ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 ექვთიმე ათონელი და შუა საუკუნეების ევროპული ლიტერატურის კვლევის ახალი ეტაპი

დიდი დაგვიანებით, ათასწლოვანი სიჩუმის შემდეგ, ორმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ ევროპული ცივილიზაციის ისტორიის მკვლევართა უშუალო ყურადღება X-XI საუკუნის ნახევრად მივიწყებულ მოღვაწეს მიაპყრო.

პირველი მოვლენა იყო საუკუნოვანი გაუგებრობის დაძლევა რომანის „ვარლაამ და იოასაფი“ წარმომავლობის თაობაზე, ექვთიმე ათონელის ავტორობის საბოლოოდ დადგენით რობერტ ფონ ფოლკის მიერ [1: ვიი-ვიიი, 2: 1-95], ელგუჯა ხინთიბიძის კვლევების [3: 192-291, 4] კვალზე. მეორე მოვლენა იყო შუა საუკუნეების ევროპული ლიტერატურის კვლევის ახალი ეტაპის დაწყება, რომელიც უკვე აღინიშნავარლაამის რომანის გამოცხადებით პირველი ნაბიჯად გრძელ გზაზე ევროპული განმანათლებლობისაკენ [5-7].
ამ მოვლენებს კვლევათა მზარდი ნაკადი მოჰყვა [8-17].

სახელგანთქმული ქართველ-ბერძენი ფილოსოფოსი, მეცნიერი, მწერალი და თეოლოგი ექვთიმე ათონელი სხვადასხვა წყაროებში რეკორდულად მრავალი გვარით მოიხსენება (ექვთიმე მთაწმინდელი, Euthymius the Athos, Euthymius the Athonite, Euthymius the Hagiorite, Euthymius the Georgian, Euthymius the Abazgian...). მისი მემკვიდრეობის აღქმის გაფართოებად პროცესში თავს იჩენს ამ ისტორიული მოღვაწის ცალსახა იდენტიფიკაციის საჭიროება.

გთავაზობთ, უპირატესობა ქართულ საეკლესიო და სახელმწიფობრივ ტრადიციას მივანიჭოთ და საერთო სახელდებისათვის იდენტიფიკაცია – ექვთიმე ათონელი – გამოვიყენოთ. ამგვარად მოიხსენება იგი საეკლესიო კალენდარში, როგორც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. ასეთივეა საქართველოს დედაქალაქის ქუჩის სახელწოდებაც. 

სანამ ზემოხსენებული დაგვიანების კონკრეტულ მიზეზებს დავუბრუნდებით, საჭიროა ყურადღება ერთ ფუნდამენტურ გარემოებას დავუთმოთ.

ათონელის დიდი მემკვიდრეობა, როგორც ქართული, ასევე ბიზანტიური (საერთაშორისო განშტოებებით) მისი ცხოვრების, მოღვაწეობის, შემოემედებისა და გავლენის სფეროების ამსახველ უაღრესად ფართო და აუთენტურ დოკუმენტურ ბაზას ეყრდნობა.

დოკუმენტთა ქართულ ნაწილს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ათონელის კორპუსი შეიძლება ვუწოდოთ. იგი შეიცავს ბერძნულიდან თარგმნილ მრავალ ათეულ ხელნაწერს, როგორც წესი, გადამუშავებულს და ვრცელი ორიგინალური შენიშვნებითა და დამატებებითგამდიდრებულს, მის რამდენიმე ბიოგრაფიას თანამედროვეთა შეფასებებით, მიმოწერას.

ექვთიმეს ნაწარმოებები თეოლოგიურითემატიკის პრაქტიკულად სრულ სპექტრთან ერთად მოიცავს ფილოსოფიას, სამართალს, მეტაფრასტულ და აპოქრიფულ ლიტერატურას [18]. ტიტანური ძალიხმევით, პრაქტიკულად ნულოვანი საწყისიდან, იგი ქმნის შუა საუკუნეების ევროპული საზოგადოებისათვის ფრიად მოწინავე დონის ქართულ ბიბლიოთეკას. დოკუმენტების ბიზანტიური და საერთაშორისო ნაწილი ფორმირებულია ვარლაამის რომანის გარშემო (ასზე მეტი შემონახული ხელნაწერი) და მოიცავს თარგმანებს მრავალ ათეულ ენაზე, ევროპისა და სხვა ერების ლიტერატურულ და ფოლკლორულ ტრადიციებზე ათასწლოვანი მრავალმხრივი გავლენის შედეგებს.

