ქართველოლოგი

”ქართველოლოგი” ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია. მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნერკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში.


ჟურნალი ”ქართველოლოგი” წელიწადში ორჯერ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN 1-15). გამომცემელია ”ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი” (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი - ”ქართველოლოგიური სკოლის ფონდი.” 2011-2013 წლებში ჟურნალი ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.





 

ვეფხისტყაოსნის ერთი საუკეთესო ქვეთავია ნესტანის წერილი საყვარლისადმი ქაჯეთის ციხიდან მოწერილი. სასოწარკვეთილი ქალი ამგვარად იწყებს წერილს:

„ჰე ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები,
ტანი კალმად მაქვს, კალამი - ნავღელსა ამონაწები“. (1292)

ნაღველში ჩანაწები კალმით სატრფოსადმი მიწერილი წერილი იშვიათი მხატვრული სახეა, როგორც ვეფხისტყაოსანში, ასევე საზოგადოდ ძველ ქართულ ლიტერატურაში. ეს მხატვრული სახე ვეფხისტყაოსნისეული სპეციფიკით გვხვდება შექსპირის ციმბელინში.

ვეფხისტყაოსნისეული ნესტანისა და ტარიელის ამბავი სიუჟეტური წყარო გახდა ინგლისის სამეფო თეატრალური დასის დრამატურგებისა XVII საუკუნის პირველ ათეულში, რასაც ადასტურებს არა მხოლოდ ინგლისური პიესების მინიშნებები საქართველოსა და ვეფხისტყაოსანზე, არამედ უხვი და ზუსტი სიუჟეტური პარალელები. კერძოდ, ფრანსის ბომონტისა და ჯონ ფლეტჩერის პიესები ფილასტერი და მეფე და არა მეფე აგებულია ნესტანისა და ტარიელის თავგადასავლის სხვა გარემოში და სხვა პერსონაჟებზე გადააზრებულ სიუჟეტზე; შექსპირის ციმბელინის თემა, იდეა და კომპოზიცია წარმოაჩენს ზუსტ მიმართებას იმავე სიუჟეტურ წყაროსთან; ხოლო დიდი დრამატურგის შემოქმედების ბოლო პერიოდის პიესებში (პერიკლე, ზამთრის ზღაპარი, ქარიშხალი) უხვად ჩანს რემინისცენციები ვეფხისტყაოსნის სიუჟეტური დეტალებისა.

შექსპირის ციმბელინში შეინიშნება პარალელები ვეფხისტყაოსნისეულ იურისპრუდენციულ ტერმინოლოგიის და სასწაულების იშვიათ სახეობებთან და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ვეფხისტყაოსნის სპეციფიკურ მხატვრულ სახეებთან.

შექსპირის ციმბელინის პროტაგონისტი ვაჟი თავის სატრფოს მეფის ერთადერთ მემკვიდრე ქალს განშორებისას სთხოვს წერილები მოსწეროს და თუნდაც ნაღველის მელნით იყოს ნაწერი, იგი მას თვალებით შესვამს. სიტყვა-სიტყვით: „ჩემი თვალებით შევსვამ სიტყვებს, რომლებსაც შენ გამომიგზავნი, თუნდაც მელანი ნაღველით ნაკეთები იყოს“ („And with mine eyes I’ll drink the words you send, though ink be made of gall” – Cymbeline, I.1. 100-1)

ინგლისური სიტყვის - gall (ნაღველი) უმთავრესი მნიშვნელობაა როგორც ნაღველი (სითხე ან ნაღვლის ბუშტი), ასევე მისი დამახასიათებელი ნიშანი - სიმწარე. განასხვავებენ ცხოველურ ნაღველს და მცენარეულ ნაღველს (ხის ქერქის გადაგვარებულ წამონაზარდში ჩამდგარ სითხეს). ზოგჯერ gall-ს უწოდებდნენ მუხის ქერქისგან დამზადებულ სითხეს, რომელსაც ტიპოგრაფიაში მელნად იყენებდნენ.

მხატვრული სახე - „ნაღვლის მელანი“ შექსპირის შემოქმედების ადრინდელი პერიოდების პიესებსა და სონეტებში არ დასტურდება. ამგვარი დასკვნა ემყარება არა მხოლოდ ჩვენს (ჩემი და ჩემი კოლეგების) დაკვირვებას, არამედ იმას, რომ ციმბელინის კომენტორები შექსპირის მემკვიდრეობაში ამ პასაჟის პარალელზე არ მიუთითებენ. ეს გარემოება განსაკუთრებით კატეგორიული იმიტომაა, რომ პიესის გამომცემლები ამ პასაჟის „ნაღველს“ (gall), განმარტავენ, უკვირდებიან სხვადასხვა თვალსაზრისით. ჰოვარდ ფურნესის ცნობილ გამოცემაში („ფილადელფია“ 1913), ძველ კომენტატორებზე დაყრდნობით, განმარტებულია, რომ შექსპირი ამ შემთხვევაში არ განასხვავებს (ანუ ათანაბრებს) ცხოველურ და მცენარეულ ნაღველს (ეს უკანსაკნელი უფრო მეტი სიმწარით გამოირჩევა). ჯონ პიჩერის 2005 წლის პუბლიკაციაში („Penguin Books”) შექსპირისეული ნაღველის მელანი განმარტებულია მწარე მელნად. როჯერ ვარენის გამოცემა (ოქსფორდი, 1998) მუხის მწარე სითხეზე (gall) მიუთითებს და შენიშნავს, რომ გავრცელებული ფრაზაა და იმოწმებს 1611 წლის ტექსტიდან ფრაზას ნაღველით თრობაზე მითითებით. ეს თარიღი შექსპირის მიერ ამ მხატ¬ვრული სახის გააქტიურების შემდგომ პერიოდზე მიანიშნებს.

