოსმალთა წინააღმდეგ ხელახალი ომების წარმოწყების საკითხის გადაწყვეტა საკმაოდ პრობლემური იყო. ეს წინააღმდეგობა იგრძნო ანტონი შერლიმ სპარსეთის სამეფო კარზე პირველი ვიზიტისთანავე და ამიტომ ეძებდა იგი მხარდამჭერებს შაჰის დიდებულთა შორის. ასეთი დიდი მხარდამჭერი აღმოჩნდა ალავერდი ხანი. ამ პოზიციაზე მტკიცედ დგომისკენ მას, ჩემი ფიქრით, მამა-პაპეული ქართული ქვეყნის ინტერესებიც ეწეოდა.

შერლის დიპლომატიურმა საქმიანობამ შედეგი გამოიღო. შაჰ-აბასმა მრავალწლიანი საომარი მოქმედებები დაიწყო ოსმალეთის წინააღმდეგ, რაც თანდათანობით სპარსეთის მიერ ათეული წლების წინ დაკარგული რეგიონების დაბრუნებით და ქვეყნის პოზიციების განმტკიცებით დასრულდა. შაჰის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმას წინ უძღოდა ცხარე დისპუტი, რასაც ანტონი შერლი დეტალურად აღწერს:

გადამწყეტი თათბირი შაჰის კარზე მას შემდეგ გაიმართა, რაც შერლიმ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შაჰის დიდ ვეზირთა შორის მხარდამჭერებს მიაგნო. შაჰისა და ინგლისელი მოგზაურის საუბარს ესწრებოდნენ ვეზირები: ჰალდენ ბეგი (Haldenbeague), ბეფთან აღა (Beftan-Aga) და ალავერდი ხანი (Oliver di-Can). შერლი შეეცადა შაჰის დარწმუნებას ევროპის ქრისტიან მეფეებთან კავშირისა და მათთან ერთად თურქთა წინააღმდეგ გალაშქრების აუცილებლობაში. ვეზირებმა თავიანთი აზრი გამოთქვეს. ჰალდენ ბეგიმ და ბეფთან აღამ არ მოიწონეს ეს წინადადება. მათ მსჯელობას სათანადო არგუმენტაციაც ახლდა: სერ ანტონი შერლი, როგორც ვაჭარი, არაკომპეტენტურად მსჯელობს პოლიტიკურ საკითხებზე; სპარსეთს უწინაც ხშირად შეხვედრია უსიამოვნება ქრისტიან მეფეებთან კავშირის გამოც და ახლაც საშიშია მათთან კავშირის დაჭერა; მართალია, თურქებთან მეზობლობა არ არის ადვილი, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში სპარსეთს მათთან კონფლიქტი აღარა აქვს; თურქებთან ომი ძალზე ძნელი იქნება, რადგან მათ სპარსეთის საზღვრებთან - თბილისში, ვანსა და თავრიზში ციხე-სიმაგრეები აქვთ გამაგრებული; უმჯობესი იქნება თურქებთან მშვიდობის შენარჩუნება და იმ ტერიტორიების დალაშქვრა, სადაც სპარსელთა რელიგიის მიმდევრებს ავიწროებენ. ამ ვეზირთა შემდეგ სიტყვა წარმოთქვა ალავერდი ხანმა.

ანტონი შერლის წიგნში მისი სიტყვა ვრცლადაა გადმოცემული. ქართველ ორიენტალისტთა მიერ ამ სიტყვაზე აქამდე ყურადღება არ ყოფილა მიქცეული.

სასურველია, ყურადღება მიექცეს ალავერდი ხანის ორატორიის რამდენიმე ასპექტს:
• მონარქის მრჩეველთათვის დამახასიათებელი მაღალი ორატორული ხელოვნება: მეფისადმი ჰიპერბოლურ სახოტბო მიმართვაში ჩართული ბრძნული და ლოგიკური რჩევები. ამასთან ერთად, მსუბუქი სტილით მსჯელობის გარკვეული მიმართულებით წარმართვა.
• პრაქტიკული და ტაქტიკური მიზნებით რელიგიური ტოლერანტობისაკენ მოწოდება.
• პოლიტიკური და მილიტარული მოქმედების მეთოდური და ტაქტიკური რჩევები.
• საერთაშორისო მდგომარეობის შეფასება.
• საკუთარი ქვეყნის (სპარსეთის) ეკონომიკური და გეო–პოლიტიკური მდგომარეობის შეფასება.
• მოსალოდნელი საფრთხეების პროგნოზირება.
• აღმოსავლური სიბრძნე: ზოგადი ბრძნული სენტენციები.

ქვემოთ ვაქვეყნებთ ალავერდი ხანის სიტყვის თარგმანს ინგლისურ ორიგინალთან ერთად. თარგმანი შესრულებულია მარიამ ნოდიას მიერ.


გამოყენებული ლიტერატურა:
1. Sir Antony Sherley, His Relation of His Travels into Persia, London. Printed for Nathaniell Butter, and Ioseph Bagfet. 1613.
2. Babaie, S., Babayan, K., Baghdiantz-McCabe I., Farhad, M., Slaves of the Shah. New Elites of Safavid Iran. I.B. Tauris, London – New York 2004.
3. Khintibidze, E., Rustaveli’s "The Man in the Panther Skin" and European Literature, Bennet and Bloom, London 2011.
4. ხინთიბიძე, ე., ”ახალი მასალები ქართველ მეფეთა ესპანეთში მიმოწერის თაობაზე”, ცისკარი N3, N6, თბილისი 1986.