წამყვანი მკვლევარები [1-2, 7, 19] ერთხმადსაუბრობენ რომანის გავლენათა სფეროს უკიდეგანობაზე. ამის ერთ-ერთი დემონსტრაციაა კონსტანცა კორდონის მიერ შესრულებული ვრცელი გამოკვლევა რომანის როლის შესახებ ფრანგული, პროვანსული, ესპანური, პორტუგალური, იტალიური, გერმანული, სკანდინავიური და ბრიტანული ლიტერატურებისა და ფოლკლორების განვითარებაში [9].

ითვალისწინებს რა გავლენათა სფეროების სრული გამოკვლევის არც თუ ახლო პერსპექტივას, სილვია რონჩი აქვეყნებს ვარლაამის რომანის გავლენის მისთვის ცნობილი ადრესატების სიას [20]: „რუდოლფ ფონ ემსი, კატერინა სიენელი, ჯაკობუს დე ვორაგინე, გუი და გამბრაი, ბოკაჩო, შექსპირი, ლოპე დე ვეგა, პედრო კალდერონ დე ლა ბარკა, ალეფ ბორგესი, მარსელ შვობი, ვინსენტ ბევო, ჯაკოპო დე ვარაზე, ბოდლერი, ლევ ტოლსტოი, ჰუგო ფონ ჰოფმანსტალი, ჰერმან ჰესე, შუა საუკუნეების ფრანგული საქალაქო ლიტერატურა, შუა საუკუნეების ფრანგული და გერმანული ეპოსი, XVIII-XIX საუკუნეების ევროპული ლიტერატურა“.

ამგვარად, თუ ჩვენ დოკუმენტთა ქართულ ნაწილს ათონელის კორპუსი ვუწოდეთ, გლობალურ მასშტაბში საქმე შეიძლება „ათონელის გალაქტიკამდეც“ კი მივიდეს.

ახლა მზად ვართ დავსვათ მნიშვნელოვანი კითხვა: როგორ მოხდა, რომ შუა საუკუნეების ევროპის ყველაზე გავლენიანი ლიტერატურული მოვლენა, თანაცამგვარად დოკუმენტირებული, XXI საუკუნემდე ამომწურავი კვლევის მიღმა დარჩა? ამ კითხვაზე ამომწურავ პასუხს იძლევა საპროგრამო სტატია, რომელიც შუა საუკუნეების ლიტერატურის კვლევის ახალ ეტაპს სახავს [5: 8]. ითვალისწინებს რა ადრინდელ კვლევათა ხედვის არეალის სივიწროვეს, ტრანსნაციონალური და საერთო ევროპული პრსპექტივის გაუთვალისწინებლობის ჩათვლით, სტატია წინა პლანზე შუა საუკუნეების ლიტერატურების კვლევის გადაფორმატების ამოცანას აყენებს, “რათა გაიხსნას ნიმუშები, კავშირები და თემები, რომელიც არსებულ ჩარჩოებში გამოუკვეთავი ან სულაც შეუმჩეველი დარჩა”.

ასევე ამომწურავ, ოღონდაც უფრო პირდაპირ პასუხს იძლევა ამავე კითხვაზე სტატია [6], რომელიც XX საუკუნის ბოლოს ბიზანტინისტიკურ კვლევათა მდგომარეობას “სამეციერო და იდეოლოგიურ ჩიხად” აფასებს [6: 62].