შექსპირიც ხშირად ახსენებს ნაღველს (gall) უპირატესად სიმწარის მნიშვნელობით. მაგრამ ნაღველი მელანთან კავშირში შექსპირის პიესებში ქრონოლოგიურად პირველად გვხვდება მეთორმეტე ღამეში (3.2): „Let there be gall enough in the ink” („დაე, იყოს საკმარისი ნაღველი მელანში“).

მიჩნეულია, რომ მეთორმეტე ღამე დაწერილია არა უადრეს 1600-1601 წლებისა. ეს კი სწორედ ის დროა, როცა, ჩემი ვარაუდით, ვეფხისტყაოსნისეული ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის ამბავი ინგლისის ინტელექტუალურ წრეებში უნდა შესულიყო. (XVI საუკუნის დასასრულს ინგლისელ მოგზაურთა დიდი დელეგაცია ცნობილი დიპლომატის ანტონი შერლის მეთაურობით სპარსეთის შაჰის კარზე დიდხანს ჩერდება. ანტონი შერლის, რომელსაც მჭიდრო ნათესაური და საქმიანი ურთიერთობა აქვს სამეფო კარის თეატრალურ დასთან დაახლოვებულ ინგლისელ გრაფებთან, შაჰის კარზე მასპინძლობას და დახმარებას უწევს შაჰის მთავარი მრჩეველი და დიდი ბეგლარბეგი, ეროვნებით ქართველი და ქართულ სამყაროსთან მჭიდროდ დაკავშირებული, მწიგნობრობის მფარველი და თავად მწიგნობარი, ალავერდი ხანი უნდილაძე. ჩემი აზრით, მათი ურთიერთობით ხდება ვეფხისტყაოსნის სიუჟეტის გადატანა ინგლისში). დადასტურებულია, რომ შერლის ექსპედიციის ამბებს შექსპირი იცნობს და იმოწმებს XVII საუკუნის დასაწყისში, ამ ექსპედიციის მონაწილეთა ინგლისში გაგზავნილი ინფორმაციიდან. ოტელოს ფინალურ სცენაში თვითმკვლელობის წინ ვენეციელი მავრი იხსენებს ალეპოში ვინმე ოსმალოს მიერ ვენეციელის ცემისა და მისი ქვეყნის (ვენეციის) ლანძღვის შემთხვევას. გამოვლენილია, რომ ცნობა ამ ფაქტზე იკითხება ანტონი შერლის ერთი თანმხლების ჯონ მანვარინგის ანგარიშში, რომელიც ლონდონის საზოგადოებისათვის XVII საუკუნის დასაწყისში იყო ცნობილი. უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სწორედ შექსპირის მეთორმეტე ღამეშია ნახსენები შაჰის მიერ დანიშნული პენსია (II, 5), რომელიც უშუალოდ იმ გასამრჯელოზე მიგვანიშნებს, შაჰ აბასმა თავის ელჩად ევროპაში განწესებულ ანტონი შერლის რომ დაუნიშნა.

ამგვარად, სავარაუდოა, რომ ვეფხისტყაოსნისეული ნესტანისა და ტარიელის თავგადასავალი, რომლის მიხედვითაცაა შექმნილი ბომონტისა და ფლეტჩერის მეფე და არა მეფე და ფილასტერი XVII საუკუნის პირველი ათეულის ბოლოს და რომელიც უმთავრესი სიუჟეტური წყაროა შექსპირის ციმბელინის, ინგლისურ დრამატურგთა წრისათვის, კერძოდ შექსპირისათვის ამ საუკუნის დასაწყისიდანვე უნდა იყოს ცნობილი.

ამჯერად იმაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ეს მხატვრული სახე - უცხოეთში გადახვეწილი სატრფოსადმი შეყვარებული ქალის მწუხარების და სევდის გამოხატვა წერილით, რომელიც მეტაფორულად ნაღველის მელნით დაწერილადაა სახელდებული, ზუსტი აზრობრივი ნიუანსებითაა გადატანილი შექსპირის ციმბელინში: შეყვარებული ქალის წერილი, უცხოეთში გადახვეწილი სატრფოსადმი მიწერილი, ნაღველში ამოწებული კალმით//ნაღველის მელნით.

როგორც ჩანს, შექსპირი ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის ამბავს მხოლოდ სიუჟეტური მონახაზით არ იცნობს. ციმბელინში ჩანს ვეფხისტყაოსნის ამ ძირითადი ამბის მხატვრული არსისა და სახეობრივი სისტემის შემოქმედებითი აღქმა. რაც დასტურდება, არა მხოლოდ სპეციფიკური იურისპრუდენციული ცნებების და სასწაულების სახეობების დამოწმებით, არამედ ვეფხისტყაოსნიდან ციმბელინში სპეციფიკური მხატვრული სახეების ტრანსფორმირებით.