მოყვანილი დასკვნები შეგვიძლია ერთი ღირშესანიშნავი ფაქტით შევავსოთ: არც თუ მცირე მოცულობის სტატიაში ვარლაამ და იოასაფი, გამოცემაში Oxford Dიictionary of Byzantium [21] (რომელიც ბიზანტინისტიკის XX საუკუნის მიღწევების შეჯამებაზე აცხადებს პრეტენზიას), ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი ნაწარმოების ლიტერატურულ ღირსებებზე და მის როლზე ევროპულ წინსვლაში!

კვლევათა ახალი ეტაპი გამიზნულია არა მარტო კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოების ფართო ხედვის მიღწევაზე, არამედ თვით კვლევის სფეროს არსებითი შეზღუდვის დაძლევაზეც, მკაცრი ჟანრული შეზღუდვებით, ენის მარგინალობის ან ანონიმურობის გამო. დასმულია აგრეთვე ლიტერატურული ნაწარმოების დაკნინების გამორიცხვისამოცანა რელგიურ ფუნქციასთან ან თარგმნით და კომპილაციურ ასპექტებთან დაკავშირებით, და ა.შ.

სხვათა შორის, რელიგიური დანიშნულება და თარგმნითი ასპექტი ზოგჯერ ვარლაამის რომანისა და მისი ავტორის როლის დაკნინების საბაბიც ხდებოდა. რეალურად მსგავსი ასპექტების მნიშვნელობალიტერატურული ნაწარმოების მხატვრულ დონესთან მიმართებაში უნდა იყოს განიხილული: რაც უფრო მაღალია ნაწარმოების მხატვრული დონე, მით უფრო ნაკლებად არსებითია რელიგიური, თარგმნითი თუ კომპილაციური ასპექტების როლი. რაც შეეხება ლიტერატურულ შედევრს, ასეთი ასპექტების როლი საერთოდ მესამეხარისხოვანია. მართლაც, ხომ არავინ თვლის ჰერმან ჰესეს “სიდხარტას” ბუდას მრავალრიცხვოვანი ბიოგრაფიების თარგმანად და კომპილაციად.
საბოლოოდ კი, ლიტერატურული ნაწარმოების ღირსებები გრძელვადიან ხედვაში უნდა შეფასდეს, შემდგომ ლიტერატურულ პროცესებში მისი როლისა და ისტორიულ განვითარებაზე მისი გავლენის შესაბამისად.

სწორედ ათასწლოვან ტრიუმფალურ სვლას გულისხმობდა სილვია რონჩი, როცა ექვთიმეს რომანი ევროპული განმანათლებლობისაკენ მიმავალ გრძელ გზაზე პირველ ნაბიჯად შეაფასა [7].

სხვათა შორის, ვარლაამის რომანი ერთადერთი ლიტერატურული ნაწარმოებია, რომელიც ზემოხსენებულ საპროგრამო სტატიაში არის ნახსენები.

ფრაგმენტებიდან მთლიანი სურათისაკენ
ვარლაამის რომანის ათასი წლისთავისათვის შექმნილი სიტუაცია საკმარისად სპეციფიურია. ათასწლოვანი ვებერთელა კულტურული შლეიფით შემკულ რომანს უცებ “კანონიერი მფლობელი” უჩნდება, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო დავიწყებული. ციდან ჩამოვარდნილი რეალური ავტორის, თანაც, დამატებით საკუთარი ისტორიული “სხვა საქმეებით”, რომანის როლის კვლევის პროცესში სულყოფილი ჩართვისათვის, რა თქმა უნდა,დროის რაღაც გარდამავალი პერიოდია საჭირო. ამასთან, არც ისაა გამორიცხული, რომ მისი “სხვა საქმეები” ევროპული ცივილიზაციის ისტორიის არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდეს.

ექვთიმეს ცხოვრების გზა შეიძლება უნიკალურ მაგალითად გამოდგეს სამარადისო კამათში პიროვნებისა და შემთხვევითობის როლზე ისტორიაში. თუნდაც სულ თავიდან, როცა გამონაკლისი ნიჭით დაჯილდოებულ ბიჭუნას მოულოდნელად მძევლად აგზავნიან კონსტანტინეპოლში, ერთერთი სათავადოს პირდაპირი მეკვიდრის ნაცვლად, ბიჭუნას მამის მიმართ ელემენტარული ნათესაური ვალის უხეში დარღვევით, მისი ინფორმირების გარეშე. შემდგომში, უკვე ჭაბუკი ექვთიმეს ცხოვრება, რომელმაც ბრწყინვალე ბიზანტიური განათლება მიიღო, ხოლო მშობლიური ენა თითქმის დაივიწყა, ახალ მკვეთრ მოხვევას აკეთებს: იგი ხელახლა ხვდება ქართულ გარემოცვაში, ამჯერად, როგორც ბიძისა და მამის თანამესაქმე ათონის მთაზე ივერიის მონასტრის დაფუძნებისას.

ექვთიმეს მამა და ერთროულად ივერიის მონასტრის წინამძღვარი იონე ათონელი ამგვარად მოძღვრავს მას: „შვილო ჩემო, ქართლისა ქუეყანა დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან და ვხედავ, რომელ ღმერთმა მოუმადლებია შენდა. აწ იღუაწე, რაითა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან“ [22: 43].

თითქოს განგებამ ინება მისია დაეკისრებოდა ტიტანური პოტენციალის პიროვნებას, რომელსაც პრაქტიკულად ნულოვან საწყისიდან შეეძლო მთლიანი ქართული ქრისტიანული ბიბლიოთეკის შექმნა და, ბერძნული წყაროების საფუძვლიანი გადამუშავების გზით, მისი თავისი შორეული სამშობლოს უპრეცენდენტო პროგრესის ინსტრუმენტად გადაქცევა.

თანამედროვე ისტორიკოსებს საშუალება აქვთ ამომწურავად შეისწავლონ ამ მიმართებით იმ ეპოქის უმდიდრესი მრავალფეროვანი მემკვიდრეობა. რაც შეეხება მიმდინარე სიტუაციას, ჩვენ მხოლოდ საბაზო ფაქტებს უნდა დავეყრდნოთ.

ჩვენ ყველა საფუძველი გავაჩნია ჩავთვალოთ, რომ ბერძნული ორიგინალების მიმართ გაკეთებული მნიშვნელოვანი ცვლილებები, შეკვეცები და დამატებები ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალური გზის დასახვას ემსახურებოდა.ჩვენ ასევე ვიცითიმ არსებითი პროგრესის შესახებ, რომელსაც საქართველომ XI-XII საუკუნეებში მიაღწია [23].

ვეთანხმებით რა ენციკლობედიას “ბრიტანიკა” ათონელის მიერ “საქართველოს განათლებისა და ლინერატურის ოქროს ხანის გენერირების” შესახებ, ჩვენ ყველა საფუძველი გაგვაჩნია ეს დასკვნა XI-XII საუკუნეების “ქართული სასწაულის” ყველა ასპექტზე გავავრცელოთ. აქ ჩვენ განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ქართული მართმადიდებელი ეკლესიის როლი, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოში ნებისმიერი რეფორმის მთავარი არქიტექტორი იყო. რა თქმა უნდა, ათონელის პროექტიც ამ საერთო სქემას ეთანადებოდა, მით უმეტეს, რომ რელიგიური ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებსაც ეხებოდა.

მაგალითად აქ ჩვენ შეიძლება მოვიყვანოთ წიგნი “წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის)” [24], რომელიც ქრისტიანული საზოგადოებრივი აზროვნების ერთერთ საფუძველს წარმოადგენდა. ათონელმა არამარტო დიდი ცვლილებები განახორციელა ბერძნული ორიგინალების მიმართ, არამედ წიგნს ვრცელი ორიგინალური ტექსტებიც დაამატა [24: 142].

შემდგომში ბიზანტიის ეკლესიამ შეტანილი ცვლილებები მიუღებლად ჩათვალა: მათი დაჟინებული მოთხოვნით წიგნი ხელახლა ითარგმნა, თანაც ორჯერ [24: 14]. სერიოზულ პოზიციას ავლენდა საქართველოს ეკლესიაც: ათონელის “წინამძღუარის” ხელნაწერების გადაწერა XVIII საუკუნემდე, ანუ პრაქტიკულად პირველადი ავტოკეფალური ფორმით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობის ბოლომდე გრძელდებოდა [24: 27].

როგორც ჩანს, საქართველოს ეკლესია ახალ თარგმანებს პირდაპირ წინააღმდეგობას არ უწევდა (თარგმანები ეკლესიის გამოჩნილმა წარმომადგენლებმა შეასრულეს), ხოლო ფაქტიურად ბოლომდე ათონელის პოზიციაზე იდგა.

შეტანილი ცლილებების საერთო წონის სრული შეფასება მომავლის საქმეა. შეიძლება თუ არასაუბარი ქართული მათლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული მოდელის შექმნაზე იყოს? ასეთიკითხვა ღია რჩება.

საბოლოოდ, ათონელის ინოვაციურ ძალისხმევათა ყველაზე მნიშვნელოვანი საზომი მისი პროექტის ფინალური შედეგია: ქვეყნის ყოველმხრივი წინცვლა XI-XII საუკუნეებში. სწორედ განათლებისა და ლიტერატურის სფეროებისა და საეკლესიო ცხოვრების მიზანმიმართული განახლება და აქედან გამომდინარე პროგრესი ეკონომიკურ საქმიანობაში, სამხედრო ძლიერებაში და ქვეყნის მართვაში გახდა დიდი გარღვევის წინაპირობა.

ექვთიმეს მეოხებამ თანამედროვეთა უპრეცენდენტოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა. იგიერის განმანათლებელად და ახალი ლიტერატურული ენის შემქმნელად აღიარეს [25: 108, 333] .

გაამდიდრა რა თავისი ქვეყანა ცივილიზებული სამყაროს მიღწევებით, ათონელმა მიზნად ღირსეული უკუგების განხორციელება დაისახა. მან გააგრძელა ბუდიზმის სათავეებიდან ქრისტიანული დასავლეთისკენ მიმართული იმ დიდი ხიდის მშენებლობა, რაც ბუდას პირველი ქრისტიანული ბიოგრაფიის “ბალავარიანის” შექმნითა და იოდასაფის კანონიზაციით დაიწყო.

შექმნა რა “ბალავარიანისა” და რიგი სხვა წყაროს ბაზაზე დიდი ბერძნული რომანი “ვარლაამი და იოასაფი”, მან მოახერხა ბიზანტიის იმპერიისა და მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვანი ინტერესების განმტკიცების ამოცანა საერთო ევროპული ცივილიზაციური იმპულსის შექმნის იდეასთან შეეხამებინა. ამ გზით მან შეძლო ისეთი უკუგების გახორციელება, რომლის ათასწლოვანი ეხოც ამჟამად მსოფლიოს მოედო.

ევრაზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოსათვის სხვადასხვა კულტურათა ურთიერთგამდიდრებაზე ორიენტაცია ისტორიულად იყო დამახასიათებელი. ათონელმა ეს ორიენტაცია ჯერ თავისი ქვეყნის სწრაფი და ყოველმხრივი პროგრესის ინსტრუმენტად აქცია, შემდგომ კი ევროპული მასშტაბის ცივილიზაციური ძვრების ინიცირებაზე მიმართა.

შემთხვევითი არ არის, რომ ქართული პოეზიის მწვერვალის და ათონელის ეპოქის გვირგვინის, შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანის” გმირები სხვადასხვა ერის შვილები არიან, ფინალში კი მსოფლიოს მთავარი ეთნოსების, ინდოელების (ინდოევროპიელები), არაბების (სემიტები) და ჩინელების (ხანები) გაერთიანებული არმია მსოფლიო ბოროტების ძალებს ამარცხებს.

ათონელის ისტორიული მისია სრულად მის ცივილიზაციურ ძალისხმევათა ერთობლივი წარმოდგენისას ვლინდება, კულტურების, ერებისა და რელიგიათა დაახლოებისა და ურთიერთგადიდრების ათასწლოვანი პროცესების ჩარჩოებში.

დასკვნითი შენიშვნები

• ათონელის ეპოქის ათასწლეული რიგი მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა, რასაც მისი დიდი მეკვიდრეობის მიმართ ინტერესის ზრდის ტალღა მოჰყვა. ამ მოვლენათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია რომანის “ვარლაამი და იოასაფი” ავტორის საბოლოო დადგენა, რამაც, თუმცა დიდი დაგვიანებით, მისი მოღვაწეობის დიადი მოზაიკის გამთლიანების წინაპირობა შექმნა.
• მეორე მნიშვნელოვანი მოვლენაა შუა საუკუნეების ევროპული ლიტერატურის კვლევის ახალი ეტაპის დაწყება, რომელიც გასული საუკუნის ფუნდამენტური ხარვეზების გადალახვაზე არის გამიზნული. ეს დასაწყისი უკვე აღინიშნა ვარლაამის რომანის შეფასებით პირველ ნაბიჯად დიდ გზაზე ევროპული განმანათლებლობისაკენ. შემდგომში, ეჭვი არაა, კვლევათა გაფართოებადი ნაკადი ბოლოს დაუდებს ავტორის პიროვნებისა და მის სხვა საქმეთა გათვალისწინების გარეშე რომანის როლის კვლევის ადრინდელ პრაქტიკას.
• ექვთიმე ათონელის ისტორიული ფიგურის რეალური განზომილება ყველაზე სრულად კულტურების, ერებისა და რელიგიათა დაახლოებისა და ურთიერთგადიდრების ათასწლოვანი პროცესების ჩარჩოებში მის ცივილიზაციურ ძალისხმევათა ერთობლივი წარმოდგენისას ვლინდება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ექვთიმეს მზარდი რეიტინგი გაზრდის მკვლევართა ინტერესს ამ პროცესებში ქართული კულტურის როლისა და XI-XII საუკუნის “ქართული სასწაულის”, როგორც ევროპული ცივილიზაციის ისტორიის ღირშესანიშნავი ნაწილის მიმართ.
• ათასწლოვანი სიჩუმის შემდგომ საერთაშორისო არენაზე ექვთიმე ათონელის მეორედ მოსვლა მას მესამე ათასწლეულის გლობალურ მოვლენათა აქტიურ მონაწილედ აქცევს. განსაკუთრებით ეს ეხება მის სამშობლოს – საქართველოს, რომლისთვისაც იგი თითქოსდა ახალი დიდი ათასწლოვანი ციკლის დაძვრაში დახმარებისათვის გაისარჯა, გასაგრძელებლად წინა დიდი ციკლისა, რომელსაც X საუკუნეში ჩაუყარა საფუძველი.

 

ბიბლიოგრაფია
1. Volk R. (2006) Historiaanimaeutilis de Barlaametloasaph (spuria), Die Schriften des Johannes von Damaskos 6/2: PatristischeTexte und Studien, 60. Berlin: Walter de Gruyter, xiv, 512 p.
2. Volk R.(2009) Historiaanimaeutilis de Barlaametloasaph (spuria), Die Schriften des Johannes von Damaskos 6/1. Text und zehn Appendices. PatristischeTexte und Studien, 61. Berlin: Walter de Gruyter, xIii, 596 p.
3. Khintibidze,E. (1989) Georgian- Byzantine Literary Contacts, Amsterdam, Adolf M. Hakkert – Publisher, 344 p.
4. Khintibidze,E. (2003) Matsne of the Academy of Sciences of Georgia, ser. Language and Literature, Tbilisi: pp. 52-78 (in Georgian).
5. Borsa, P., Høgel, C., Mortensen, L.B., Tyler, E. (2015) What is Medieval European Literature? Interfaces: A Journal of Medieval European Litereatures, V. 1, pp. 7-24.
6. Agapitos, P.A. (2015) Contesting Conceptual Boundaries: Byzantine Literature and Its History, Interfaces: A Journal of Medieval European Litereatures, V. 1, pp. 62-91.
7. Ronchey,S.(2012) Quando Buddha Era un Santo Cristiano, La StoriaBizantina di Ioasaf, Bestseller del MedioevocheAnticipailSiddharta di Hesse e Avvia la Lunga Marcia Dell’Illuminatoin Occidente, La Stampa, 13.11.2012, 1 p.http://www.lastampa.it/2012/11/13/cultura/quando-buddha-era-un-santo-cristiano-1ehLuOmIdGSl9lz4csj8LI/pagina.html
8. Tagliatesta, F. (2009), Les Representations Iconographiques du Ive Apologue de la Legende de BarlaametJosaphatDans le Moyen Age Italien, Arts Asiatiques, V. 64, pp. 3-26.
9. Cordoni C. (2010) Barlaam und Josaphat in der EuropäischenLiteratur des Mittelalters, Dissertation, University of Vienna, 2010, 545 p.
10. Ribas, A.A. (2013), A Construccao da Lenda de Barlaao e Josafa: Um Estudo do Processo de ElaboracaoHagiograficaemBizancio (Seculos X-XI), Dissertation, Federal University of Parana, 2013, 111 p.
11. Lopez, D., McCracken, P. (2014), In Search of the Christian Buddha: How an Asian Sage Became a Medieval Saint, NY: W.W. Norton & Company, 272 p.
12. Foehr-Janssens, Y., Uhlig, M, Edtors (2014), D’Orient en Occident: Les recueils de fables enchâssées avant les Mille et une Nuits de Galland (Barlaam et Josaphat, Calila et Dimna, Disciplina clericalis, Roman des Sept Sages), Turnhout: Brepols Publishers, XI, 496 p.
13. Khintibdze, E (2015), The Greatest Novelty in Midieval Studies and Georgian Philology Barlaam and Ioasaph – Georgian Mind in European Civilization), Int. Congress I, Problems and Prospects of Kartvelology, Tbilisi 2015, pp. 105-112.
14. Meyer, M., Cordoni, C., Hable, N., Editors (2015), Barlaam und Josaphat, Neue Perspektiven auf ein Europäisches Phänomen, Berlin; Boston: De Gruyter, xiii, 587 p.
15. Shekriladze I.G. (2015) Bull. Georg. Acad. Sci., 9, 2: 140-149.
16. Shekriladze I.G. (2015) Bull. Georg. Acad. Sci., 9, 3: 168-176.
17. Shekriladze I.G. (2015) Macne. Georg. Acad. Sci., 2: 178-201 (in Georgan).
18. Kekelidze,K. (1980) In: History of the Ancient Georgian Literature, V.1: pp. 184-213 (in Georgian).
19. Ikegami, K.(1999) Barlaam and Josaphat: a Transcription of MS Egerton 876 with Notes, Glossary and Comparative Study of the Middle English and Japanese Versions, New York: AMS Press, xvi, 243 p.
20. Ronchey S.(2015) The Byzantine life of the Buddha, Faith and Freedom, A Symposium on Pluralism, Blasphemy, Tolerance, Venice-Delhi Seminars, Seminar # 667, New Delhi, March, http://indiaseminar.com/2015/667/667_silvia_ronchey.htm
21. Barlaam and Josaphat (2005) In: The Oxford Dictionary of Byzantium, ed. A.P. Kazhdan. Oxford University Press, Oxford. http://www.oxfordreference.com/view/10.1093/acref/9780195046526.001.0001/acref-9780195046526
22. Mtatsmindeli, G. (1946) The Life of St. John and St. Euthymius, Tbilisi, 185 p. (in Georgian).
23. Lortkipanidze, M., Muskhelishvili, D., Metreveli, R. (2012) History of Georgia, 2, Tbilisi, Palitra L Press, 464 p. (in Georgian).
24. The Athonite, E. (2007) The Odegos (On the Faith), introduction, scientific commentary and summary by Nana Chikvatia, Tbilisi: Artanuji Press, 362 p. (in Georgian).
25. Abuladze I.(Ed.) (1968), The Monuments of Old Georgian hagiographic literature, V. 4, Tbilisi, 445 p. (in Georgian).